პარლამენტმა დაგროვებითი პენსიის შესახებ ნაცვლიშვილის ინიციატივა ჩააგდო

საქართველოს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა “ფრაქცია “ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების” ალტერნატიულ ინიციატივას დაგროვებითი პენსიის” შესახებ.

კანონპროექტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს, 22 დეკემბერს, პირველი მოსმენით განიხილეს და მას 42-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 10-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა. კანონპროექტის მისაღებად 52 ხმა იყო საჭირო.

“სოციალ-დემოკრატების” მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვილილებების პროექტი ითვალისწინებდა “დაგროვებითი პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის სახელწოდების ცვლილებას “თაობათა სოლიდარობის და დაგროვებითი პენსიის შესახებ” საქართველოს კანონად. პროექტის თანახმად, უნდა შექმნილიყო ახალი საპენსიო სქემები: თაობათა სოლიდარობის სქემა და დაგროვებითი პენსიის სქემა. კანონპროექტი არეგულირებდა განსაზღვრული სარგებელის საპენსიო სქემასთან, დაგროვებით პენსიასთან, დაგროვების კოეფიციენტთან, თაობათა სოლიდარობის საპენსიო ანგარიშთან, საპენსიო სარგებელთან, საპენსიო ფონდთან და ჩანაცვლების კოეფიციენტთან დაკავშირებული საკითხებს. გარდა ამისა, რეგულირდებოდა თაობათა სოლიდარობის სქემაში მონაწილეთა გაწევრიანებასთან, საპენსიო სარგებელის მიღების შეწყვეტასთან, საპენსიო ფონდში არსებული საპენსიო აქტივების ინვესტირების პრინციპებთან და საპენსიო ასაკის მიღწევამდე მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებში დასაქმებული პირის პენსიის წარმოშობის უფლებასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობები. პროექტი ასევე განსაზღვრავდა კანონის ამოქმედებიდან ოცი წლის განმავლობაში საპენსიო სარგებელის ოდენობის გამოთვლის განსაკუთრებულ წესს.

“სოციალ დემოკრატების” ფრაქციის წევრ ბექა ნაცვლიშვილს გაცხადებული აქვს, რომ აღნიშნული კანონპროექტის ჩავარდნის შემთხვევაში დატოვებს საპარლამენტო უმრავლესობას, ფრაქცია “სოციალ-დემოკრატებსაც” და დამოუკიდებელი დეპუტატის რანგში გააგრძელებს მუშაობას.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.