ახალი ამბებიეკონომიკასამართალი

უნდათ, რომ ბანკს დაეპატრონონ – ხაზარაძის წერილი თანამშრომლებს

19 თებერვალი, 2019 • 3153
უნდათ, რომ ბანკს დაეპატრონონ – ხაზარაძის წერილი თანამშრომლებს

ორკესტრირებული თავდასხმა თიბისი ბანკზე სახელისუფლებო უწყებების მხრიდან, რომლის მიზანიც არის ბანკის დაპატრონება, – იმის შესახებ, რაზეც მამუკა ხაზარაძემ გუშინდელ პრესკონფერენციაზე ვერ ილაპარაკა, თიბისი ბანკის 7000 თანამშრომელს კონფიდენციალურ წერილში ესაუბრება.

თიბისი ბანკის ხელმძღვანელისგან შიდა ელექტრონულ მისამართებზე აღნიშნული წერილის მიღების შესახებ ნეტგაზეთს ორმა სხვადასხვა წყარომ დაუდასტურა. ბანკში ოფიციალურად არ ადასტურებენ წერილის ავთენტურობას და აცხადებენ, რომ ეს შიდა კომუნიკაციების საქმეა.

წერილში, რომელიც თავდაპირველად რუსთავი 2-მა გაავრცელა, მამუკა ხაზარაძე ბანკის თანამშრომლებს უყვება, რომ მათი ბიზნესისტორიის 29 წლის განმავლობაში უპრეცედენტო შეტევებისა და წნეხის ქვეშ იმყოფება სახელმწიფო უწყებების მხრიდან. ხაზარაძის თქმით, ეს არის ორკესტრირებული თავდასხმა, რომლის მიზანია, ის და ბადრი ჯაფარიძე ჩამოაშორონ საკუთარ საქმეს.

ხაზარაძის სრული წერილი თანამშრომლებს:

“მეგობრებო, თიბისელებო.

ჩვენ ბიზნესისტორიის 29 წლის განმავლობაში ვიმყოფებით უპრეცედენტო შემოტევებისა და წნეხის ქვეშ სახელმწიფო უწყებების მხრიდან. ეს არის ორკესტრირებული თავდასხმა, რომლის მიზანია, ჩამოგვაშორონ მე და ბადრი ჩვენს საკუთარ საქმეს, რომელსაც 27 წელი შევწირეთ თქვენთან ერთად. ასევე, ჩვენ და ბანკს დაგვაბრალონ ყველაზე საშინელი დანაშაული, ფულის გათეთრება და შემდეგ დაეპატრონონ ბანკს.

ამას ვერ დავუშვებთ!

ჩვენი გუნდი არის წარმატების მაგალითი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.
ჩვენ ერთად შევქმენით ეს უნიკალური კულტურის, ურთიერთობებისა და ტრადიციების მქონე პროფესიონალთა გუნდი, დღეს ამ გუნდის გახლეჩა და დაშლა უნდათ.

ამას ვერ დავუშვებთ!

დღეს, როგორც არასდროს, ერთად დგომა არის გადარჩენის ერთადერთი შანსი, ბრძოლა არ იქნება ხანმოკლე. სჭირდება გამძლეობა და სიმამაცე.

ღმერთი იყოს ჩვენი შემწე ამ უთანასწორო და უსამართლო ომში.

ჩვენ ვიბრძლებთ!

ჩვენ გავიმარჯვებთ!”

რაზე (არ/ვერ) ისაუბრეს ხაზარაძემ და ჯაფარიძემ პრესკონფერენციაზე

მამუკა ხაზარაძემ გუშინდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ TBC ბანკი მზადაა, დიალოგის რეჟიმში განაგრძოს მოცემული სიტუაციიდან ეროვნულ ბანკთან ერთად გამოსავლის ძიება იმისთვის, რომ თავიდან აიცილონ პოტენციური ნეგატიური ზეგავლენა საქართველოს საინვესტიციო გარემოზე და ქვეყნის ეკონომიკაზე.

თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ სასამართლოში გაასაჩივრეს 11 წლის წინანდელ საქმეზე გამოტანილი რეგულატორის ყველა გადაწყვეტილება და ელოდებიან მართლმსაჯულებას.

მამუკა ხაზარაძემ ასევე განაცხადა, რომ სახლემწიფო, ერთი მხრივ, მხარს უჭერს ანაკლიის პორტის მშენებლობას, თუმცა გამოძიების დაწყების პროცესით აზიანებს მას. მისი მტკიცებით, ხუთი წლის წინ დაიწყეს მოლაპარაკება რამდენიმე საფინანსო ინსიტიტებთან ანაკლიის პორტის დაფინანსების საკითხზე.

თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ბადრი ჯაფარიძემ კი უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ბიძინა ივანიშვილი მას და მამუკა ხაზარაძეს გიორგი გახარიას მეშვეობით ბანკის წილების დათმობას სთხოვდა.

18 თებერვლის პრესკონფერენციის სრული ჩანაწერი:

საპარლამენტო უმცირესობამ 19 თებერვალს თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, მამუკა ხაზარაძეს შესთავაზა, რომ პარლამენტში დაესწროს საკომიტეტო მოსმენას, რომელშიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტიც მიიღებს მონაწილეობას.

ევროპული საქართველოს ლიდერის, დავით ბაქრაძის შეთავაზებასთან დაკავშირებით მამუკა ხაზარაძე და ბადრო ჯაფარიძე ერთობლივ განცხადება გაავრცელეს. თიბისი ბანკის ხელმძღვანელები მზად არიან, პარლამენტში დეპუტატებს შეხვდნენ.

მზად ვართ, პარლამენტში დეპუტატებს შევხვდეთ – ხაზარაძე და ჯაფარიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი