ახალი ამბები

2019 წელს ტურიზმის ინფრასტრუქტურისთვის 138 მლნ ლარია გამოყოფილი

20 თებერვალი, 2019 • 1210
2019 წელს ტურიზმის ინფრასტრუქტურისთვის 138 მლნ ლარია გამოყოფილი

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტროს ინფორმაციით, 2019 წელს ტურიზმის ინფრასტრუქტურისთვის 138 მლნ ლარია გამოყოფილი.

მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მიმდინარე წელს შემდეგი პროექტების განხორციელება იგეგმება: ზუგდიდში- ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია; ვანის არქეოლოგიური მუზეუმის მშენებლობა; სოფელ ასურეთში- შვაბების ქუჩის რეაბილიტაცია (რომელიც მოიცავს XIX საუკუნის გერმანული ეკლესიის, საცხოვრებელი სახლების და სასაფლაოს აღდგენას).

სამინისტროს ცნობითვე, 2018 წელს დაიწყო და წელს დასრულდება ბაკურიანის შემოვლითი გზის მშენებლობა. ცქიტიშვილის თქმით, ეს გზა მნიშვნელოვნად შეამცირებს დღეს არსებულ საცობებს. უწყების ინფორმაციით, უკვე დაწყებულია და 2020 წლის თებერვალში დასრულდება მიტარბის საბაგირომდე მისასვლელი გზის მშენებლობა და დიდველზე არსებული პარკინგის გაფართოება და კეთილმოწყობა.

,,ვიწყებთ ბაკურიანის ცენტრალური ბილიკის მოწყობას და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას რეკრეაციულ პარკში. დავამატებ, რომ 2023 წელს ბაკურიანი უმასპინძლებს სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატს. ამ ღონისძიების გამართვასთან დაკავშირებით კიდევ არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, რაც კიდევ უფრო გაზრდის კურორტ ბაკურიანის ცნობადობას და დამსვენებლთა რიცხვს,“-აცხადებს მინისტრი.

სამინისტროს ინფრომაციით, 2018 წელს 14 ტურისტული პროექტის განხორციელებაში 90 მლნ ლარი დაიხარჯა. მათ შორისაა:

  • გერგეტის სამებამდე მისასვლელი გზა
  • კობი-გუდაურის 7.5 საბაგირო
  • ბატონის ციხის რეაბილიტაცია
  • ვიზიტორთა ცენტრები – ვარძიაში, ხერთვისში და ვანის ქვაბებთან

მასალების გადაბეჭდვის წესი