ახალი ამბები

კობა დავითაშვილი მთაწმინდის შუალედურ არჩევნებში იყრის კენჭს

19 თებერვალი, 2019 • 2833
კობა დავითაშვილი მთაწმინდის შუალედურ არჩევნებში იყრის კენჭს

კობა დავითაშვილი მთაწმინდის შუალედურ არჩევნებში იყრის კენჭს. ამის შესახებ მან მედიაცენტრში “მთავარი” გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

როგორც დავითაშვილმა “ნეტგაზეთს” პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ განუცხადა, არჩევნებში დამოუკიდებლად იყრის კენჭს, თუმცა მისი ამოცანა “კონსერვატიული პოლიტიკური ძალის ფორმირება” იქნება.

“დამოუკიდებლად ვიყრი კენჭს, თუმცა ჩემი ამოცანა იქნება კონსერვატიული ძალის ფორმირება, რომ 2020 წელს ქართულ საზოგადოებას აღარ ჰქონდეს არჩევანი ცუდსა და უარესს შორის, არამედ ჰქონდეს კარგი არჩევანი; არჩევანი, რომელიც გამოხატავს მის სულისკვეთებას და რომელსაც არ გამოხატავს დღევანდელი პოლიტიკური სპექტრი”, – თქვა მან.

მისი თქმით, სურს შექმნას “არა მესამე ძალა, არამედ პირველი ძალა, რომელიც ხელისუფლებას აიღებს”.

პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზებზე საუბრისას კობა დავითაშვილი აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება “ქართული ოცნების” პოლიტიკურმა კურსმა მიაღებინა.

“…დღეს არის საფრთხე იმ პოლიტიკის გამო, რომელსაც ახორციელებს “ქართული ოცნება”. ის როგორც შემადგენლობით, ისე პოლიტიკით იქცა “ნაციონალური მოძრაობის” ლიბერალურ ფრთად. აქედან გამომდინარე, დიდია საფრთხე, რომ 2020 წელს ჩვენ ვიხილოთ “ნაციონალური მოძრაობის დაბრუნება ხელისუფლებაში. ამიტომ მე ვიმყოფები უკიდურესი აუცილებლობის მდგომარეობაში, რადგან ჩემთვის ესაა კატასტროფის ტოლფასი და მგონია, რომ ქვეყნისთვისაც ასეა”, – აცხადებს დავითაშვილი.

კობა დავითაშვილი იყო საქართველოს V, VI, VII და VIII მოწვევის პარლამენტის წევრი. ბოლოს, 2012 წელს, საკანონმდებლო ორგანოში ის კოალიცია “ქართული ოცნების” სიით მოხვდა, თუმცა 2013 წელს უმრავლესობა დატოვა და პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით დარჩა 2016 წლამდე.

ის 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობდა, სადაც 0.6% მიიღო. მანამდე დავითაშვილი აცხადებდა, რომ თუ ხმების 3%-ს მაინც ვერ აიღებდა, პოლიტიკიდან წავიდოდა.

დავითაშვილის ერთ-ერთი ბოლო აქტივობა საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმების მოთხოვნა იყო მას შემდეგ, რაც სასამართლომ მარიხუანის მოხმარების ლეგალიზაციის გადაწყვეტილება მიიღო.

2019 წლის გაზაფხულზე მთაწმინდის ოლქში შუალედური არჩევნები იმართება. სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტად არჩევამდე სწორედ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი იყო პარლამენტში.

შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას, დავითაშვილის გარდა, ისტორიკოსი გრიგოლ გეგელია და 2007-2009 წლებში სახალხო დამცველ სოზარ სუბარის მოადგილე სოფიო ხორგუანიც აპირებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი