ახალი ამბები

ქობულიას თიბისის საქმე კერძო ბიზნესზე ზეწოლად არ მიაჩნია

15 თებერვალი, 2019 • 861
ქობულიას თიბისის საქმე კერძო ბიზნესზე ზეწოლად არ მიაჩნია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მიიჩნევს, რომ თიბისი ბანკის მიმართ საკმაოდ სერიოზული ბრალდებებია, შესაბამისად, ის მთლიანად პოლიტიკური პროცესი ვერ იქნება. გიორგი ქობულიას თქმით, პროკურატურა დეტალურად უნდა გაერკვეს იმ ფაქტებში, რაც ამ ტრანზაქციას უკევშირდება.

“ჩემი პირადი შეფასებით, აქ არის ძალიან დიდი სამართლებრივი კომპონენტი. იმედი მაქვს, ჩვენი სამართალდამცავი უწყებები და პროკურატურა დეტალურად გაერკვევიან ამ საკითხში. ეს მათი პრეროგატივაა. საკმაოდ სერიოზული ბრალდებები გაჟღერდა. ბუნებრივია, ამაში გარკვევაა საჭირო. ამას ჩვენ მთლიანად პოლიტიკურ პროცესს ვერანაირად ვერ დავაბრალებთ.  მე არ მაქვს შთაბეჭდილობა, რომ ეს კონკრეტული შემთხვევა არის კერძო ბიზნესზე ზეწოლა. როგორც უკვე ვახსენე, აქ არის საკმაოდ სერიოზული ბრალდებები, რომელთაც აქვთ განსაზღვრული ფაქტობრივი მტკიცებულებები და ამაში კომპეტეტნტური ორგანოები უნდა გაერკვნენ,” – აცხადებს ქობულია.

14 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ეროვნული ბანკი თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოდან მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გადაყენებას ითხოვს. ეროვნული ბანკის მიერ დღეს, 14 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ აქციონერთა კრებას სამეთვალყურეო საბჭოდან მათი გაწვევისთვის 2-თვიანი ვადა აქვს.

თიბისი ბანკში აცხადებენ, რომ 2007-2008 წლების ტრანზაქციაზე, რომლის საფუძველზეც ეროვნული ბანკი მოითხოვს, ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ სამეთვალყურეო საბჭო დატოვონ, სამართლებრივ დავას აგრძელებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი