ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სასამართლო პროცესი ერევანში ჟურნალისტისგან ინფორმაციის წყაროს გამჟღავნების მოთხოვნით

13 აგვისტო, 2014 • 1128
სასამართლო პროცესი ერევანში ჟურნალისტისგან ინფორმაციის წყაროს გამჟღავნების მოთხოვნით

პირველი ინსტანციის სასამართლომ ერევანში მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც მედიას ავალდებულებს ინფორმაციის წყაროს გამჟღავნებას. გაზეთმა “გრაპარაკ” (“მოედანი”) და ონლაინ გამოცემა iLur.am-მა ეს გადაწყვეტილება სომხეთის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. უმაღლესმა სასამართლომ დააკმაყოფილა ჟურნალისტების ადვოკატის შუამდგომლობა ამ საქმესთან დაკავშირებით ღია სხდომების ჩატარების შესახებ.


საქმის არსი მდგომარეობს იმაში, რომ 9 მაისს, ამ ორმა გამოცემამ, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 7 მაისს, გვიან საღამოს, გიუმრის ერთ-ერთ ქუჩაზე, ქალაქის პოლიციის უფროს პოლკოვნიკს ვარდანომ ნადარიანსა და ძმებ არტურ და რაფაელ ალეკსანიანებს შორის შელაპარაკება მოხდა. გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, გიუმრის პოლიციის ხელმძღვანელს არ მოეწონა, რომ მანქანას, რომელითაც ძმები მოძრაობდნენ, ძალიან მკვეთრი შუქები ჰქონდა. პოლკოვნიკი გადმოხტა თავისი მანქანიდან და პისტოლეტის კონდახით დაუწყო ძმებს ცემა და ფიზიკური დაზიანებების მიყენება. სხვათაშორის, არტურ ალეკსანიანი მსოფლიოში ცნობილი მოჭიდავეა, ევროპის მრავალგზის ჩემპიონი და ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელი.


სომხეთის რესპუბლიკის “მასობრივი ინფორმაციის” შესახებ კანონის მეორე თავის მეხუთე მუხლის თანახმად, მასობრივი ინფორმაციის საშუალებას ან ჟურნალისტს ინფორმაციის წყაროს გამჟღავნების ვალდებულება ეკისრება სასამართლოს გადაწყვეტილებით სისხლის სამართლის საქმეზე – მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის გახსნის მიზნით: თუკი საზოგადოებისთვის სისხლის სამართლის კანონის დაცვის ინტერესს უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე საზოგადოების დაინტერესებას ინფორმაციის წყაროს არ გამჟღავნების მიმართ და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ყველა საშუალება ამოწურულია”, – ნათქვამია კანონში.

 

სასამართლოს მოთხოვნას ინფორმაციის წყაროს გამჟღავნების შესახებ აღშფოთებით გამოეხმაურნენ როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო მედია ორგანიზაციები.


სასამართლო მოსმენები ამ საქმესთან დაკავშირებით 20 აგვისტოს გაგრძელდება.


  მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.


მასალების გადაბეჭდვის წესი