მაჩალიკაშვილის თქმით, მის შვილსა და სიძეს სპეცოპერაციისას ამოღებულ თანხას არ უბრუნებენ

მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს იმ თანხის დაბრუნებას სთხოვს, რომელიც პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მისი სახლიდან წაიღეს და მის მეორე შვილსა და სიძეს ეკუთვნის.

როგორც მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობს, საუბარი 22 575 ლარს ეხება, რომელიც მისმა შვილმა, ნატამ, ქმართან ერთად გერმანიიდან ჩამოიტანა, რათა თბილისში ბინა ეყიდათ. მაჩალიკაშვილის თქმით, ბინის პოვნამდე ფული მის სახლში ინახებოდა:

“ეს არის ჩემი სიძის და ჩემი გოგოს თანხა. ყველანაირი ფაქტებით არის დამტკიცებული, რომ ეგ ფული არის ჩემი შვილის, ნატას ჩამოტანილი გერმანიიდან. უნდოდა თბილისში ბინა ეყიდათ.  დამტკიცებულია, რომ გერმანიიდან არის ჩამოტანილი და ჩემი სიძის და შვილის ფულია, მათი თანხაა და ვითხოვ, რომ დაუბრუნონ თავიანთ პატრონს.

გაავრცელეს, ვითომ ეს ფულები იგზავნებოდა თემირლანის ანგარიშზე რაღაც უცხო ქვეყნებიდან. რაღაცის შეთხზვა უნდოდათ, გაირკვა, რომ არცერთ ბანკში თემირლანის სახელზე არ იყო ეს ფული.

მე და ჩემმა მეუღლემ გადავახურდავეთ ის თანხა ისანში და ევრომ რომ აიწია, აქედან რაღაცას შევამატებდი და ავიღებდი-მეთქი. ასე ვამუშავებდი მაგ თანხას, სანამ ბინას ვიშოვიდით. არის მიწერ-მოწერა, რომ ამ თანხაში თუ შევძლებდით ბინის აღებას, კრედიტსაც გამოვიტანდით. ეს ყველაფერი აქვს სუს-ს. მაგრამ დღესაც ერთ სიტყვას არ იძახიან”, – ამბობს მალხაზ მაჩალიკაშვილი “პალიტრავიდეოსთვის” მიცემულ ინტერვიუში.

აღნიშნულ საკითხზე “ნეტგაზეთი” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსაც დაუკავშირდა. უწყებაში აცხადებენ, რომ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თანხის წარმომავლობის საბუთები წარმოდგენილია – სიმართლეს არ შეესაბამება და ეს საკითხი დამატებით საგამოძიებო მოქმედებებს საჭიროებს:

“საქმეზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ამოღებული ნივთმტკიცებების დაბრუნების საკითხი გადაწყდება აღნიშნული მოქმედებების დასრულების შემდეგ. აგრეთვე, ადვოკატის განცხადება იმის თაობაზე, რომ თანხის წარმომავლობის საბუთები იქნა წარმოდგენილი, სიმართლეს არ შეესაბამება. მათ არანაირი დოკუმენტი თანხის წარმომავლობასთან დაკავშირებით გამოძიებისთვის არ წარმოუდგენიათ.

ასევე, ადვოკატს წერილობითი მოთხოვნაც არ წარმოუდგენია ფულის დაბრუნებაზე. დაკითხვების დროს მალხაზ მაჩალიკაშვილმა ვერ დააკონკრეტა ფულთან დაკავშირებული სხვადასხვა გარემოებები და შეკითხვებზე გასცა ბუნდოვანი პასუხები, რის გამოც ეს საკითხი საჭიროებს დამატებით საგამოძიებო მოქმედებებს”, – მისწერეს “ნეტგაზეთს” სუს-ის პრესსამსახურიდან.


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 2017 წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციისას დროს მალხაზ მაჩალიკაშვილის შვილი, თემირლან მაჩალიკაშვილი სპეცრაზმელის გასროლილი ტყვიით  დაიჭრა. ის 10 იანვარს საავადმყოფოში გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.