ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რა ზიანი მიაყენა აფხაზეთს სტიქიამ

8 აგვისტო, 2014 • 1475
რა ზიანი მიაყენა აფხაზეთს სტიქიამ

სოხუმი, 07/08/2014/ ფოტო: ვიქტორ როგანოვი
სოხუმი, 07/08/2014/ ფოტო: ვიქტორ როგანოვი


გადაუღებელი წვიმის შედეგად გუდაუთაში კერძო სახლების დიდი ნაწილი დაიტბორა. როგორც “აპსნიპრესს” გუდაუთის რაიონული ადმინისტრაციიდან აცნობეს, მიუხედავად იმისა, რომ  კომუნალური სამსახური ქალაქში გამავალ არხებს პერიოდულად წმენდდა, წყალი ნაპირებიდან გადმოვიდა და 70 კერძო სახლის პირველი სართული დატბორა.

 

“გუდაუთის ადმინისტრაციის თანამშრომლები კარდაკარ აწარმოებენ შემოვლას და აფიქსირებენ სტიქიის მიერ გამოწვეულ ზარალს, რადგან დაგეგმილია, ყველა დაზარალებულს გაეწიოს დახმარება სახელმწიფოს მხრიდან” – წერს “აპსნიპრესი”.

 

ახალ ათონში ქარმა ხეები წააქცია და ნახევარი ქალაქი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. როგორც “აპსნიპრესს” ახალი ათონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ფელიქს დაუთიამ განუცხადა, დაზარალდა ერთი საცხოვრებელი სახლის სახურავი არწივს ბუდის ქუჩაზე. დაზიანდა ასევე  ახალი ათონის მონასტრის ძირას განთავსებულ სავაჭრო ფარდულები და კვიპაროსი დაეცა ადგილობრივი მეწარმის მაღაზიას.

 

გულრიფშის რაიონში ბევრი კერძო მეურნეობა და  აგუძერის დასახლებაში სახლები დაზიანდა.


“მინდვრებში ქარმა სიმინდი წააქცია, ელექტროენერგიის მიწოდებაზე პრობლემებია, წაქცეულია ხეები, ნიაღვრისგან გადარეცხილია სასოფლო გზები, სოფელ ბაგმარანში, მაჭარაში და ფშაპშოში  დაზიანებულია გზები”.

 

სტიქიას ვერც ოჩამჩირის რაიონი გადაურჩა. ქალაქ ოჩამჩირეში დაიტბორა ეზოები და 10 საცხოვრებელი სახლის პირველი სართული. სოფელ ჩლოუში წვიმის გამო მდინარე დუაბში წყალი ადიდდა და ორი ხიდი წაიღო – წერს “აპსნიპრესი”.

 

  სტატია მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. სტატიებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.

მასალების გადაბეჭდვის წესი