გარდაიცვალა მეზღვაური II მსოფლიო ომის დროინდელი ცნობილი ფოტოდან

ჯორჯ მენდონსა, მეზღვაური, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დასრულების გამოცხადების შემდეგ გადაღებულ ცნობილ ფოტოში ექთნის ფორმაში გამოწყობილ ქალს კოცნის, 95 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ფოტო 1945 წლის 14 აგვისტოსაა გადაღებული ნიუ-იორკში, “ტაიმზ სკვერზე”, როდესაც შტატების იაპონიაზე გამარჯვებას აღნიშნავდნენ. ფოტო ეკუთვნის გერმანელ ფოტორეპორტიორ ალფრედ ეიზენშტედტს, რომელიც ჟურნალ “ლაიფისთვის” (LIFE) მუშაობდა.

მენდონსა აშშ-ის საზღვაო ფლოტის მეზღვაური იყო; ექთანი, რომელსაც ის ფოტოში კოცნის, იყო გრეტა ზიმერ ფრიდმანი, რომელიც 2016 წელს გარდაიცვალა 92 წლის ასაკში.

ფოტოზე გამოსახული ეს ორი ადამიანი ერთმანეთს არ იცნობდა. ფრიდმანი მოგვიანებით ინტერვიუებში იხსენებდა, მოულოდნელად როგორ აკოცა მას სრულიად უცხო კაცმა. იმის მიუხედავად, რომ ფოტო იაპონიაზე გამარჯვების სიმბოლოა, დღეს მას გაცილებით მეტი კრიტიკოსი ჰყავს, რადგან, როგორც ტაიმი წერს, იგი ქალის მიმართ საჯარო სექსუალური ძალადობის ფოტოდოკუმენტაციაა.

“კოცნა” – ალფრედ ეიზენშტედის ფოტო. ტაიმს სქვერი, ნიო-იორკი, 1945 წლის 14 აგვისტო. ფოტო: LIFE

რადგან ფოტოზე სახეები დაფარულია, დაახლოებით 1980 წლამდე ფოტოს მოქმედი გმირების ვინაობა უცნობი იყო. გამოჩნდა რამდენიმე წყვილი, დაახლოებით 11 კაცი და 3 ქალი, რომლებიც ამტკიცებნენ, რომ ფოტოზე თავად იყვნენ აღბეჭდილი.

ჯორჯ მენდონსა პოზირებს 1945 წელს გადაღებულ ფოტოსთან. ფოტო: AP

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია 2018 წლის 1 სექტემბრიდან არის ნეტგაზეთის რეპორტიორი. ის ადრეც მუშაობდა ნეტგაზეთში — 2016 წლის მაისიდან 2017 წლის თებერვლამდე. Email: lukapertaia@gmail.com