ახალი ამბები

ბოლო წლებში საქართველოში პროგრესი შეჩერდა — Freedom House

21 თებერვალი, 2019 • 1796
ბოლო წლებში საქართველოში პროგრესი შეჩერდა — Freedom House

ამერიკულმა არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House-მა გამოაქვეყნა სრული ანგარიში საქართველოს შესახებ, რომლის თანახმადაც, 2019 წელს მათი კლასიფიკაციით საქართველოს რეიტინგი ერთი მაჩვენებლით შემცირდა და ქვეყანამ შესაძლებელი 100-დან 63 ქულა დააგროვა. საქართველოს ყველაზე უარესი შედეგი კანონის უზენაესობისა და სასამართლოს ნაწილში აქვს — მაქსიმუმალური ქულის ნახევარი.

ძირითადი შეფასებები

რეიტინგი თებერვლის დასაწყისში გამოქვეყნდა, სრული ანგარიში კი ცოტა ხნის წინ გახდა ხელმისაწვდომი. ანგარიშის შესავალში წერია, რომ სააქართველო “რეგულარულად ატარებს კონკურენტუნარიან არჩევნებს და მისმა დემოკრატიულმა ტრაექტორიამ 2012-13 წლებში მთავრობის ცვლილებების დროს გაუმჯობესების ნიშნები აჩვენა”. თუმცა, მათივე შეფასებით, “ბოლო წლებში პროგრესი შეჩერდა, ოლიგარქებს განსაკუთრებულად დიდი გავლენება აქვთ პოლიტიკის შემუშავებასა და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე, და პოლიტიკური ინტერესების გამო კანონი უზენაესობა ჩიხშია შესული”.

ძირითად მოვლენებად შეფასებულია პრემიერის პოსტზე გიორგი კვირიკაშვილის შეცვლა მამუკა ბახტაძით; მაისში “ბასიანისა” და ივნისში ხორავას მკვლელობის ირგვლივ გამართული აქციები და საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც “ძირითადად მშვიდობიან გარემოში გაიმართა, თუმცა თან სდევდა ამომრჩევლთა მოსყიდვის, დაშინებისა და საარჩევნო ყუთში ზედმეტი ბიულეტენების ჩაყრის ბრალდებები”.

“ფრიდომ ჰაუსის” ზოგადი მეთოდოლოგია ასეთია: ქვეყნებს აფასებენ პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებებისა და თავისუფლებების მიხედვით. პოლიტიკურ უფლებების მაქსიმუმია 40, სამოქალაქოსი — 60 ქულა. შემდეგ ეგ ქვეთავები კიდევ უფრო მეტად დეტალიზებულია. ასე, მაგალითად:

პოლიტიკური უფლებები

პოლიტიკურ უფლებებში საქართველოს შესაძლო 40 ქულიდან 25 აქვს მიღებული. ამ 40-დან საარჩევნო პროცესს 12 ქულა უკავია, საიდანაც საქართველოს 8 ქულა აქვს. ამ 12 ქულას Freedom House ანაწილებს სამი 4-ქულიანი პარამეტრის მიხედვით. უფრო ზუსტად, სვამს სამ კითხვას:

  1. აირჩიეს თუ არა მთავრობის ხელმძღვანელი ან სხვა მთავარი თანამდებობის პირი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შედეგად? (2 ქულა)
  2. აირჩიეს თუ არა ხელისუფლების წარმომადგენლები თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შედეგად? (3 ქულა)
  3. არის თუ არა საარჩევნო კანონმდებლობა და საკანონმდებლო ჩარჩო სამართლიანი, და არის თუ არა ის იმპლემენტირებული შესაბამისი ორგანოების მიერ (3 ქულა)

ყველა ასეთი კითხვის მაქსიმუმი 4 ქულაა. ამ საკითხების განხილვისას “ფრიდომ ჰაუსს”, სხვა საკითხებთან ერთად, ნახსენები აქვს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის გადავადება 2024 წლამდე. პირველ, მმართველი პირის არჩევის შესახებ დასმულ კითხვაზე შარშან საქართველოს 3 ქულა ჰქონდა, წელს კი -ორი. ამის მიზეზად Freedom House ასახელებს ზურაბიშვილის არჩევის გარშემო განვითარებულ მოვლენებს, მათ შორის, ბრალდებებს ამომჩევლის მოსყიდვის შესახებ.

[წაიკითხეთ ნეტგაზეთზე: ყველა ოცნების წინააღმდეგ — პროპორციული სისტემისთვის]

საარჩევნო პროცესის შეფასების შემდეგ მოდის პოლიტიკური პლურალიზმი და თანამონაწილეობა 16-ქულიანი კრიტერიუმით. აქ საქართველოს 10 ქულა აქვს. ამ ნაწილში შედის მოსახლეობის სხვადასხვა სეგმენტის, მათ შორის ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებისა და ლგბტ ადამიანების შესაძლებლობა, გამოიყენონ თავიანთი პოლიტიკური უფლებები და საარჩევნო შესაძლებლობი. ამ ნაწილში საქართველოს 4-დან 2 ქულა აქვს.

მთავრობის ფუნქციონირებაში საქართველოს შესაძლო 12 ქულიდან  7 ქულა აქვს.

სამოქალაქო უფლებები

სამოქალაქო უფლებები და თავისუფლებები 60 ქულით ფასდება. ჯამში, საქართველოს 38 ქულა აქვს.

16 ქულა ეთმობა გამოხატვისა და რწმენის თავისუფლებას, სადაც საქართველოს 10 ქულა აქვს მიღებული.

კითხვაზე, არსებობს თუ არა თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია, საქართველოს შესაძლო 4-დან 2 ქულა აქვს მიღებული. ნახსენებია რუსთავი2-ის საქმე, ასევე, ცვლილებები საზოგადოებრივ მაუწყებელში.

“აქვთ თუ არა ადამიანებს შესაძლებლობა, თავისუფლად გამოხატონ თავიანთი რელიგიური რწმენა ან ურწმენობა საჯაროდ ან პირად სივრცეში”? — საქართველოს ამ კრიტერიუმშიც 4-დან 2 ქულა აქვს.

აკადემიური თავისუფლების ნაწილში, კითხვაზე, არის თუ არა საგანმანათლებლო სისტემა აქტიური პოლიტიკური ინდოქტრინიზაციისგან, საქართველოს 3 ქულა აქვს. წინა წელს ქვეყანას 4 ქულა ჰქონდა. ქულის შემცირების მიზეზია “ზეწოლა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ფეტულა გიულენთან აფილირებულ სხვა საგანმანათლებლო ორგანიზაციებზე”.

4-დან სამი ქულა აქვს ასევე კითხვას, რომელიც ეხება პირადი პოლიტიკური თუ სხვა სახის შეხედულებების გამოხატვას ფარული მიყურადებისა და შურისძიების შიშის გარეშე.

“საორგანიზაციო უფლებებში” შესაძლო 12-დან ქვეყანას მინიჭებული აქვს 8 ქულა. შეკრების თავისუფლების ნაწილში ქვეყანას მინიჭებული აქვს 3 ქულა. ნახსენებია 2017 წელს ბათუმში განვითარებული მოვლენები, რომლის განვითარების ბოლოშიც სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს; ასევე წერია, რომ 2018 წელს საპროტესტო აქციები უფრო მშვიდობიანად მიმდინარეობდა;

კრიტერიუმით, რომლითაც ფასდება არასამთავრობო ორგანიზაციების თავისუფლება, საქართველოს 4-დან 3 ქულა აქვს. აღნიშნულია, რომ სამოქალაქო საზოგადოების სექტორი ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა, თუმცა წერია, რომ ის დედაქალაქშია კონცენტრირებული. ასევე, ნახსენებია ხელისუფალთა “აგრესიული საჯარო განცხადებები, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აქტივისტების დისკრედიტაციისკენ იყო მიმართული, მათ შორის საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს ხელმძღვანელის, ეკა გიგაურის წინააღმდეგ.

პროფკავშირებისა და შრომის სფეროში მომუშავე ორგანიზაციების თავისუფლების კატეგორიაში საქართველოს 4-დან 2 ქულა უწერია;

კანონის უზენაესობა და სასამართლო

პოლიტიკური უფლებების ერთ-ერთი ნაწილია კანონის უზენაესობა, სადაც საქართველოს მაქსიმალური 16 ქულიდან 8 ქულა აქვს მინიჭებული. სწორედ ამ ნაწილში აქვს ქვეყანას ყველაზე უარესი მაჩვენებელი — მაქსიმალურის ნახევარი. კრიტერიუმები შემდეგია:

  • დამოუკიდებელი სასამართლო — 2 ქულა 4-დან
  • სამართლებრივი პროცედურების დაცვა სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებში — 2 ქულა 4-დან
  • ომისა და ამბოხებისგან თავისუფლება და ფიზიკური ძალის არალეგიტიმური გამოყენებისგან თავდაცვა — 4-დან 2 ქულა
  • არის თუ არა კანონები, პოლიტიკა და პრაქტიკა იმის გარანტი, რომ მოსახლეობის სხვადასხვა სეგმენტს თანასწორად მოეპყრობიან? 4-დან 2 ქულა

ბოლ ნაწილია პირადი უფლებები, სადაც შესაძლო 16-დან საქართველოს 12 ქულა აქვს. ამ კრიტერიუმის პირველ ქვეკრიტერიუმში საქართველოს ერთი ქულა აქვს მომატებული და მაქსიმალური 4 ქულა უწერია. ეს ქვეკრიტერიუმი ეხება გადაადგილებისა და საცხოვრებლის შეცვლის თავისუფლებას; თუმცა კვლავ ნახსენებია ოკუპირებული ტერიტორიები, რომლის კონტექსტშიც ეს უფლება შეზღუდულია.

აქვთ თუ არა ადამიანებს თანაბარი შესაძლებლობები და არიან თუ არა დაცული ეკონომიკური ექსპლუატაციისაგან? – ამ ქვეკრიტერიუმში საქართველოს შესაძლო 4-დან 2 ქულა აქვს მინიჭებული. ნახსენებია სახალხო დამცველის 2017 წლის დასკვნა, სადაც სამუშაო ადგილას დაზიანება და სიკვდილი “სისტემურ პრობლემადაა” შეფასებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი