ახალი ამბები

სკოლებში მომდევნო წლიდან ჩინური ენის სწავლა გახდება შესაძლებელი

19 თებერვალი, 2019 • 1698
სკოლებში მომდევნო წლიდან ჩინური ენის სწავლა გახდება შესაძლებელი

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, უკვე მომზადდა წლიური პროგრამა, რომლის მიხედვითაც, მომავალი წლიდან სკოლებს არჩევით ენად ჩინური ენის სწავლების საშუალება ექნებათ. ამის შესახებ ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა მარიამ ჩიქობავამ განაცხადა.

“ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, ამჟამად სავალდებულოა ორი უცხო ენის ფლობა: პირველი ეს არის ინგლისური, რომელიც სავალდებულოდ ისწავლება პირველიდან მე-12 კლასის ჩათვლით, ხოლო მეორე შეიძლება იყოს ნებისმიერი სხვა და ეს შემოდის მე-5 კლასიდან. ის, თუ რომელ ენას აიღებს სკოლა არჩევითად, დამოკიდებულია მშობლების სურვილსა და სკოლის შესაძლებლობებზე.

აქამდე ჩვენ ძალიან დიდი ტრადიცია გვქონდა ევროპული ენების სწავლების და, როგორც წესი, ისწავლება ფრანგული, გერმანული რუსული ენები. თუმცა აღმოსავლური ენების მიმართ დაინტერესება გაიზარდა. სწორედ ამიტომ, ჩინეთის საელჩოსთან და თავისუფალი უნივერსიტეის კონფუცის ინსტიტუტთან ერთად ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ. უკვე მომზადდა წლიური პროგრამა, ასევე გრამატიკა, და ჩვენს მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ მეხუთე კლასიდან აირჩიონ ეს ენა,” – ამბობს მარიამ ჩიქობავა.

მისი თქმით, ამჟამად რესურსების მომზადება, მათ შორის პედაგოგების გადამზადება მიმდინარეობს. ჩიქობავა განმარტავს, რომ თუ ახალი სასწავლო წლიდან სკოლების მხრიდან დაინტერესება დიდი იქნება, სამინისტრო მათ ახალი ენის სწავლების დანერგვაში დაეხმარება.

“თვითონ სკოლამ უნდა გამოთქვას სურვილი. იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეთა გარკვეული რაოდენობა მოგროვდება და შეიქმნება ჯგუფი ან კლასი, სკოლა მოგვმართავს და ჩვენ უზრუნველვყოფთ მათ სასწავლო რესურსით, ასევე, პედაგოგთა გადამზადებით. ამის შესაძლებლობა უკვე არსებობს,” – დასძენს ჩიქობავა.

რაც შეეხება მასწავლებლებს, სამინისტროში ამბობენ, რომ ჩინურის სწავლება შეეძლება როგორც საქართველოს მოქალაქეს, რომელმაც ენა კარგად იცის, ასევე უცხოეთიდან ჩამოსულ მოხალისეს. სახელმძღვანელო მოსწავლეებს ქართულენოვანი ექნებათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი