ახალი ამბები

საპენსიო სააგენტოს შესარჩევი კომისიის წევრები პარლამენტიდან

15 თებერვალი, 2019 • 1484
საპენსიო სააგენტოს შესარჩევი კომისიის წევრები პარლამენტიდან

საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრების შესარჩევი 7-წევრიანი კომისიის 6 წარმომადგენელი უკვე ცნობილია.

საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, კომისიის წევრები პარლამენტიდან ირაკლი კოვზანაძე, აკაკი ზოიძე და ზურაბ ჭიაბერაშვილი იქნებიან. კომისიის სამი წევრი სამეთვალყურეო საბჭოს წევრებით: გიორგი ქობულიათი (ეკონომიკის მინისტრი), ივანე მაჭავარიანითა (ფინანსთა მინისტრი) და დავით სერგეენკოთი (ჯანდაცვის მინისტრი) დაკომპლექტდება.

შესარჩევი კომისიის მე-7 წევრს ეროვნული ბანკი დაასახელებს.

საპენსიო სააგენტოს ცნობით, სებ-იდან კანდიდატური დასახელებას ელოდებიან.

შესარჩევმა კომისიამ ის საინვესტიციო საბჭო უნდა დაამტკიცოს, რომელიც განსაზღვრავს, თუ სად და როგორ დაბანდდება დასაქმებულთა საპენსიო შენატანები.

დაგროვებით პენსიის შესახებ კანონის მიხედვით, საინვესტიციო საბჭო 5 წევრისგან შედგება და მის წევრებს პარლამენტი 5 წლის ვადით ამტკიცებს. მანამდე იქმნება საინვესტიციო საბჭოს წევრთა შესარჩევი კომისია.

შესარჩევი კომისია მიღებულ  განცხადებებს განიხილავს, ასევე იქნება გასაუბრების ეტაპი. ამ პროცესის დასრულების შემდეგ კომისია შერჩეულ 5 წევრს პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს.

ინვესტიციების კუთხით იქმნება საინვესტიციო ოფიცრის თანამდებობაც, რომელიც აყალიბებს საინვესტიციო სამსახურს. ამავე დროს, საინვესტიციო საბჭო პოლიტიკის დოკუმენტს შეიმუშავებს, რომელსაც ცვლილების შეტანის გარეშე დაამტკიცებს სამეთვალყურეო საბჭო.

ოფიცერს საინვესტიციო საბჭოს წარდგინებით სააგენტოს დირექტორი ნიშნავს. საბჭოს მიერ გაწერილ საინვესტიციო პოლიტიკას, საინვესტიციო სამსახურის მეშვეობით, ოფიცერი აღასრულებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი