ქალთა მოძრაობა ოჯახში ძალადობის საქმეებში სამღვდელოების მედიაციას დაუშვებლად მიიჩნევს

ქალთა მოძრაობა ეხმაურება ინიციატივას, რომლის მიხედვითაც სამღვდელოება ოჯახში კონფლიქტებისა და ძალადობის საქმეში, შესაძლოა, მედიატორის ფუნქციებით ჩაერთოს.

ქალთა მოძრაობა, “მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, შეწყვიტოს კულუარული მოლაპარაკებები სამებაში, გადაიტანოს შესაძლო საკანონმდებლო ინიციატივაზე მსჯელობა საკანონმდებლო ორგანოში და ამით გახადოს დისკუსია საჯარო/ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული პირისათვის, ასევე, თავად ძალადობის მსხვერპლი ქალებისა და მათი ინტერესების დამცველი ორგანიზაციებისათვის”.

გარდა ამისა, როგორც ქალთა მოძრაობა აცხადებს, პარლამენტმა უნდა გაითვალისწინოს საერთაშორისო სტანდარტები და საუკეთესო პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც ქალზე ძალადობის შემთხვევებში კანონით განსაზრვრული შუამავლობა და მორიგება აკრძალულია.

ქალთა მოძრაობის განცხადებით, უკიდურესად შემაშფოთებელი და დაუშვებელია სასულიერო პირების განცხადებები მართლმსაჯულების განხორციელებაში მათ ჩართვაზე. უფლებადამცველების თქმით, დანაშაულის გამოძიება და პასუხისმგებლობის დაკისრება ვერ იქნება სასულიერო პირების შეხედულებებზე დამოკიდებული.

ოჯახში ძალადობის დანაშაულზე მედიაცია დაუშვებელია საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. რადგან ოჯახური დანაშაულის დროს მორიგება დამნაშავისათვის იწვევს პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებას, მსხვერპლისთვის კი, რისკის ზრდას,” – აცხადებს ქალთა მოძრაობა.

როგორც ქალთა მოძრაობა აცხადებს, ასევე, შემაშფოთებელია ზოგადად საპატრიარქოს დამოკიდებულება ოჯახში ძალადობის მიმართ, “როდესაც ისინი მუდმივად იცავენ მოძალადე კაცებს, ქალებს კი მოუწოდებენ მოთმინებისკენ და ოჯახის შენარჩუნებისაკენ ნებისმიერ ფასად.”

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.