ახალი ამბებიკომენტარი

(ანტი)გეი აღლუმები და წართმეული საჯარო სივრცეები – WISG-ის ვიდეო

21 თებერვალი, 2019 • 3210
(ანტი)გეი აღლუმები და წართმეული საჯარო სივრცეები – WISG-ის ვიდეო

ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG) ახალ ვიდეოეპიზოდს აქვეყნებს, სადაც ეკა აღდგომელაშვილი 2000-იან წლებში დაწყებულ ანტიგეი რიტორიკას და გამოსვლების ისტორიას იხსენებს, ასევე, აანალიზებს, “როგორ სარგებლობენ დაინტერესებული აქტორები – სახელმწიფო, ეკლესია, ექსტრემისტული ჯგუფები და ბოლო წლებში სხვადასხვა პოლიტიკურ ძალასთან ასოცირებული ფსევდომხარდამჭერები – ლგბტ აქტივისტების მიერ საჯარო სივრცის დაკავებისთვის ბრძოლის პროცესში”.

WISG-ის ინფორმაციით, ეს ეპიზოდი უკანასკნელია მათი ახალი შემეცნებითი/საგანმანათლებლო ვიდეო-პროექტიდან. 8 ეპიზოდისგან შემდგარი ვიდეოსერია გენდერის და სექსუალობის, ჰომოფობიისა და სიძულვილის ენის გეოპოლიტიკურ, ისტორიულ, სოციალურ და კულტურულ ასპექტებს აანალიზებს და აღნიშნულ საკითხებს საქართველოს კონტექსტში მიმოიხილავს.

ეპიზოდების პირველი ნაწილი სხვადასხვა კულტურასა და რელიგიაში ტრანსგენდერობისა და ინტერსექსის საკითხებს განიხილავს, მეორე ნაწილი კი ლგბტ საკითხებზე საბჭოთა და პოსტსაბჭოთა საქართველოს გამოცდილებას ეხება:

სამწუხაროდ, საზოგადოების დიდი ნაწილი ვერ იაზრებს, რომ ჯერ კიდევ ძლიერად ვიმყოფებით რუსული ჰომოფობიური პოლიტიკის გავლენის ქვეშ, რაც ხშირად ითარგმნება ისეთ აბსურუდულ ინფორმაციად, რომ თითქოს კონკრეტული იდენტობები და ორიენტაციები დასავლეთის, ამერიკის ა.შ. მიერ თავსმოხვეული ფენომენია და თითქოს ისინი უძველეს კულტურებში, რელიგიებში, საზოგადოებებში და მათ პრაქტიკებში არ გვხდებოდეს”, – აცხადებენ ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფში.

ინფორმაცია, რომელსაც გენდერის მკვლევარი და WISG-ის დამფუძნებელი ეკა აღდგომელაშვილი მოცემულ ეპიზოდებში გვაწვდის, ორგანიზიის მიერ დაგროვილ ცოდნას და ექსპერტიზას ეყრდნობა. WISG-ის განცხადებით, მათი ორგანიზაციისთვის პოლიტიკურად მნიშვნელოვანია, ეს საკითხები პირველ რიგში ხელმისაწვდომი, შემდეგ კი მსჯელობის, კვლევის თუ თუნდაც კრიტიკის საგანი გახდეს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებში.

“ეს პროცესი უაღრესად მნიშვნელოვანი გვგონია იმ ფონზე, რომ ლგბტქი საკითხებზე მსჯელობა ფართო საზოგადოებაში, განსაკუთრებით კი მეინსტრიმ მედიაში, ფაქტობრივად, არასოდეს ეყრდნობა სერიოზულ თეორიულ ცოდნებს და მოვლენების ადეკვატურ პოლიტიკურ ანალიზს და ძირითადად ხდება ანგაჟირებული აქტორების და პოლიტიკურად დაინტერესებული ჯგუფების და ინდივიდების „დისკუსიის“ საგანი, რომელიც საზოგადოების უკიდურეს გახლეჩას იწვევს ლგბტ საკითხებზე.

სამწუხაროდ, აქტივისტებს და ზოგადად არასამთავრობო სექსტორსაც სოგი-ს საკითხებზე სასაუბროდ შეზღუდული ნარატივი გვრჩება – როგორიცაა უფლებები, კანონმდებლობა, პოლიტიკა.

ზოგადი განათლების სისტემაშიც სექსუალობის და გენდერის შესახებ ფაქტობივად არარსებული სწავლების ფონზე, ზემოხსენებული საზოგადოებრივი აგრესია უფრო და უფრო მძლავრდება და იკვებება არასწორი და დამახინჯებული ინფორმაციული ნაკადების საშუალებით, რომელიც ადგილობრივი და გარე დაინტერესებული მედია და პოლიტიკური წყაროებიდან მოედინება და ხან სექსუალობასთან დაკავშირებულ საგანმანათლებლო ვიდეოებს მიემართება, ხან ლგბტ აქტივისტების საჯარო გამოსვლებს.

სექსუალური მრავალფეროვნება იშვიათად განიხილება ადამიანური არსებობის განუყოფელ ნაწილად ისტორიის მანძილზე და მის შესახებ თანამედროვე საქართველოში გაბატონებული დისკურსები დღეს მოთამაშე პოლიტიკური ძალების დღის წესრიგში არსებულ ‘მესიჯ-ბოქსებად’ ვრცელდება მხოლოდ. ჩვენი ვიდეოპროექტის მიზანიც ამ სტატუს-კვოს შეცვლაა. მხარდამჭერი მედიაპლატფორმების დახმარება მათი გავრცელების და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებთან მისატანად ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია,” – ნათქვამია ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის განცხადებაში.

  • მიმდინარე წლის 18-23 ივნისს თბილისი ლგბტქი პრაიდის კვირეულს პირველად უმასპინძლებს. თემის წევრები და მათი მხარდამჭერები უკვე ემზადებიან ღონისძიებებისთვის, რომლებიც, ორგანიზატორთა თქმით, ღირსების მარშით დაგვირგვინდება, მისი მონაწილეები კი საერთო გზავნილის ქვეშ გაერთიანდებიან: სურთ, იცხოვრონ დემოკრატიულ სახელმწიფოში, სადაც მთავარია ადამიანი, მისი სიცოცხლე და ღირსება.

გირჩევთ:

რას ნიშნავს პრაიდი და რა (არ) იგეგმება თბილისში

მასალების გადაბეჭდვის წესი