ახალი ამბებიბლოგებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

“ნუთუ, იქ ყველაფერი სხვანაირია?” – აფხაზი ჟურნალისტის სამუშაო ვიზიტი ენგურს გამოღმა

20 თებერვალი, 2019 • 6954
“ნუთუ, იქ ყველაფერი სხვანაირია?” – აფხაზი ჟურნალისტის სამუშაო ვიზიტი ენგურს გამოღმა

მარიანა კოტოვას ბლოგი სოხუმიდან


“ზეგ ენგურჰესზე გადაღებაზე მიდიხარ” – შემატყობინა რედაქტორმა და მითხრა, რომ “ჩერნომორენერგოს” პრესსამსახურში პასპორტის ასლი უნდა გამეგზავნა. ის, რომ კაშხალზე მივდიოდით, აზრადაც არ მომსვლია.

“ენგურჰესის” სადგურს საკმაოდ კარგად ვიცნობ, არაერთხელ ვარ იქ ნამყოფი, ამიტომაც წინასწარ დავიწყე ფიქრი იმის შესახებ, თუ რა კადრებისა და რომელი გმირების გადაღება დამჭირდებოდა.

როდესაც აფხაზი ჟურნალისტები საზღვართან მოგვიყვანეს, პასპორტები ჩამოგვართვეს და უსაფრთხოების სამსახურში წაიღეს, გასაგები გახდა – ენგურს იქით გადავდიოდით.

“ენგურჰესის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ლევან მებონია აფხაზ ჟურნალისტებს აფხაზურ მხარეს, აფხაზურ და ქართულ მხარეებს შორის არსებულ საკონტროლო გამშვებ პუნქტზე დახვდა. სანამ ავტობუსს ველოდით, რომელსაც ჟურნალისტები ენგურის ხიდით უნდა გადაეყვანა, ლევან მებონია გვიყვებოდა იმის შესახებ, რა უნდა გვენახა და რა გზა უნდა გაგვევლო. ის დაინტერესდა, აქამდე თუ ვართ ნამყოფი კაშხალზე და ქართულ მხარეს.

ვერ ვიტყვი, რომ განსაკუთრებული ემოციები მქონდა მაშინ. ყველაზე მეტად ცნობისმოყვარეობის გრძნობა გამიჩნდა.  “ნეტავ, როგორაა იქ?” – თავში ეს კითხვა მიტრიალებდა – “ნუთუ, იქ ყველაფერი სხვანაირია?”

ენგურის ხიდიდან ზუგდიდამდე მხოლოდ 11 კილომეტრია. დაახლოებით ისეთი მანძილი, რაც სოხუმში ჩემი სახლიდან სამსახურამდე. არ ველოდი, რომ ვიღაც ადამიანების მშვიდი ქალაქური ცხოვრებიდან ასე ახლოს ვიმყოფებოდით.

მთელი ის დრო, როდესაც გზაში ვიყავით, “ენგურჰესის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ლევან მებონია ჩვენს მრავალრიცხოვან კითხვებს პასუხობდა და “ენგურჰესის” მნიშვნელობის შესახებ გვიყვებოდა.

“ენგურჰესი უმსხვილესი ჰიდროელექტროსადგურია სამხრეთ კავკასიაში, – გვეუბნება მებონია – ჩვენი ამოცანაა, არა მხოლოდ სადგურის მუშაობას შევუწყოთ ხელი, არამედ მის უსაფრთხოებაზეც ვიზრუნოთ. ჰიდროტექნიკური აღჭურვილობის, კაშხლის ან გვირაბის დაზიანებამ შეიძლება ტექნოგენური კატასტროფა გამოიწვიოს, რომელიც უმსხვილეს რეგიონებს ჩაითრევს”.

ზუგდიდი, ყოველ შემთხვევაში ის, რისი ნახვაც მოვასწარი ჩვენი ხანმოკლე მგზავრობის დროს, იმაზე უფრო მჭიდროდ დასახლებულ ქალაქად მომეჩვენა, ვიდრე რომელიმე ქალაქი აფხაზეთში.

არქიტექტურაც სხვანაირია. თუ აფხაზეთში თვალში გხვდება მეოცე საუკუნის დასაწყისში არტ-ნუვოს სტილში აშენებული, რაღაცით ევროპასთან ასოცირებული ძველი შენობები, აქ ნაგებობები უფრო თანამედროვეა, რაღაც სტამბულის მრავალსართულიანებს რომ მოგაგონებს.

თვალში გეცემა ახალთახალი, შუშისგან და ბეტონისგან აშენებული ერთსართულიანი პოლიციის შენობებიც, რომლებიც საკუთარი თავის შესახებ თავადვე ჰყვებიან.

აფხაზეთში კი შემთხვევითი გამვლელი ვერასოდეს მიხვდება, სად არის მილიციის კანტორა. შეიძლება უმნიშვნელო დეტალია, თუმცა – სიმბოლური.

კაშხალზე სოფელ რუხის გავლით მივდიოდით. აი, აქ კი ვერ ვნახე რაიმე განმასხვავებელი აფხაზური სოფლებისგან – ისეთივე დიდი სახლები და აკურატული ეზოები მწვანე საფარითა და მყარი ჭიშკრით. გარშემო კი ნაცრისფერ-ყავისფერი მთები. ჩვეულებრივი, სამხრეთკავკასიური ზამთრის პეიზაჟი.

სერპანტინით სულ უფრო და უფრო ზემოთ, კაშხლისკენ ავდიოდით და თვალწინ გრანდიოზული ნაგებობაც გამოჩნდა. ადამიანის გონებისა და შრომის ნამდვილი ძეგლი – ვფიქრობ ჩემთვის.  

ორმოც წელზე მეტია სადგური მილიონობით ადამიანს, ენგურის ორივე მხარეს ემსახურება.

ტანში ჟრუანტელი გივლის, როდესაც ხვდები, რომ ამ წყალსაცავში არსებულ ყოველი წყლის წვეთზეა დამოკიდებული სითბო, სინათლე, საკვები, რომელსაც ვიღებთ, და ზუსტად ამ წერტილში იკარგება ყველა უთანხმოება, ორმხრივი პრეტენზიები თუ მოლოდინები. “ენგურჰესი” ერთადერთი მწარმოებელია, სადაც აფხაზი და ქართველი სპეციალისტები წარმატებულად თანამშრომლობენ – სარემონტო სამუშაოებს, დაგეგმილ გათიშვებს ქართული და აფხაზური მხარეები შეთანხმებულად ახორციელებენ.

ლევან მებონიას ინფორმაციით, 1000-ზე მეტი ადამიანი მუშაობს ენგურჰესზე და ვარდნილ ჰესზე. მათი უმრავლესობა კი გალის რაიონის მცხოვრებია.

ეს ადამიანები მუშაობენ  ყოველგვარი “მაგრამის” გარეშე. სწორედ ასეთ დროს ფიქრობ, რომ მშვიდობა მხოლოდ იქ შეიძლება იყოს, სადაც ხალხს არაფერი აქვთ გასაყოფი, სადაც თითოეულს განსაკუთრებული ცხოვრებისეული ამოცანა აქვს შესასრულებელი, რაზეც ადამიანების კეთილდღეობაა დამოკიდებული.

მალევე მოვეშვი ასეთ ფიქრებს – ბოლო დღეების განმავლობაში “ენეგურჰესის” წყალსაცავზე წყლის დონემ კრიტიკულად დაბალ ნიშნულს მიაღწია, რაც უახლოეს 20 დღეში ელექტროსადგურის გაჩერებისა და, შესაბამისად, აფხაზეთში ელექტროენერგიის გათიშვის საფრთხეს ქმნის.

ყოველი წლის თებერვლის ბოლოს, როგორც წესი, ენგურჰესზე წყლის დონე კრიტიკულ ნიშნულამდე ეცემა და აფხაზეთის ტერიტორიაზე ელექტრონერგიის ჭარბ მოხმარებას ვეღარ აკმაყოფილებს.

სპეციალისტების თქმით, პრობლემას მოსახლეობის მიერ ელექტროენერგიის ჭარბი რაოდენობით მოხმარება და ელექტროენერგიაზე დაბალი ტარიფი იწვევს, რომელიც ელექტროენერგიის წარმოებაზე და ელექტროქსელების შენახვაზე ხარჯებს ვერ ფარავს.

ლევან მებონიაც გვეუბნება, რომ აფხაზეთში ტარიფი გადასახედია, სხვა შემთხვევაში აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარების შემცირება ვერ მოხდება და ყოველთვის იქნება საფრთხე, რომ ზამთრის პერიოდში აფხაზეთს პრობლემა შეექმნას. დღევანდელი გამოსავლი კი რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი ან ელექტროენერგიის შეზღუდული მოხმარებაა.

ნებისმიერი მოგზაურობიდან ადამიანები ოდნავ სხვანაირები ვბრუნდებით ხოლმე. ეს იყო ერთდღიანი სამუშაო გასვლა, მაგრამ ამავე დროს იყო დიდი მოგზაურობა, რომელიც აფხაზეთში არ არის ყველასთვის ხელმისაწვდომი, არადა, საჭიროა იმისთვის, რომ იცოდნენ და ნახონ, სად იბადება მათი სახლების ნათურებში სინათლე, აბაზანებში სითბო და კერძიდან ამომავალი ორთქლი.

მარიანა კოტოვა; ენგურჰესის კაშხალი; 2019

მასალების გადაბეჭდვის წესი