ახალი ამბები

მოხალისეთა ჯგუფმა საყოფაცხოვრებო ნივთების 50 ნიმუშიდან 11-ში ტყვია აღმოაჩინა – კვლევა გრძელდება

15 თებერვალი, 2019 • 1825
მოხალისეთა ჯგუფმა საყოფაცხოვრებო ნივთების 50 ნიმუშიდან 11-ში ტყვია აღმოაჩინა – კვლევა გრძელდება

მოხალისეთა ჯგუფმა, რომლებიც “ორბელიანის” ფონდის მხარდაჭერით თბილისში ტყვიით დაბინძურების წყაროებს იკვლევს, ოჯახებიდან ამოღებული 50 ნიმუშიდან 11-ში ტყვია აღმოაჩინა.

როგორც ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, სამოქალაქო აქტივისტი ნოდარ ტანგიაშვილი ამბობს, კვლევის ფარგლებში ამ დრომდე 18 ოჯახიდან 20-ზე მეტი ნიმუში აიღეს, რომელთაგან ლაბორატორიულად უკვე 50 ნიმუშია შესწავლილი.

სამოქალაქო აქტივისტის თქმით, პროექტის ფარგლებში მოწმდებოდა წყალი, ოთახის მტვერი, საკვები და საყოფაცხოვრებო პროდუქტები. ჯგუფის წევრები სინჯებს იმ ოჯახებიდან იღებდნენ, რომელთა წევრებსაც სისხლში ტყვიის შემცველობის გადაჭარბება დაუდგინდათ.

ტანგიაშვილის განცხადებით აღნიშნული 50 ნიმუშიდან 11-ში ტყვიის შემცველობის გადაჭარბება დადგინდა:

ზოგადი კატეგორიები რომ ვთქვათ, ტყვია აღმოჩნდა ბავშვის აქსესუარებსა და სათამაშოებში. მაგალითად, იყო მეტალის მანქანები სხვადასხვა ფერში შეღებილი, რომელთაგან ორ სინჯში აღმოჩნდა ტყვია, ლურჯში და ყვითელში, ასევე, პლასტმასის სათამაშო მატარებელში. ასევე, პლასტმასის კალამსა და სამაჯურში.

მეორე კატეგორია ეს არის სამშენებლო მასალები, რომლებიც გამოიყენება როგორც ექსტერიერში, ასევე, ინტერიერსა და სამშენებლო სამუშაოებში”, – ამბობს ტანგიაშვილი.

მისი თქმით, ამ ეტაპზე თავს იკავებს იმის დასახელებისგან, თუ რომელი ბრენდის სამშენებლო მასალებში აღმოჩნდა ტყვიის შემცველობა და ამ კუთხით დამატბით კვლვის ჩატარებას გეგმავენ:

“დღეს თავს შევიკავებ კონკრეტული ბრენდების დასახელებისგან. ჩვენ ვგეგმავთ, რომ ჩავატაროთ ატომურ-აბსორბციული კვლევა, რაც უფრო დეტალურ მონაცემებს მოგვცემს. გვინდა განვახორციელოთ საკონტროლო შესყიდვა იმ ბრენდების ბაზარზე. 4 სხვადსხვა ტიპის სამშენებლო მასალაში უკვე აღმოჩნდა ტყვია, რაც დამაფიქრებელია”, – ამბობს ტანგიაშვილი

მისი თქმით, აღნიშნული 50 ნიმუში 3 ოჯახიდან აიღეს და წყალსა და საკვებში ტყვიის შემცველობა ჯერჯერობით არ დადგენილა. თუმცა, მისი თქმით, კვლევა გრძელდება და მისი პირველადი შედეგები რამდენიმე კვირაში იქნება ცნობილი. ასევე იგეგმება დამატებითი სინჯების აღება კიდევ 5 ოჯახიდან და მთლიანობაში 300-მდე სინჯის შესწავლა მოხდება.

ტანგიაშვილის განმარტებით, შერჩეული ოჯახები თბილისის ყველა უბანს მოიცავს. კვლევა მთელი ქალაქის მასშტაბით რეპრეზენტატული არ იქნება, თუმცა, ტანგიაშივლის თქმით, მისი შედეგები გარკვეული სურათის დანახვის საშუალებას მოგვცმს, რადგან ეს პირველი კვლევაა, რომელიც ტყვიით დამაბინძურებლებს იკვლევს.

ამავე თემაზე:

ტყვიაზე გამოკვლევის პროგრამის იდეამ ხმათა საკმარისი რაოდენობა მიიღო

მასალების გადაბეჭდვის წესი