ახალი ამბები

ტრამპი აშშ-ში საგანგებო მდგომარეობას აცხადებს მექსიკის კედლის დასაფინანსებლად

15 თებერვალი, 2019 • 1066
ტრამპი აშშ-ში საგანგებო მდგომარეობას აცხადებს მექსიკის კედლის დასაფინანსებლად

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თქმით, მექსიკის საზღვარზე კედლის ასაშენებლად ის საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს. ამის შესახებ ტრამპმა დღეს, 15 თებერვალს განაცხადა.

პრეზიდენტის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილების აღსასრულებლად ბოლო დოკუმენტებს თეთრ სახლში დაბრუნებისთანავე გააფორმებს.

“…ასე რომ, ბრძანება ხელმოწერილია. ბოლო დოკუმენტებს გავაფორმებ თეთრ სახლში დაბრუნებისთანავე. და ჩვენ გვექნება საგანგებო მდგომარეობა”, – უთხრა ტრამპმა ჟურნალისტებს.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ტრამპს ქვეყნის ბიუჯეტის მილიარდობით დოლართან წვდომისა და კედლის პროექტის დაფინანსების საშუალებას მისცემს.

“ვაპირებთ, ვებრძოლოთ შიდა უსაფრთხოების კრიზისს სამხრეთ საზღვარზე. ეს ძალიან ჩვეულებრივია… გვინდა, შევაჩეროთ კრიმინალებისა და ბანდების შემოსვლა ჩვენს ქვეყანაში”, – თქვა მან.

აშშ-მექსიკის საზღვარზე კედლის აშენება დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი საკვანძო დაპირება იყო. აღნიშნულს დემოკარტები ეწინააღმდეგებოდნენ, რომლებიც ამჟამად კონგრესის ქვედა პალატას აკონტროლებენ და ქვეყნის ბიუჯეტიდან კედლის ასაშენებლად საჭირო თანხის – 5.7 მილიარდი დოლარის გამოყოფაზე უარს აცხადებდნენ.

აღნიშნული უთანხმოების გამო, ტრამპის გადაწყვეტილებით, ქვეყნის ფედერალური მთავრობა 1 თვის მანძილზე ნაწილობრივ დახურული იყო, თუმცა 3 კვირის წინ დროებით გაიხსნა. მაშინ ტრამპმა სწორედ 15 თებერვალი გამოაცხადა შეთანხმების ბოლო ვადად და აღნიშნა, რომ თუ კედელთან დაკავშირებით შეთანხმება ვერ შედგებოდა, საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებდა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი