ახალი ამბებისაზოგადოება

რას ნიშნავს პრაიდი და რა (არ) იგეგმება თბილისში

21 თებერვალი, 2019 • 8545
რას ნიშნავს პრაიდი და რა (არ) იგეგმება თბილისში

მიმდინარე წლის 18-23 ივნისს თბილისი ლგბტქი პრაიდის კვირეულს პირველად უმასპინძლებს. თემის წევრები და  მათი მხარდამჭერები უკვე ემზადებიან ღონისძიებებისთვის, რომლებიც, ორგანიზატორთა თქმით, ღირსების მარშით დაგვირგვინდება, მისი მონაწილეები კი საერთო გზავნილის ქვეშ გაერთიანდებიან: სურთ, იცხოვრონ დემოკრატიულ სახელმწიფოში, სადაც მთავარია ადამიანი, მისი სიცოცხლე და ღირსება.

თბილისის პრაიდი – რა იგეგმება?

თბილისის პრაიდის საორგანიზაციო ჯგუფის წევრის, ნინო ბოლქვაძის თქმით, ამ ეტაპზე, კვირეულის ფარგლებში, სამი ღონისძიებაა დაგეგმილი: საერთაშორისო კონფერენცია, სპექტაკლი და ღირსების მარში.

მისი თქმით, საერთაშორისო კონფერენციაზე დაპატიჟებენ ადამიანებს საქართველოდან და მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან, რომლებიც ლგბტ საკითხებზე მუშაობენ ან ეს თემა მათთვის მნიშვნელოვანია.

ნინო ბოლქვაძის თქმით, მათ შორის იქნებიან საქართველოსა და სხვა ქვეყნების მთავრობების, დიპლომატიური კორპუსის, უფლებებზე მომუშავე თუ სერვისული ორგანიზაციის წარმომადგენლები. კონფერენციაზე მიიწვევენ საკანონმდებლო ორგანოს წევრებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახალხო დამცველის აპარატის, პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სხვა უწყებების იმ წარმომადგენლებს, რომლებიც ლგბტ ადამიანების უფლებებზე მუშაობენ.

რაც შეეხება სპექტაკლს, ის გერმანულენოვანი ებრაელი მწერლის, ფრანც კაფკას “მეტამორფოზის” მიხედვით დაიდგმება. ნინო ბოლქვაძის თქმით, პიესა თემატურად შეირჩა ლგბტ პირთა ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემის – განსხვავებულობის გამო დევნის წარმოსაჩენად.

“აქ პარალელს ვავლებთ, რადგან ისტორიები, რომლებსაც წლების განმავლობაში ვისმენთ, ეხება გარიყვას ლგბტ თემის ოჯახის წევრების მხრიდან. სპექტაკლს დაესწრება დაახლოებით 600 ადამიანი, რადგან დიდ თეატრალურ დარბაზში ვაპირებთ ამის გაკეთებას. სპექტაკლის შემდეგ იქნება პანელ-დისკუსია”, – უთხრა მან “ნეტგაზეთს”.

ორგანიზატორები გეგმავენ, თბილისის პირველი პრაიდი ღირსების მარშით დააგვირგვინონ, რომელზეც ათასობით ადამიანს – განსხვავებული სექსუალური ორიენტაციისა თუ გენდერული იდენტობის მქონე პირებსა და მათ მხარდამჭერებს ელიან. მსოფლიოს მასშტაბით მსგავსი მსვლელობები მეტწილად თეატრალიზებული და კარნავალიზებულია, თუმცა თბილისში დემონსტრაციას არა საზეიმო, არამედ საპროტესტო სახე ექნება.

17 მაისიდან დღემდე – რატომ პრაიდი აქ და ახლა?

მას შემდეგ, რაც ლგბტ აქტივიზმი საქართველოში ხილვადი გახდა, რიგი ჯგუფები მისი დისკრედიტაციისათვის პრაიდის თემატიკით ხშირად მანიპულირებდნენ – ანონსდებოდა არარსებული “გეი აღლუმი” სოციალურ ქსელებსა თუ ტელესივრცეში.

აგრესიული და დეზინფორმაციული კამპანია უძღოდა წინ 2013 წლის 17 მაისსაც, რომელიც ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღეა და პრაიდისაგან განსხვავდება. მაშინ თბილისში ლგბტ ადამიანების უფლებების დაცვის მოთხოვნით გამოსულ 40-მდე მოქალაქეს ათობით ათასი ადამიანი დაუპირისპირდა, მათი ნაწილი კი ფიზიკურ ანგარიშსწორებასაც ცდილობდა. რეალურად, არც მაშინ და არც მომდევნო წლებში, დღემდე, თბილისში პრაიდი არ ჩატარებულა.

ნინო ბოლქვაძის თქმით, გასულ წლებს უკვალოდ არ ჩაუვლია როგორც ლგბტ თემისათვის, ისე საზოგადოების სხვა წარმომადგენელთათვის: ადამიანებს ჰქონდათ საშუალება, თავიანთ ფუნდამენტურ უფლებებზე დაფიქრებულიყვნენ და საერთო იდეის ირგვლივ გაერთიანებულიყვნენ.

თუმცა, მისივე თქმით, გასული წლის მაისმა, როცა მუქარებისა და უსაფრთხოების გარანტიების არქონის გამო რიგი ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი აქცია გაუქმდა, აჩვენა, რომ ლგბტ აქტივიზმი სხვა გზით უნდა წასულიყო.

“…შარშან ვკამათობდით, გავსულიყავით თუ არა გარეთ, მას შემდეგ, რაც ისევ ხელისუფლების მხრიდან შემოაგდეს მუქარა… [გავაცნობიერეთ, რომ] რომელიმე ორგანიზაციის მხრიდან ასეთ ღონისძიებაზე პასუხისმგებლობის აღება რთულია. ერთი ორგანიზაცია ამას ვერ გააკეთებს.

ჩვენ მივხვდით, რომ სხვა გზით უნდა წავიდეთ იმისთვის, რომ შევძლოთ საჯაროდ შეკრების თავისუფლების მოპოვება. უამრავი ადამიანი დავმობილიზდით ამ იდეის ირგვლივ, სხვადასხვა საქმიანობაში ჩართულები – მათ შორის, საქართველოსა თუ მის საზღვრებს გარეთ მცხოვრები ლგბტ თემის წევრები და მხარდამჭერები.

ამ მომენტისთვის, ჩვენ თამამად ვამბობთ, რომ ივნისში ათასობით ადამიანი გამოვა გარეთ იმის სათქმელად, რომ არ გვინდა, ვიცხოვროთ ავტოკრატიულ სახელმწიფოში. ჩვენ გვინდა, ვიცხოვროთ თავისუფალ, დამოუკიდებელ, ლიბერალური ღირებულებების მქონე სახელმწიფოში, სადაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის ადამიანი, მისი სიცოცხლე, ჯანმრთელობა, ღირსება და თავისუფლება”, – აცხადებს ნინო ბოლქვაძე.

მისი თქმით, ღირსების მარში, ისევე როგორც პრაიდის მთელი კვირეული, განსაკუთრებით საჭირო და მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, რომელთაც თავიანთი სექსუალური ორიენტაციისა თუ გენდერული იდენტობის გამო დახურულ კარს მიღმა უწევთ ცხოვრება:

“ჩვენ ვფოკუსირდებით, პირველ რიგში, თემის წევრებზე. განსაკუთრებით, რეგიონში, სოფლად მცხოვრებ თემის წევრებზე, რომელთაც ჯერ კიდევ არ აქვთ სოციალური წრე, ერთი ადამიანიც კი, რომელიც მხარს დაუჭერს მათ. თემის ბევრი წევრი, რომელთაც რეპრესიების წლები გამოიარეს, ჯერ ვერ გრძნობს თავს თავდაჯერებულად, რომ საზოგადოების ნამდვილად თანასწორუფლებიანი წევრია. პირველ რიგში, მათ ვეუბნებით, რომ ისინი არ არიან მარტო, მათ გვერდით ვართ და ჩვენი, ათასობით ადამიანის მხარდაჭერა მათ გააძლიერებს”.

როგორც უკვე ცნობილია, მარშს ზეიმის სახე არ ექნება. აქტივისტთა თქმით, ლგბტ თემს დღეს საზეიმო ბევრი არაფერი აქვს. ნინო ბოლქვაძე კი კიდევ ერთ მიზეზად გასულ წლებში საკითხის პოლიტიზებასა და აგრესიულ კამპანიებს ასახელებს, რომლებიც დიდწილად პრაიდის ფესტივალის დემონიზებაზე გადიოდა და ამბობს, რომ ორგანიზატორები აღნიშნულ ფონს ითვალისწინებენ.

მუქარა პრაიდის მისამართით – ვინ უზრუნველყოფს პრაიდის მონაწილეთა უსაფრთხოებას?

პრაიდის ჯგუფს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კომუნიკაცია ჯერ არ ჰქონიათ, თუმცა გეგმავენ, უწყებასთან მემორანდუმი გააფორმონ, რომელშიც დეტალურად იქნება აღწერილი დაგეგმილი აქტივობები და უსაფრთხოების საჭიროებები. ნინო ბოლქვაძის თქმით, ორგანიზატორები კონსულტაციებს სხვა სახელმწიფოების იმ უწყებებთანაც გადიან, რომელთაც დემონსტრაციებზე წესრიგის დამყარების დიდი გამოცდილება აქვთ.

ღონისძიების დაანონსებიდან მალევე, განცხადება გაავრცელა “ქართულმა მარშმა”, რომლის ლიდერმა, სანდრო ბრეგაძემ თქვა, რომ ჯგუფი “ფიზიკურად არ დაუშვებს გეი მარშის ჩატარებას”. მან ასევე მიმართა შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, რომ თუ პოლიცია პრაიდის მონაწილეებს დაიცავს, მარში ისევე მოეპყრობა მათ, “როგორც ჩვენი წინაპრები ეპყრობოდნენ მოღალატეებს”. მოგვიანებით TV პირველის ეთერში ბრეგაძემ ასევე თქვა, რომ “მარშს” სურს, პრაიდის ჩასაშლელად, 15-დან 30 ივნისამდე თბილისის ყველა გზა და ქუჩა თავისი აქციებით დაიკავოს.

ნინო ბოლქვაძის თქმით, სანდრო ბრეგაძე ერთადერთი არ ყოფილა, ვინც პრაიდის ორგანიზებას ამ ფორმით გამოეხმაურა. მისი თქმით, ღონისძიების ორგანიზატორები იურისტებთან ერთად მუქარის შემცველ ყველა გამოხმაურებას აღრიცხავენ, რომელთაც შემდგომ შესაბამის უწყებებს გადასცემენ.

“მუშაობს ჯგუფი, რომელიც ამას აძლევს სამართლებრივ შეფასებას და ეს პროცესი გაგრძელდება [ღირსების] მარშის დასრულებამდე – დოკუმენტირებითა და სახელმწიფოს საქმის კურსში ჩაყენებით”, – აცხადებს ის.

როგორ გაჩნდა პრაიდი? – შეტაკებიდან აღნიშვნამდე

ყველაფერი 1969 წლის ივნისში აშშ-ში დაიწყო, სადაც მაშინ ლგბტ ადამიანებს მრავალი უფლება ჯერ კიდევ მოსაპოვებელი ჰქონდათ. იმ დღეს ნიუ-იორკში, ქრისტოფერის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ გეი ბარ “სტოუნვოლში” პოლიცია მორიგი რეიდის ჩატარებას შეეცადა. ბარი ალკოჰოლის ლიცენზიის გარეშე მუშაობდა, რადგან მაშინ ქალაქის თვითმმართველობა ამ დოკუმენტს არ გასცემდა დაწესებულებებზე, რომლებიც გეი საზოგადოებას ემსახურებოდნენ.

პოლიციამ ბარში მყოფთა დაკავება დაიწყო, შეკრებილთა ნაწილი კი გარეთ გაიყვანეს და ბორკილები დაადეს. History Channel-ის სტატიის თანახმად, ვითარება მაშინ დაიძაბა, როცა ერთ-ერთმა პოლიციელმა ბორკილებდადებულ ქალს თავში ჩაარტყა. ეს ბოლო წვეთი აღმოჩნდა:  ხალხმა ძალოვნების მისამართით სხვადასხვა საგნების სროლა დაიწყო. პროცესი მალე სრულმასშტაბიან შეტაკებად იქცა და პოლიციას თავად მოუწია თავდაცვის ზომების მიღება. მომდევნო კვირის მანძილზე ბართან ათასობით ადამიანი იკრიბებოდა ლგბტ ადამიანებისთვის სოლიდარობის გამოსაცხადებლად.

პროცესებმა ნათელი გახადა, რომ ლგბტ აქტივიზმის ისტორიაში ახალი ეტაპი იწყებოდა, როცა განსხვავებული ორიენტაციისა თუ გენდერული იდენტობის მქონე ადამიანებს უფრო ხმამაღლა და ღიად უნდა მოეთხოვათ თავიანთი უფლებების დაცვა.

შეტაკებებიდან 1 წლისთავზე, ნიუ-იორკსა და აშშ-ის სხვა ქალაქებში ათასობით ლგბტ ადამიანი და მათი მხარდამჭერი გამოვიდა. დემონსტრაციებმა ტრადიციის სახე მიიღო და მალე გავრცელდა ჯერ აშშ-ის, შემდეგ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ბოლოს კი ერთი სახელწოდების ქვეშ გაერთიანდა – Pride(ღირსება, სიამაყე). 1999 წლის 11 ივნისს აშშ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა ივნისი ოფიციალურად გამოაცხადა პრაიდის თვედ.

დღეს პრაიდი ლგბტ კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ფორმით აღინიშნება. წლების მანძილზე, ლგბტ ადამიანების უფლებების ზრდასთან ერთად, ღონისძიებამ ბევრგან მიიღო ზეიმის სახე. თუმცა, არაერთ ქვეყანაში, ლგბტ ადამიანები კვლავ არიან იმ ფუნდამენტური უფლებების მოლოდინში, რომლებიც რიგ სახელმწიფოებში წლების წინ განმტკიცდა კანონის ძალით.

მასალების გადაბეჭდვის წესი