ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანელ სპორტსმენს ცოლის ცემისთვის პატიმრობა შეუფარდეს

18 თებერვალი, 2019 • 1754
აზერბაიჯანელ სპორტსმენს ცოლის ცემისთვის პატიმრობა შეუფარდეს

აზერბაიჯანელ კიკბოქსიორს და კიკბოქსინგში ქალთა ნაკრების ტრენერს, ანარ სულეიმანოვს, ცოლის ცემის გამო ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა [ადმინისტრაციული კოდექსის 157-ე მუხლი, რაც ცემას გულისხმობს] დააკისრეს და 20-დღიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

გამოძიების ცნობით, ჩვენების დროს ქალმა განაცხადა, რომ ანარ სულეიმანოვთან ქორწინებაში ორი თვეა იმყოფება, იქამდე კი მისი მოსწავლე იყო.

“ქორწინების შემდეგ მთელი პერიოდი ჩაკეტილ შენობაში ვიყავი, ხშირდ მცემდა. მახრჩობდა და ცდილობდა ენა ამოეგლიჯა ჩემთვის. ბოლო ცემის შემდეგ დედამთილის სახლში არყოფნით ვისარგებლე და მშობლების სახლში გავიქეცი, თუმცა ანარი მემუქრებოდა მეც და ჩემი ოჯახის წევრებსაც. იქამდე სულ მიმეორებდა, რომ “ჩვენ კრიმინალური სამყაროს წევრები ვართ და არავისი გვეშინიაო”. ბოლოს მუშტი დამარტყა სახეში, თმით მათრევდა, ფეხებით მირტყამდა”, – ციტირებს ქალის ჩვენებას გამოცემა qafqazinfo.az

მეჰრიბან ზეინალოვა, ქალთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია “სუფთა სამყაროს” ხელმძღვანელი, აცხადებს, რომ აზერბაიჯანში ოჯახებში ქალთა მიმართ ძალადობა ძალიან გავრცელებული მოვლენაა, თუმცა სავარაუდო რიცხვებიც, რამდენი ქალი ხდება ქვეყანაში ძალადობის მსხვერპლი, არ  არსებობს, რადგანაც ქალები ამაზე საუბარს ერიდებიან.

არასამთავრობო ორგანიზაცია “ქალთა უფლებების დაცვის” ხელმძღვანელის, ნოველა ჯაფაროღლუს ინფორმაციით, მის ორგანიზაციას დახმარებისთვის წელიწადში 30-40 ქალი მიმართავს.

აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსით ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობა არ ისჯება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი