19 თებერვალს გაიმართება სასამართლო “წითელი ცხვირების” საქმეზე

2019 წლის 19 თებერვალს, 15:00 საათზე გაიმართება სასამართლო პროცესი საქველმოქმედო კამპანია “წითელი ცხვირების” საქმეზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოში დავა მიმდინარეობს მოქალაქეებს, თეონა ბაღდავაძესა და აკა სინჯიკაშვილს შორის.

სინჯიკაშვილმა საქველმოქმედო კამპანიის ფარგლებში ე.წ. წითელი ცხვირების გაყიდვით შემოსული თანხების მითვისებაში ამ კამპანიის ორგანიზატორი და მისი პარტნიორი თეონა ბაღდავაძე 2017 წლის ივნისში დაადანაშაულა.

აკა სინჯიკაშვილმა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს მიმართა, ბაღდავაძემ კი თბილისის საქალაქო სასამართლოში უჩივლა სინჯიკაშვილს რეპუტაციის შელახვისთვის.

სინჯიკაშვილმა 18 თებერვალს დაწერა, რომ სასამართლოს “ყველა მასალას და დოკუმენტს” წარუდგენს, რათა დაამტკიცოს, რომ ბაღდავაძისთვის ტყუილად არ დაუბრალებია თანხის მითვისება. რამდენიმე დღის წინ კი ბაღდავაძემ დაწერა, რომ “ამ საშინელ ბრალდებას და პროექტის ფარგლებში შეგროვებული თანხის უკანონო მითვისებას ასე არ დატოვებს”.


უთანხმოება ე.წ. წითელი ცხვირების გაყიდვით შემოსული თანხების რაოდენობის სიზუსტესა და განაწილებას ეხება. თითოეული “ცხვირი” 5 ლარად იყიდებოდა და შემოსული თანხა, rednose.ge-ზე გამოცხადებული მიზნების თანახმად, უნდა მოხმარებოდა თავშესაფრის აშენებას და ლეიკემიით დაავადებული პირის მკურნალობას.

თანხებთან დაკავშირებით გაუგებრობების შესახებ საზოგადოებამ გაიგო აკა სინჯიკაშვილის მიერ 2017 წლის 16 ივნისს ფეისბუკზე გამოქვეყნებული პოსტიდან. სინჯიკაშვილის მას ფულის მითვისებაში ადანაშაულებდა.


სინჯიკაშვილს ბაღდავაძის მიმართ რამდენიმე პრეტენზია აქვს. იგი ეჭვობდა, რომ გაცილებით უფრო მეტი “წითელი ცხვირი” გაიყიდა, ვიდრე ბაღდავაძემ მას უთხრა. კერძოდ, იგი ფიქრობს, რომ გაიყიდა 15 000 “ცხვირი” და შემოსული თანხა იყო 75 000 ლარი, საიდანაც მას რეალურად 35 000 ლარი გადასცეს. როგორც სინჯიკაშვილი ამბობს, ჩინეთიდან ორ პარტიად გამოიწერეს “ცხვირები” და მხოლოდ პირველ პარტიაში, რომელიც მთლიანად გაიყიდა, 20 000 “ცხვირი” იყო.  ასევე, სინჯიკაშვილის თქმით, თანხები შემოდიოდა მაისურების გაყიდვიდან და სპონსორობიდანაც. სინჯიკაშვილი ბაღდავაძეს შანტაჟშიც ადანაშაულებს და ამბობს, რომ ამ პოსტის არდადების სანაცვლოდ ბაღდავაძე თანხას სთავაზობდა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 2018 წლის თებერვალში განაცხადა, რომ აკა სინჯიკაშვილის განცხადების საფუძველზე ე.წ. წითელი ცხვირების საქმე შეისწავლეს, მაგრამ გამოძიება არ დაიწყეს, რადგან დანაშაულის ნიშნები ვერ დაინახა წარდგენილ დოკუმენტებში. ამის შემდეგ სინჯიკაშვილმა დაწერა, რომ ჯერ არაფერი გარკვეულა და ამ საქმეს კიდევ სჭირდება გამოძიება.

როგორც მაშინ თეონა ბაღდავაძემ ნეტგაზეთს განუცხადა, სასამართლოში ასევე მოითხოვს 35 000 ლარის დაბრუნებას, რომელიც აკა სინჯიკაშვილს გადასცა ე.წ. დღის ცენტრის გასაკეთებლად.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია 2018 წლის 1 სექტემბრიდან არის ნეტგაზეთის რეპორტიორი. ის ადრეც მუშაობდა ნეტგაზეთში — 2016 წლის მაისიდან 2017 წლის თებერვლამდე. Email: lukapertaia@gmail.com