ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სარგსიანმა სამმხრივი შეხვედრის შედეგებზე ისაუბრა

11 აგვისტო, 2014 • 1018
სარგსიანმა სამმხრივი შეხვედრის შედეგებზე ისაუბრა

“ჩვენ ყოველთვის ყოველგვარი თავის მოკატუნების გარეშე ვთანხმდებით შეხვედრებში მონაწილეობაზე, განსაკუთრებით, როდესაც საუბარია უმაღლესი დონის შეხვედრებზე. არც ეს შემთხვევა იყო გამონაკლისი. ჩვენ რუსეთის მოწვევას მაშინვე გამოვეხმაურეთ და, როგორც ხედავთ, შეხვედრა შედგა”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

 

მხარეებს შორის ახალი შეთანხმების ხელმოწერის შესახებ სერჟ სარგსიანმა განაცხადა, რომ ახალ შეთანხმებაზე საუბარს აზრი არ აქვს, ვინაიდან არ აქვს მნიშვნელობა, შეთანხმებას ახლა მოეწერება ხელი, თუ ადრეა ის ხელმოწერილი.


“მით უმეტეს, რომ 1994 და 1995 წლებში ორ შეთანხმებას მოეწერა ხელი და მხარეები ვალდებული არიან დაიცვან ისინი. სხვა საქმეა, თუ შეთანხმებაში ახალი დებულებები ჩაიდება და მათზე დაყრდნობით მოვაწერთ ხელს სამხედრო ძალის გამოყენების გამორიცხვის შესახებ შეთანხმებას. ეს უკვე იქნება ახალი საფეხური ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებასთან შედარებით. ჩვენ და შუამავლები ვაყენებდით ამ საკითხებს, თუმცა სომხეთი ჯერ ვერ ხედავს, რომ აზერბაიჯანი ამას დადებითად ეხმაურება”.

 

სარგსიანმა აღნიშნა, რომ ამ დროისთვის მიმდინარეობს მოლაპარაკებები “ყაზანის დოკუმენტის” თაობაზე, რომლის ხელმოწერაზეც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ბოლო მომენტში უარი განაცხადა.


კითხვაზე, რომ ბოლო დღეებში აქტიურად განიხილება სამშვიდობო ძალების შესაძლო დისლოკაციის საკითხი, სარგსიანმა უპასუხა:


“პირველად მესმის ამის შესახებ. დიახ, “მადრიდის პრინციპები” გულისხმობს სამშვიდობო მისიის განხორციელებას, მაგრამ ამ ეტაპზე ეს არ იყო მოლაპარაკებების საგანი.”


პრეზიდენტის თქმით, ეს დებულება “ყაზანის დოკუმენტში” დევს, თუმცა სამშვიდობო ძალების შემადგენლობა და უფლებამოსილება განისაზღვრება კონვენციით, რომელიც მოჰყვება ამ დოკუმენტის ხელმოწერას.

 

ყარაბაღის კონფლიქტის გამწვავებასთან დაკავშირებით სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა 10 აგვისტოს სოჭში გაიმართა.


სამმხრივი შეხვედრა სოჭში ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით; 10 აგვისტო, 2014 წელი;       ფოტო: bakupost-ი
სამმხრივი შეხვედრა სოჭში ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით; 10 აგვისტო, 2014 წელი; ფოტო: bakupost-ი

 

 

  მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის      ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ    ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის  თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა  არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.  

 

მასალების გადაბეჭდვის წესი