ახალი ამბები

ბერნი სანდერსმა გამოაცხადა, რომ კენჭს იყრის პრეზიდენტის პოსტზე

19 თებერვალი, 2019 • 1647
ბერნი სანდერსმა გამოაცხადა, რომ კენჭს იყრის პრეზიდენტის პოსტზე

სენატორი ბერნი სანდერსი აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ბრძოლაში ჩაება.

სანდერსს 2016 წელსაც სურდა პრეზიდენტობა, თუმცა “დემოკრატების” პრაიმერიზში, ანუ შიდა პარტიულ არჩევნებში, ჰილარი კლინტონთან დამარცხდა. საბოლოოდ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა.

“2016 წლის საარჩევნო კამპანიით ჩვენ პოლიტიკური რევოლუცია დავიწყეთ, ახლა კი დროა, რევოლუცია წინ წავიდეს”, — ასე მიმართა ამომრჩეველს ვერმონტის დამოუკიდებელმა სენატორმა 19 თებერვალს.

იმავე განცხადებაში სანდერსმა გააკრიტიკა დონალდ ტრამპი და მას “თანამედროვე ამერიკის ისტორიაში ყველაზე საშიში პრეზიდენტი” უწოდა.

ბერნი სანდერსი ამჟამად 77 წლისაა. თუკი გაიმარჯვებს, ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული პრეზიდენტი იქნება. The Guardian-ის თანახმად, სანდერსს მიაჩნია, რომ უკვე გადატვირთულ პრაიმერიზში დაამარცხებს უმცირესობების წარმომადგენელ და ქალ კანდიდატებს, შემდეგ კი — დონალდ ტრამს.

რამდენიმე კვირის წინ საარჩევნო კამპანია დააანონსა კიდევ ერთმა დემოკრატმა სენატორმა, კორი ბუკერმა. პრაიმერიზში მონაწილეობას იღებენ სენატორები, კამალა ჰარისი (კალიფორნია), კირსტენ გილიბრენდი (ნიუ-იორკი) და ემი კლობუჩარი (მინესოტა). ვარაუდობდნენ, რომ კამპანიაში ჩაერთვებიან ჯო ბაიდენი, ყოფილი სენატორი და ვიცეპრეზიდენტი ბარაკ ობამას დროს, და მილიარდერი ბიზნესმენი, ნიუ-იორკის ყოფილი მერი მაიკლ ბლუმბერგი, თუმცა მათ ჯერ არ დაუდასტურებიათ ამის შესახებ ინფორმაცია.

ათწლეულების განმავლობაში სანდერსი პირველი ლიდერია, ვინც აცხადებს, რომ დემოკრატიული სოციალისტია. იგი ემხრობა საყოველთაო ჯანდაცვას, 15-დოლარიან მინიმალურ საათობრივ ანაზღაურებას, კლიმატური ცვლილებების წინააღმდებ ბრძოლას და მაღალი შემოსავლის მქონე ადამიანებისთვის მაღალი გადასახადების დაწესებას.

სიტყვაში, რომელიც 19 თებერვალს გამოქვეყნდა, სანდერსი ამბობს, რომ მისი კამპანია ემსახურება “ეკონომიკურ, სოციალურ, რასობრივ და გარემოსთან დაკავშირებულ სამართლიანობის პრინციპებზე დამყარებული მთავრობის ჩამოყალიბებას”.

მასალების გადაბეჭდვის წესი