ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ევროსტრუქტურები შეშფოთებას გამოთქვამენ აზერბაიჯანში უფლებადამცველ ჯაფაროვის დაკავების გამო

7 აგვისტო, 2014 • 1157
ევროსტრუქტურები შეშფოთებას გამოთქვამენ აზერბაიჯანში უფლებადამცველ ჯაფაროვის დაკავების გამო

“ჯაფაროვის დაკავება ლეილა იუნუსის დაკავებიდან რამდენიმე ხანში, აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების  მიზანმიმართულად შეზღუდვის შთაბეჭდილებას ქმნის. ჩვენ უკვე გამოვთქვით შეშფოთება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გამო რეგიონში უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ჩვენ მიგვაჩნია, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს, განსაკუთრებით კონფლიქტის პერიოდში”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

ევროკავშირის წარმომადგენლები აზერბაიჯანის ხელისუფლებას სამოქალაქო საზოგადოებასთან მიმართებაში პოლიტიკის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გადახედვისკენ მოუწოდებენ.

 

რასულ ჯაფაროვის დაკავებასთან დაკავშირებით დღეს განცხადება გამოქვეყნდა ევროსაბჭოს ოფიციალურ ვებ-საიტზეც.

 

“რასულ ჯაფაროვის დაკავება და ემინ ჰუსეინოვისთვის  გადაადგილების შეზღუდვის დაწესება კიდევ ერთი შემაშფოთებელი მაგალითია იმისა, თუ როგორ ემუქრებიან აზერბაიჯანში უფლაბადამცველებს სისხლის სამართლებრივი ინსტრუმენტების გამოყენებით. ლეილა იუნუსისა და მისი ქმრის დაკავებას ძალიან მალე მოჰყვა ბევრი აქტივისტის დაკავება, რომლებიც ამჟამად გისოსებს მიღმა არიან. აზერბაიჯანი ვერ ასრულებს საერთაშორისო ვალდებულებებს, რომლებიც მოითხოვენ გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების უფლების დაცვას. სიტუაციის შეცვლა აზერბაიჯანში აუცილებელია. პირველი ნაბიჯი გამოხატვის თავისუფლების გამო დაკავებულების გათავისუფლება უნდა იყოს”, – ნათქვამია ევროსაბჭოს განცხადებაში.

 

უფლებადამცველი რასულ ჯაფაროვი აზერბაიჯანში 2 აგვისტოს დააკავეს.

 

 

 

პროკურატურამ უფლებადამცველს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით წარუდგინა – უკანონო  საქმიანობა (192), გადასახადებისგან თავის არიდება (213) და თანამდებობის ბოროტად გამოყენება (308).

 

ინტერნეტგამოცემა contact.az-ის ინფორმაციით, 4 აგვისტოს რასულ ჯაფაროვს ბაქოს წინასწარი დაკავების იზოლატორში ადვოკატი ხალიდ ბაგიროვი შეხვდა, რომელიც აცხადებს, რომ ჯაფაროვი მისთვის წაყენებულ ყველა ბრალდებას უარყოფს და პოლიტიკურად მოტივირებულად თვლის.

 

თავად ადვოკატი ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს.

 

“რასულ ჯაფაროვს არ ჰქონდა დარეგისტრირებული არასამთავრობო ორგანიზაცია, ის როგორც კოორდინატორი მონაწილეობდა სხვადასვა პროექტებში, რაც არ არის თანამდებობა. ხოლო თანამდებობის არქონის შემთხვევაში, ჯაფაროვს არ შეეძლო მისით ბოროტად სარგებლობა”, – აღნიშნა ადვოკატმა.

 

ადვოკატი ასევე დაუსაბუთებლად მიიჩნევს ბრალდებას “უკანონო საქმიანობის” ნაწილში, რადგანაც ჯაფაროვი არ იყო დაკავებული კომერციული საქმიანობით ფინანსური მოგების მიღების მიზნით.

 

რაც შეეხება “გადასახადების გადაუხდელობის” ნაწილს, contact.az-ის ინფორმაციით, გამოძიებიება ამტკიცებს, რომ ჯაფაროვმა  5-წლიანი ფინანსური საქმიანობის განმავლობაში 150 ათასი მანათი შემოსავლიდან 6000 მანათი გადასახადის სახით არ გადაიხადა.

 

“ჯაფაროვმა გამოძიებას მოთხოვნილი დოკუმენტები 31 ივლისს წარუდგინა და გამოძიებას ფიზიკურად არ შეეძლო ასე სწრაფად შეემოწმებინა ეს საბუთები და დაედგინა გადასახადებიდან თავის არიდების ფაქტი”, – წერს contact.az-ი.

 

ინტერნეტგამოცემის ინფორმაციით, ადვოკატმა ასევე მიუთითა, რომ  ჯაფაროვის დაპატიმრება “გამოძიებისაგან თავის არიდების” მიზეზითაც უსაფუძვლოა.

 

“რასულ ჯაფაროვი 31 ივლისს და 1-2 აგვისტოს მიდიოდა პროკურატურაში. როგორ შეიძლება საუბარი იყოს გამოძიებისაგან თავის არიდების შესახებ?”, – აღნიშნავს ადვოკატი .

 

რასულ ჯაფაროვი 2006 წლიდან უფლებათადაცვითი საქმიანობითაა დაკავებული. ის იყო უფლებადაცვითი კამპანიის “სიმღერა დემოკრატიის სახელით” და “ხელოვნება დემოკრატიის სახელით” აქტიური მონაწილე. ის დაკავებული იყო პოლიტპატიმრების უფლებების დაცვით. სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბოლო სესიის დროს რასულ ჯაფაროვიმა და სხვა უფლებადამცველებმა გააკეთეს მოხსებება აზერბაიჯანში პოლიტპატიმრების პრობლემების შესახებ. ხოლო ერთი თვის წინ ბაქოშო, ეუთოს საპარლამენტო სესიაზე ჯაფაროვმა სხვა უფლებადამცველებთან ერთად მოაწყო საზოგადოებრივი მოსმენა სამოქალაქო საზოგადოების პრობლემების შესახებ. ორივე ღონისძიებამ აზერბაიჯანის ხელისუფლებაში ნეგატიური რეაქცია გამოიწვია, – წერს contact.az-ი.

 

სტატია მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. სტატიებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი