რომან კაკულია მესამე პოლიტიკურ ძალას ელის და ოცნებას და ენმ-ს წარმავალ ძალებს უწოდებს

“ქართული ოცნების” დეპუტატი, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია მესამე პოლიტიკურ ძალაზე საუბრობს და “ოცნებას” და ნაციონალურ მოძრაობას “წარმავალს” უწოდებს.

ამაზე მან მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის კონტექსტში ისაუბრა 20 თებერვალს ტვ “პირველის” გადაცემა “პოლიტმეტრში”.

კაკულიამ განაცხადა, რომ ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება, დაუჭერს თუ არა მხარს ეკა ბესელიასა და 8 დეპუტატის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც I და II ინსტანციებში მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის 2025 წლამდე გადადებას ითვალისწინებს.

თუმცა “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭომ 20 თებერვალს განაცხადა, რომ კანონპროექტს უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს. კაკულია ამბობს, რომ პირად გადაწყვეტილებას ხვალ მიიღებს.

“ნურავის ჩემს კოლეგებს ნუ ეწყინებათ, ეს იმდენად მნიშვნელოვანი საკითხია, მე ჩემს პირად გადაწყვეტილებას, მე მივიღებ. ძალიან საინტერესოა გუნდის გადაწყვეტილებები, მაგრამ მე უნდა ვიცოდე, რატომ ვიღებ ამა თუ იმ გადაწყვეტილებას”.

კაკულიას თქმით, მისთვის პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია, თუმცა უფრო მნიშვნელოვანია საკუთრივ მისი გადაწყვეტილება და 21 თებერვალს სურს, მის კითხვებზე პასუხი მოისმინოს.

“დღეს გადაწყვეტილების მიღება მორალური და ეთიკური პრინციპებიდან გამომდინარე ძალიან ადვილია – მე ასეთი სასამართლო არ მინდა, დღესვე მზადა ვარ, დავტოვო პარტიაც, ოცნებაც და უმარტივესია ეს, საერთოდ არ არის არანაირი სირთულე. მაგრამ მერე რა მოხდება?! “- კითხულობს კაკულია.

“ჩვენ ვართ შორს რეალური დემოკრატიისგან და ეს თუ არ ვაღიარეთ, ვერ მივხდებით, ამ მოსამართლეებთან დაკავშირებულ საკითხებში როგორ მოვიქცეთ.
საზოგადოება დემოკრატიის ფორმირებაში ვერ მონაწილეობს და ამ ეტაპზე რაც არის დემოკრატია, მან ისეთი სასამართლო მიიღო, როგორიც მიიღო. ჩვენ თუ ავიღებთ დემოკრატიის თარგს და დავადებთ ამ ხელსიუფლებას, რა თქმა უნდა, ის იმ წუთას გამოსაცვლელია”.

კაკულია ამბობს, რომ სწორი პროცესი სწორმა ძალებმა უნდა დაიწყონ და შესაძლოა უმჯობესი იყოს, რომ მოსამართლეების საკითხზე გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა მომავალ, მესამე ძალას დარჩეს:

“ჩვენ უნდა დავიწყოთ სწორი პროცესი და სწორმა ადამიანებმა თუ არ დაიწყეს სწორი პროცესი, ჩვენ მაშინ ისევ იქამდე მივალთ. მესამე ძალაზე როდესაც არის საუბარი, მე ვფიქრობ, რომ სანამ საზოგადოება ვერ წარმოქმნის მესამე ძალას, რომელიც თვისობრივად ახალი იქნება, ჩვენ და ნაციონალური მოძრაობა , ნუ ეწყინებათ ჩემს თანაგუნდელებს, წარმავალი ძალები ვართ ქვეყნის მომავლისთვის. რა უფრო უკეთესია, რომ ჩვენ მაქსიმალურად დავარტყათ ახლა სასამართლოს, გავაჩეროთ პროცესები და არ დაველოდოთ, მომავალ პოლიტიკურ განვითარებას რა პერსპექტივა აქვს?”

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი