ახალი ამბები

თუ ხაზარაძეს აიძულებენ ასეთ ქმედებას, მაშინ მცირე მეწარმემ რა უნდა ქნას?!- აკაკი ცომაია

21 თებერვალი, 2019 • 1408
თუ ხაზარაძეს აიძულებენ ასეთ ქმედებას, მაშინ მცირე მეწარმემ რა უნდა ქნას?!- აკაკი ცომაია

დღეს, 21 თებერვალს, დილით, თიბისის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან ფეისბუკზე განცხადება გაავრცელა. ხაზარაძესთან ერთად ბანკიდან წავიდა სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ბადრი ჯაფარიძეც.

ნეტგაზეთთან საუბარში, ეკონომისტი აკაკი ცომაია განიხილავს ვარიანტებს, ჰქონდათ თუ არა ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ბანკის დატოვების გადაწყვეტილების გარდა სხვა რაიმე ალტერნატივა და რას ნიშნავს დღეს შექმნილი სიტუაცია ქვეყნის ზოგადი ეკონომიკური გარემოსთვის.

ცომაია თიბისის საქმეში, რომლის უმთავრესი ფიგურანტები პროკურატურა და ეროვნული ბანკი არიან, ბიძინა ივანიშვილის როლს ხედავს, თუმცა ექსპრემიერის მოტივაციაზე საუბარი უჭირს და ამ კუთხით რამდენიმე ვერსიას გამოყოფს, მათ შორის ანაკლიის პორტს.

ცომაია ამბობს, რომ სამართლებრივი დავის გაგრძელება, როგორც ალტერნატივა, თიბისისთვის არსებობდა, თუმცა, მისი ვარაუდით, სიტუაცია დროდადრო განვითარდა და “გარკვეული გარემოებების გამო მთლიანი მდგომარეობაც შეიცვალა”.

“ერთი რამ ცხადია, რომ ხაზარაძეს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეობიდან წასვლა აიძულეს. ეს მისი ნება-სურვილით არ მომხდარა, მე ვერაფერს ვერ ვიტყვი მის პირად მოტივაციაზე, სწორი იყო თუ არა მისი გადაწყვეტილება, ვინაიდან მე ასე სიღრმისეულად ინფორმაციას არ ვფლობ. თუმცა ერთი რამ ცხადია – ქვეყანაში ძალიან მძიმე მდგომარეობაა და ეს არ არის კარგი გადაწყვეტილება… ეს არ არის კარგი ამბავი, რაც ხდება ქვეყანაში.

თუკი თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს აიძულებენ, ასეთი ქმედებები განახორციელოს, მაშინ მცირე მეწარმემ რა უნდა ქნას… რამდენად დაუცველია მცირე მეწარმე და ზოგადად, ადამიანი ამ საზოგადოებაში, სადაც არანაირი სამართლებრივი სისტემა და ინსტიტუტები, ფაქტობრივად, არ ფუნქციონირებს,” – ამბობს აკაკი ცომაია.

მისი თქმით, თიბისის საქმე ნათლად აჩვენებს, რომ თუ რომელიმე გავლენიან პირს საქართველოში პირადი ინტერესი გაუჩნდა, მას წინ აღარაფერი უდგას.

“ეს ნიშნავს, რომ ამ ქვეყანაში არაფრის კეთება არ შეიძლება. ეს ცალსახა გზავნილია უცხოელი ინვესტორებისთვის, რომ აქ არ უნდა ჩამოვიდნენ და ბიზნესი არ უნდა აკეთონ. ეს არის ის, რაც ხდება ამ საზოგადოებაში, ამის შეფასება შეიძლება მარტივად,” – დასძენს ეკონომისტი.

დღეს ცნობილი გახდა, რომ თიბისი ბანკის დამფუძნებლებმა, მამუკა ხაზარაძემ  და ბადრი ჯაფარიძემ ეროვნული ბანკის მოთხოვნის შესაბამისად ბანკის სამეთვალყურეო საბჭო დატოვეს. ისინი თანამდებობებს ინარჩუნებენ ლონდონში დაფუძნებულ თიბისი ბანკის ჯგუფში. ეს კომპანია ლონდონის საფონდო ბირჟაზეა გათავსებული და ამასთანავე თიბისი ბანკის მფლობელიცაა. თიბისი ბანკმა სამართლებრივი დავა ეროვნულ ბანკთან შეწყვიტა და მარეგულირებლის მოთხოვნის შესაბამისად 1-მილიონიან ჯარიმასაც გადაიხდის.

14 თებერვალს ეროვნულმა ბანკმა განცხადება გაავრცელა, სადაც თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოდან მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გადაყენებას მოითხოვა. სებ-მა ბანკის აქციონერთა კრებას მათი გადაყენებისთვის 2-თვიანი ვადა მისცა.

“ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველია თიბისი ბანკის შემოწმებისას დაფიქსირებული ინტერსთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება. საკითხის შესწავლისას გამოვლინდა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის მიერ ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევა,”-აცხადებენ სებ-ში.

ამავე ტრანზაქციებზე პროკურატურაც აწარმოებს გამოძიებას ფულის შესაძლო გათეთრების საქმეზე. 

ბადრი ჯაფარიძე: არ გამომაქვს სასამართლოდან ჩემი სარჩელი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი