ახალი ამბები

დღეიდან “მაგთის” მომხმარებლები ნომრის მომსახურებისთვის 1 ლარს გადაიხდიან

18 თებერვალი, 2019 • 1594
დღეიდან “მაგთის” მომხმარებლები ნომრის მომსახურებისთვის 1 ლარს გადაიხდიან

დღეიდან, 18 თებერვლიდან, “მაგთის” მომხმარებლებს ნომრის მომსახურების გადასახადის გადახდა მოუწევთ. ინფორმაცია “ნეტგაზეთს” კომპანიაში დაუდასტურეს.

გადასახადი ყოველ 180 დღეში 1 ლარი იქნება.  “მაგთი” შესაბამის ცვლილებას აქამდეც აანონსებდა.

ჯერ კიდევ მიმდინარე წლის იანვარში გახდა ცნობილი, რომ “მაგთი” 18 თებერვლიდან,  “ჯეოსელი” კი – 1 მარტიდან მომხმარებლებს სააბონენტო გადასახადს გადაახდევინებდნენ. ამ ინფორმაციის თანახმად, მნიშვნელოვნად იზრდება ჯეოსელის “მეტი S”-ის და მაგთის “მარტივი 25” -ის ღირებულება.

ამის შემდეგ, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თანახმად, მათ ორივე კომპანიას მოუწოდეს, “შეეჩერებინათ გაძვირების პროცესი და დალოდებოდნენ ბაზრის კვლევის დასრულებას, რომელსაც კომისია ატარებს”, თუმცა ეს, მათი თქმით, მხოლოდ “სილქნეტმა” გაითვალისწინა, რომელიც “ჯეოსელს” ფლობს.

14 თებერვალს  GNCC-მ კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა, რომლითაც იუწყებოდა, რომ “მაგთიკომს” ტარიფების გაძვირების პროცესი შეუჩერა. თუმცა აღნიშნული გადაწყვეტილება ნომრის მომსახურების საფასურს არ ეხება.

“კომისიის გადაწყვეტილებით, „მაგთიკომს“ პაკეტების ღირებულების გაზრდა მობილური საცალო ხმოვანი მომსახურებისა და მცირე ოპერატორების აბონენტთან დიდი ოპერატორების აბონენტებისგან განსხვავებული ტარიფით დაკავშირების ნაწილში შეუჩერდა, კერძოდ, კომპანიას დაევალა, რომ დღეს არსებული 25-ლარიანი ულიმიტო პაკეტი კვლავ დატოვოს ძალაში”, – წერდა GNCC.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი