ახალი ამბები

თორნიკე მამალაძე: საპატრიარქოში გაუხარდებათ, თუკი ჩემი ძმა ციხიდან ცოცხალი ვერ გამოვა

16 თებერვალი, 2019 • 2027
თორნიკე მამალაძე: საპატრიარქოში გაუხარდებათ, თუკი ჩემი ძმა ციხიდან ცოცხალი ვერ გამოვა

გიორგი მამალაძე, რომელსაც გუშინ ციხეში ინსულტი დაემართა, ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის ოჯახი პასუხისმგებლობას საპატრიარქოს აკისრებს და ხვალ მორიგ საპროტესტო აქციას აანონსებს.

“ექიმმა როგორც თქვა, ის გადარჩა, რადგან ახალგაზრდაა და მისმა ორგანიზმა გაუძლო. ინსულტის განმეორებით შემთხვევაში, მის სიცოცხლეს აუცილებლად შეექმნება საფრთხე. ჩვენ არერთხელ გვითქვამს და ამიტომაც გვქონდა საპროტესტო აქციები, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის საგრძნობლად გაუარესებული.

ამიტომაც ვითხოვდით ზიარებას, თუმცა საპატრიარქომ არ უსურვა ცოცხალი ადამიანის გამოჯანმრთელობა. პასუხისმგებლობას ვაკისრებ საქართველოს საპატრიარქოს, რადგან მათ თქვეს უარი ჩემი ძმის ზიარებაზე და მათ გამო არის ახლა უზიარებელი,” – განუცხადა ნეტგაზეთს დეკანოზის ძმამ, თორნიკე მამალაძემ.

როგორც დეკანოზის ძმა აცხადებს, როდესაც საპყრობილიდან აცნობეს გიორგი მამალაძის ამბავი, ინფორმაცია მაშინვე საპატრიარქოს გადასცა:

“მაგრამ ერთი წარმომადგენელიც არ შეწუხებულა და არ მოსულა საავადმყოფოში მოსაკითხად. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, მათ ჩემი ძმის სიცოცხლე არ უნდათ და გაუხარდებათ, თუკი ჩემი ძმა საპყრობილედან ცოცხალი ვერ გამოვა.”

დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახმა საქართველოს საპატრიარქოსთან 17 თებერვალს, 12:00 საათზე საპროტესტო აქცია დააანონსა. დეკანოზის ძმა მხარდამჭერებს სთხოვს, რომ ხვალ 12:00 საათზე მივიდნენ აქციაზე საპატრიარქოსთან, თუკი მათ გიორგი მამალაძის მდგომარეობას გულთან მიაქვთ.

დეკანოზი მამალაძის წინასწარი დიაგნოზი მცირე ინსულტია

მასალების გადაბეჭდვის წესი