სომხეთის ექსპრეზიდენტის შვილს ოფიციალურად წაუყენეს ბრალი

სომხეთის მეორე პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის შვილს, სედრაკ ქოჩარიანს 18 თებერვალს ოფიციალურად წაუყენეს ბრალი გადასახადებისთვის თავის არიდებისა და ფულის გათეთრებისთვის, — წერს რადიო “თავისუფლების” სომხური ბიურო.

გამოძიებას აწარმოებს ეროვნული უსაფრთხოების სამსახური (NSS), რომელსაც ჯერ არ უსაუბრია საქმის დეტალებზე. თუმცა ამ ორგანოს ხელმძღვანელმა, არტურ ვანეციანმა სექტემბერში განაცხადა, რომ იკვლევდა “ქოჩარიანების ოჯახის მფლობელობაში არსებული მილიონობით დოლარის ღირებულების ქონების საკითხს” და მათ აბრალებდა “თაღლითურ სქემაში მონაწილეობას”.

პასუხად სედრაკ ქოჩარიანმა მას დეფამაციისთვის უჩივლა. 18 თებერვალს, ბრალდების ოფიციალურად წარდგენის შემდეგ კი განაცხადა: “რაც ხდება, საერთოდ არ მიკვირს. [პრემიერი] ნიკოლ ფაშინიანი დიდი ხანია, ჩვენს ოჯახზეა გადაკიდებული, ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა ჟურნალისტი იყო”.

მან გაიმეორა მამის, რობერტ ქოჩარიანის სიტყვები და თქვა, რომ 2008 წლის არჩევნების შემდგომი ძალადობა ფაშინიანის ბრალი იყო.

რობერტ ქოჩარიანი ამჟამად პატიმრობაში იმყოფება 2008 წლის საპროტესტო დემონსტრაციების დარბევის საქმესთან დაკავშირებით. ქოჩარიანს, რომელიც აქციების დროს ჯერ ისევ პრეზიდენტის პოსტს იკავებდა, რამდენიმე კვირის წინ წინასწარი პატიმრობის ვადა გაუხანგრძლივეს, რაც მან გაასაჩივრა, თუმცა საჩივარი არ დაუკმაყოფილეს.

დარბევის დღეს, პირველ მარტს, მოქმედმა პრეზიდენტმა რობერტ ქოჩარიანმა დემონსტრაციების პასუხად საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. სომხეთის სამართალდამცველი სტრუქტურები მას ამ მოვლენებისას მშვიდობიანი დემონტრაციის დარბევას და სომხეთის საკონსტიტუციო წყობის დამხობას ედავებიან. ქოჩარიანი ბრალდებებს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.

2008 წლის პირველი მარტის მასობრივი საპროტესტო აქციების დროს ძალოვნებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. შეტაკებების შედეგად, 10 მოქალაქე დაიღუპა, ასეულობით კი დაშავდა. მათი დაღუპვის საქმეები ამ დრომდე არ არის ბოლომდე გამოძიებული.

ნიკოლ ფაშინიანი იმ დროს პირველი პრეზიდენტის, ლევონ ტერ-პეტროსიანის შტაბის უფროსი იყო; ტერ-პეტროსიანი იმ არჩევნებში ძირითადი ოპოზიციური ფიგურა იყო. მისი მოწოდებით დაიწყო საპროტესტო აქციები, იგი არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევდა. არჩევნების შედეგებით პრეზიდენტი სერჟ სარქისიანი გახდა.

რობერტ ქოჩარიანი

სარქისიანი საბოლოოდ ნიკოლ ფაშიანიანის მშვიდობიანი “ხავერდოვანი რევოლუციის” შემდეგ გადადგა.

სედრაკ ქოჩარიანის თანახმად, მას ქვეყნის დატოვება აუკრძალეს გამოძიების დასრულებამდე.

გარეკანის ფოტო: რადიო თავისუფლება

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია 2018 წლის 1 სექტემბრიდან არის ნეტგაზეთის რეპორტიორი. ის ადრეც მუშაობდა ნეტგაზეთში — 2016 წლის მაისიდან 2017 წლის თებერვლამდე. Email: lukapertaia@gmail.com