ახალი ამბები

უსუფაშვილი: ხაზარაძე ივანიშვილს სრულმასშტაბიან ბიზნეს-პოლიტიკურ დუელში გაჰყვა

21 თებერვალი, 2019 • 968
უსუფაშვილი: ხაზარაძე ივანიშვილს სრულმასშტაბიან ბიზნეს-პოლიტიკურ დუელში გაჰყვა

შენების მოძრაობის ლიდერის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, დღევანდელი გადაწყვეტილებით მამუკა ხაზარაძემ მიიღო ბიძინა ივანიშვილის გამოწვევა და მას სრულმასშტაბიან ბიზნეს-პოლიტიკურ დუელში გაჰყვა.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის განცხადებით, ასეთ ბრძოლაში ხაზარაძეს თიბისი ბანკის აქციონერების ინტერესები ტვირთად აწვებოდა:

დღეს მან ამ ტვირთზე თქვა უარი და მეტი არაფერზე – არც ქონებაზე, არც ბიზნესპერსპექტივაზე, არც პირად ღირსებაზე და, საბოლოო ჯამში, არც 27 წლის პირმშოზე. დუელის პროცესში კი ეს ყველაფერი სასწორზე იდება და გასაგებია, რისთვის იბრძოლებს ხაზარაძე. საკითხავი ისაა, რისთვის იბრძვის ივანიშვილი? ალბათ, ნიცშე, ფროიდი და ვებერიც კი მხოლოდ ერთობლივი ძალებით თუ გვიპასუხებდნენ ამ კითხვაზე…”

მამუკა ხაზარაძემ თიბისი ბანკის დატოვების გადაწყვეტილება დღეს მიიღო და ამის შესახებ საჯარო განცხადება გაავრცელა. ხაზარაძე წერს:

“აღარ განვმეორდები, თუ როგორი შეტევის ქვეშ იმყოფება ჩვენი ჯუფი, ბანკი. შედეგად, ჩვენმა საერთაშორისო აქციონერებმა ერთ თვეში 200 მილიონი დოლარის ზარალი მიიღეს, შესაბამისად, ჩვენმა ქვეყანამაც სერიოზულად იზარალა. ყოველგვარი გამოძიებისა და სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე მოგვაყენეს სერიოზული რეპუტაციული ზიანი ფულის გათეთრების აბსურდულ საკითხთან ვითომდა კავშირში, რომლის არარსებობა საერთაშორისო დონეზეა დამტკიცებული.”

ხაზარაძის შემდეგ თიბისი ბანკის დატოვების შესახებ განცხადება გაავრცელა ბანკის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმდომარის მოადგილემ, ბადრი ჯაფარიძემაც.

ვრცლად:

მამუკა ხაზარაძე თიბისის ტოვებს

თიბისი ბანკს ბადრი ჯაფარიძეც ტოვებს

მასალების გადაბეჭდვის წესი