ახალი ამბები

კითხვის ნიშნებს აჩენს – NGO-ები თიბისის საქმეზე

15 თებერვალი, 2019 • 823
კითხვის ნიშნებს აჩენს – NGO-ები თიბისის საქმეზე

5 არასამთავრობო ორგანიზაცია თიბისი ბანკის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ კერძო საკუთრების, ამ შემთხვევაში თიბისი ბანკის მიმართ მიღებული “ნაჩქარევი” გადაწყვეტილება კითხვის ნიშნებს აჩენს და ემუქრება როგორც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, ისე ფინანსურ სტაბილურობას.

არასამთავრობოების განცხადებით, მნიშვნელოვანია, ეროვნულმა ბანკმა განმარტოს მოთხოვნა ბანკის სამეთვალყურეო საბჭოდან კონკრეტული პირების გაწვევაზე:

საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ,კერძო საკუთრების, განსაკუთრებით წარმატებული ფინანსური ორგანიზაციის წინააღმდეგ მიღებული ნაჩქარევი გადაწყვეტილებები კითხვის ნიშნებს აჩენს, რაც თავის მხრივ, საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და ფინანსურ სტაბილურობას.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, მნიშვნელოვანია, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განმარტოს მიღებული გადაწყვეტილება სს „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოდან კონკრეტული პირების გაწვევის თაობაზე. ამავდროულად, შესაბამისმა სამართალდამცავმა უწყებებმა საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია სს „თიბისი ბანკის“ ან/და მისი აქციონერების წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების შესახებ.

ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია, პროცესი წარიმართოს ისე, რომ არ შეფერხდეს სს „თიბისი ბანკის“ საქმიანობა და სხვა მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება. ამავდროულად, პასუხის გაეცეს საზოგადოებაში არსებულ კითხვებს, რათა გამოირიცხოს ყოველგვარი ეჭვი შერჩევითი მართლმსაჯულების გამოყენების თაობაზე. სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტის ერთობლივი ქმედებები კონკრეტული ფინანსური დაწესებულების წინააღმდეგ სწორედ ამგვარ შთაბეჭდილებას ქმნის”.

განცხადებას ხელს აწერენ “ღია საზოგადოება საქართველო”, “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა”, “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი”, “სამართლიანი არჩევნები”, “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო”.

 


ეროვნული ბანკი 14 თებერვალს გავრცელებული განცხადებით  თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოდან მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გადაყენებას ითხოვს. ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ აქციონერთა კრებას სამეთვალყურეო საბჭოდან მათი გაწვევისთვის 2- თვიანი ვადა აქვს.

ეროვნულ ბანკის ამ გადაწყვეტილებას თიბისი ბანკი მალევე გამოეხმაურა. თიბისი ბანკში აცხადებენ, რომ 2007-2008 წლების ტრანზაქციაზე, რომლის საფუძველზეც ეროვნული ბანკი მოითხოვს, ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ სამეთვალყურეო საბჭო დატოვონ, სამართლებრივ დავას აგრძელებენ.

გუშინ, 14 თებერვალს, ეროვნული ბანკის მოთხოვნას უშუალოდ მამუკა ხაზარაძეც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ბანკის დატოვებას არ აპირებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი