დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: თუ გაქვთ რაიმე საპატრიარქოს წინააღმდეგ, გამოაქვეყნეთ

დეკანოზი ანდრია ჯიღმაიძე, რომელიც პატრიარქის მოსაყდრის, მეუფე შიოს თანაშემწეა, მიიჩნევს, რომ დეკანოზი მამალაძე და მისი ოჯახი გარკვეული ჯგუფის მძევალია და მოუწოდებს, თუ აქვთ რაიმე საპატრიარქოს წინააღმდეგ, გამოაქვეყნონ და დასრულდეს ეს თემა.

ეს განცხადებები მან 20 თებერვალს საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნების” გადაცემა “განთიადში” გააკეთა ბოლო პერიიოდში დეკანონს მამალაძის წერილის შესახებ გავრცელებული ცნობების საპასუხოდ. 

ბოლო დროს ამ დაძაბულმა ვითარებამ და არასწორმა დამოკიდებულებამ საპატრიარქოს მიმართ მიიღო მიუღებელი ფორმა. დაუფარავი ლანძღვა, ბუნდოვნად კი არა, უშუალოდ პატრიარქს მიემართებოდა. მე მეჩვენება, რომ ჯგუფი, რომელსაც ყოველთვის აინტერესებს საპატრიარქის წინააღმდეგ რაღაცის აგორება, ამ ვითარებასაც იყენებს და ქმნის დაძაბულობას. თქვენ გახსოვთ, რომ ზიარების უფლება მიცემული იყო და, როგორც კი საშაულება მიეცათ, ჩამოვოდა  მისი მოძღვარი და აზიარა. გამოგონილი პრობლემა იყო ესა”, – განაცხადა დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძემ და დასძინა:

“ახლაც მე მეჩვენება, რომ ეს ოჯახი ამ გაჭირვებულ მდგომარეობაში არის მძევალი იმ ხალხის, რომელთაც სულ აინტერესებდათ საპატრიარქოს წინააღმდეგ რამე მოეძებნათ”.

დეკანოზი ჯიღმაიძე ამბობს, რომ მძიმე რიტორიკა და შანტაჟი საპატრიარქოს ხელ-ფეხს უკრავს, თვითონ გამოვიდეს ინიციატივით მამალაძესთან დაკავშირებით.

“შეიძლებოდა სულ სხვანაირი ყოფილიყო ეს ყველაფერი, რომ ყოფილიყო მამაშვილური დამოკიდებულება, სათანადო სინანულით. ვფიქრობ, სულ სხვანაირად წარიმართებოდა ეს საქმე. ნუთუ ორი წელი მისმა დამცველებმა იმაში გაატარეს, რომ საბოლოოდ ისევ პატრიარქისთვის ეთხოვათ შეწყალება?.

რა საჭირო იყო ამდენი სკანდალები, თავიდანცე უნდა აერჩიათ ეს სტრატეგია, ეთხოვათ პატრიარქისთვის.  დღესაც გრძელდება რიტორიკა და საპატრიაქო ვერ დაიწყებს [ინიციატივებს შეწყალებაზე], რადგან ეუბნებიან, გვაქვს მასალები და გამოგიქვეყნებთო, სანამ ეს რიტორიკა არსებობს”.

დეკანოზი მოუწოდებს “დაინტერესებულ მხარეს,” გამოაქვეყნონ, თუ “რაიმე აქვთ:

“საჭიროა, პირველ რიგში, თქმა იმის, თუ გაქვთ რამე, რაზეც აპელირებას აკეთებთ, რომ საპატრიარქოს წინააღმდეგ შეიძლება გამოაქვეყნოთ, დავამთავროთ ეს თემა. მოგიწოდებთ, რომ გამოაქვეყნოთ. თუ არა გაქვთ, მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ ეს იყო შეცდომა, არასწორი ტაქტიკა იყო არჩეული”.  


  • 12 თებერვალს ჭყონდიდის მიტროპოლიტმა პეტრემ განაცხადა, რომ დეკანოზ მამალაძის წერილი, რომლის ერთ-ერთი ადრესატი თავად იყო,  ფარულ მუქარას შეიცავდა და ამას  “საეკლესიო ბედუკაძეობა” უწოდა;
  • ცნობილი გახდა, რომ დეკანოზმა მამალაძემ წერილი ოთხ მღვდელმთავარს გაუგზავნა;
  • 20 თებერვალს ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონმა განაცხადა, რომ წერილი არ უნახავს, თუმცა უთხრეს, რომ ფარულ მუქარას შეიცავს. მღვდელმთავრების მონაყოლზე დაყრდნობით ვარაიდობს, რომ წერილში შესაძლოა ზნეობრივ და მორალურ საკითხებზე იყოს საუბარი;
  • 16 თებერვლას მსჯავრდებული დეკანოზი საპატიმროდან საავადმყოფოში გადაიყვანეს ინსულტის დიაგნოზით;
  • 17 თებერვალს საპატრიარქოსთან დეკანოზის შეწყალების მოთხოვნით გაიმართა აქცია ““ნუ მოკლავ მღვდელს” .

    მოკლედ დეკანოზ მამალაძის საქმის შესახებ:

  • დეკანოზ მამალაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 9-წლიანი პატიმრობა 2017 წლის 5 სექტემბერს მიუსაჯა. მას ბრალად პატრიარქ ილია მეორის მდივან–რეფერენტის მკვლელობის მცდელობა დაუმტკიცდა.
  • დეკანოზი გიორგი მამალაძე საქართველოს პროკურატურამ 10 თებერვალს დააკავა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, როდესაც ის ბერლინში მიემგზავრებოდა, სადაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს, ილია მეორეს ოპერაცია უტარდებოდა. პროკურატურის ცნობით, დეკანოზის ბარგის ჩხრეკისას ამოიღეს ფარულად შენახული შხამიანი ნივთიერება -„ნატრიუმის ციანიდი“.
  • პროკურატურის ცნობით, ამ საქმეზე გამოძიება 2017 წლის 2 თებერვალს დაიწყო ჟურნალისტ ირაკლი მამალაძის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მიმართა საქართველოს პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების – ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა.
  • მოგვიანებით პროკურატურამ განმარტა, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე აპირებდა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობას.
  • 2017 წლის 12 თებერვალს საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.
  • მამალაძე თავდაპირველად ბრალდებული იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე (მკვლელობის მომზადება) და 236-ე მუხლებით (ცეცხლასასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე. მოგვიანებით, პროკურატურამ მამალაძეს ბრალი დაუმძიმა, კერძოდ, სსკ-ის 18, 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარუდგინა ბრალდება (განზრახ მკვლელობის მომზადება ანგარებით), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებდა 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
  • საბოლოოდ სასამართლომ ისევ გადააკვალიფიცირა მუხლი 18-108-ზე და სწორედ მკვლელობის მომზადებაში ცნო დეკანოზი დამნაშავედ.
  • თავად დეკანოზი მამალაძე ბრალს არ აღიარებს, მისი თქმით, ციანიდის ყიდვა თავად შორენა თეთრუაშვილმა სთხოვა.
  • დეკანოზ მამალაძის საქმის სასამართლო განხილვა დახურული იყო, ასევე, ადვოკატებს გაუთქმელობის ხელწერილზე აქვთ ხელი მოწერილი, რის გამოც საზოგადოებისთვის უცნობია საქმის მასალები.

ვინ რა (არ) იცის დეკანოზის “სკანდალურ წერილზე”

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი