ახალი ამბები

გამოძიება კუპრავას ადვოკატისთვის ხერხემლის უკანა ნაწილში ფეხის ამორტყმაში ადანაშაულებს

21 თებერვალი, 2019 • 1469
გამოძიება კუპრავას ადვოკატისთვის ხერხემლის უკანა ნაწილში ფეხის ამორტყმაში ადანაშაულებს

გაერთიანებული ოპოზიციის წევრს, ზვიად კუპრავას პროკურატურამ 20 თებერვალს ბრალი წარუდგინა.

ბრალის წარდგენის შესახებ დადგენილებაში, რომელიც კუპრავამ გაავრცელა, წერია:

“ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ზვიად კუპრავამ ირაკლი ზაქარეიშვილს ხერხემლის ქვედა  ნაწილში ამოარტყა ფეხი, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ტკივილი”.

ამის გამო გამოძიებამ კუპრაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა.

ეს მუხლი ძალადობას გულისხმობს [ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი] და ისჯება ჯარიმით, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე, ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

კუპრავა,  რომელიც არ გამოცხადდა პროკურატურაში და ბრალის წარდგენის დროისთვის გაერთიანებული ოპოზიციის შტაბში იმყოფებოდა, აცხადებს, რომ ესაა პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება.

დადგენილება ბრალის წარდგენის შესახებ. დოკუმენტი რომელიც ზვიად კუპრავამ გაავრცელა


კუპრავას შესახებ  ფართო საზოგადოებამ ზაზა სარალიძის მხარდასაჭერი აქციებიდან და განცხადებებიდან შეიტყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი