ახალი ამბები

სექსუალური შევიწროების კანონპროექტს ჯანდაცვის კომიტეტზე ერთხმად დაუჭირეს მხარი

18 თებერვალი, 2019 • 1397
სექსუალური შევიწროების კანონპროექტს ჯანდაცვის კომიტეტზე ერთხმად დაუჭირეს მხარი

დღეს, 18 თებერვალს, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტმა სექსუალური შევიწროების შესახებ კანონპროექტი განიხილა და მას პირველი მოსმენით მხარი ერთხმად დაუჭირა. კანონპროექტით სექსუალური შევიწროება საჯარო და კერძო ისჯება სივრცეში და ფულად სანქციებს ითვალისწინებს.

კანონპროექტი კომიტეტს დიმიტრი ცქიტიშვილმა წარუდგინა.

როგორც ავტორები განმარტავენ, კანონპროექტის მიხედვით, სექსუალური შევიწროების კონტროლი საჯარო სივრცეში პატრულს დაექვემდებარება და დადასტურების შემთხვევაში ჯარიმა 300 ლარი იქნება. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ პირი ამგვარ ქმედებას პირველი სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში ხელახლა ჩაიდენს, მას 500 ლარის გადახდა მოუწევს.

ჯარიმა გაიზრდება იმ შემთხვევაშიც, თუ ქმედებას დამამძიმებელი გარემოებები ექნება, როგორიცაა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, ორსულის მიმართ, შშმ პირის მიმართ ან არასრულწლოვნის თანდასწრებით ჩადენილი სექსუალური შევიწროება. ასეთ შემთხვევაში პირს ჯარიმა 500-დან 800 ლარამდე დაეკისრება. თუ პირი ამგვარ ქმედებას გაიმეორებს, ჯარიმა 800-დან 1000 ლარამდე გაიზრდება.

რაც შეეხება კერძო სივრცეს, კანონპროექტის მიხედვით, სექსუალური შევიწროების კონტროლი და მონიტორინგი სამუშაო სივრცეში თავად დამსაქმებელს და სახალხო დამცველს ეკისრება. იმ შემთხვევაში, თუ სახალხო დამცველს ესა თუ ის პირი მიმართავს და ქმედება დადასტურდება, ომბუდსმენი რეკომენდაციებს შეიმუშავებს, რომელთა შესრულებაც დამსაქმებელს დაევალება.

სწორედ ამიტომ, კანონპროექტი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში გარკვეულ ცვლილებებს ითვალისწინებს. კერძოდ, 363-ე მუხლს ის პუნქტი დაემატება, რომლის მიხედვითაც: სახალხო დამცველი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს რეკომენდაციის შესრულება იმ იურიდიული პირისგან ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტისგან, რომელმაც მისი ვარაუდით განახორციელა დისკრიმინაცია და მის რეკომენდაციას არ უპასუხა, ან ეს რეკომენდაცია არ გაიზიარა.

ვრცლად ამ თემაზე:

ქუჩაში სექსუალური შევიწროება შესაძლოა 300-დან 1000 ლარამდე ჯარიმით დაისაჯოს

მასალების გადაბეჭდვის წესი