ახალი ამბები

ეკა ბესელია ახალ პოლიტიკურ პლატფორმას აანონსებს

22 თებერვალი, 2019 • 1279
ეკა ბესელია ახალ პოლიტიკურ პლატფორმას აანონსებს

დღეს, 22 თებერვალს ეკა ბესელიამ საპარლამენტო უმრავლესობა და “ქართული ოცნება” დატოვა. ამის შესახებ მან განცხადება ცოტა ხნის წინ გააკეთა. ჟურნალისტების კითხვებზე პასუხისას კი დასძინა, რომ რჩება დამოუკიდებელ დეპუტატად და დაელოდება მისი კოლეგების შემდგომ გადაწყვეტილებებს.

“ამ გადაწყვეტილების შემდეგ მე ვრჩები პარლამენტში, როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი, დაველოდები, როგორი იქნება ჩემი კოლეგების შემდეგი გადაწყვეტილება, რომელთაც აქვთ პროტესტი იმ ყველაფრის მიმართ, რაც საკანონმდებლო ორგანოში და მმართველი პარტიის შიგნით ხდება. დაველოდები იმ გადაწყვეტილებებს, რომელსაც ისინი უახლოეს დღეებში მიიღებენ.

ამის შემდეგ ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს იმისთვის, რომ შევქმნათ ჩვენი პოლიტიკური პლატფორმა იმ ბრძოლისთვის და იდეალებისთვის, რისთვისაც ვიბრძვით და ეს იქნება უახლოეს მომავალში. ამის შემდეგ ჩვენ გავალთ ხალხთან და დავიწყებთ ახალ პროცესს. ამაზე უფრო დეტალურად არ ვისაუბრებ.

ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს და გამოვიყენებთ ყველა პოლიტიკურ, კონსტიტუციურ და სამართლებრივ  ინსტრუმენტს ამ მიზნების მისაღწევად,” – ამბობს ეკა ბესელია.

მისივე თქმით, მის კოლეგებსა და თავად მას დეპუტატების მანდატები აქვთ, რაც ნიშნავს, რომ მათ ხალხის სახელით შეუძლიათ საუბარი. ბესელია ამბობს, რომ უახლოეს მომავალში, საზოგადოების სხვადასხვა ფენების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, “ბრძოლას გარკვეულ, ორგანიზებულ ფორმას” მისცემენ.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი