ახალი ამბები

იმედია, ივანიშვილი კაი მსუყე თანხას ჩარიცხავს — კვიციანი ცენტრზე შეყვარებულებისთვის

20 თებერვალი, 2019 • 1661
იმედია, ივანიშვილი კაი მსუყე თანხას ჩარიცხავს — კვიციანი ცენტრზე შეყვარებულებისთვის

“პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტარმა ემზარ კვიციანმა განაცხადა, რომ იმედი აქვს, შეყვარებული წყვილების დაქორწინების ხელშესაწყობად შექმნილ ცენტრში ბიძინა ივანიშვილი “კაი მსუყე თანხას” ჩარიცხავს. იქვე ახსენა “100 მილიონი”.

ორგანიზაცია, სახელად “ქართული ემიგრაციის, დემოგრაფიული და ეკონომიკური ცენტრი”, წინა კვირას დარეგისტრირდა. კვიციანის თანახმად, ცენტრის ანგარიში 3 დღის წინ გაიხსნა და, მართალია, ჯერ არ აქვს ინფორმაცია იქ ჩარიცხული თანხის შესახებ, თუმცა ივანიშვილისგან ელის დახმარებას.

“დიდი იმედი მაქვს, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ასე თავგამოდებით არის ქველმოქმედი და ამდენი წელიწადია, ქართველი ხალხის გვერდშია, ერთ კაი მსუყე ჩანარიცხს გააკეთებს, ალბათ”, – განაცხადა კვიციანმა 19 თებერვალს “მაესტროს” ეთერში.

ჟურნალისტის კითხვაზე პასუხად კი დაამატა, რომ იმედი აქვს, არა მხოლოდ ივანიშვილი, არამედ ფონდს დაეხმარება “ყველა ქველმოქმედი, ყველა ქართველი და ყველა ის ადამიანი, ვისაც ქართველების და საქართველოს წინსვლა და გაძლიერება უნდა, მათ შორის, დეპუტატები”.

ჟურნალისტის კითხვაზე, აქვს თუ არა ცენტრს განსაზღვრული კონკრეტული თანხა, რასაც გამოუყოფენ წყვილებს, მან უპასუხა:

“მეტი კონკრეტიკა იქნება, როდესაც ბიძინა ივანიშვილი ადგება და 100 მილიონს ჩარიცხავს”.

ჟურნალისტის კითხვაზე, “ბიძინა ივანიშვილისთვის შეიქმნა ეს ცენტრი, რომ მან ჩარიცხოს თანხა”,  ასე უპასუხა:

“პირველი ქველმოქმედი მაგია და ამიტომ. მე ვფიქრობ, რომ არ დარჩება ჩრდილში ბატონი ბიძინა ივანიშვილი და აუცილებლად დაამტკიცებს მის ქველმოქმედებას და მის ქველმოქმედურ ხასიათს და აუცილებლად ჩარიცხავს გარკვეულ კაი მსუყე თანხას ამ ცენტრში”

თუმცა კვიციანმა იქვე დასძინა, რომ ამ თემაზე ივანიშვილთან არ უსაუბრია.

 

კვიციანმა რამდენიმე კვირის წინ დააანონსა ორგანიზაციის დაარსება, სადაც თანხას “ემიგრანტები ჩარიცხავენ და ეს ფული იმ შეყვარებულ წყვილებს მოხმარდება, რომლებიც უსახსრობის გამო ოჯახის შექმნას ვერ ბედავენ”. ცენტრი ოფიციალურად 13 თებერვალს დარეგისტრირდა, თუმცა თავად კვიციანი არც დამფუძნებელია, არც მეწილე ან მფლობელი.

ცენტრის იურიდიული მისამართი ქუთაისია. მმართველი ორგანო აღმასრულებელი საბჭოა, რომლის წევრები არიან მოქალაქეები, გელა ხარჭამაძე და ნუნუ შალამბერიძე, თავმჯდომარე კი მალხაზ ლომსაძეა. აღმასრულებელი დირექტორის პოსტს შალამბერიძე იკავებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი