სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სირიაში სომხეთის სამხედრო მისიის გაგზავნასთან დაკავშირებით სომხეთში აშშ-ის საელჩოს განცხადებას გამოეხმაურა.
საპასუხო განცხადება საგარეო უწყების პრეს-მდივანმა ანა ნაგდალიანმა გააკეთა.
“ჩვენ მხედველობაში მივიღეთ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება სირიაში სომხური ჰუმანიტარული მისიის საკითხზე. სომხეთი და აშშ უკვე დიდი ხანია ერთობლივ ძალისხმევას იყენებენ სირიაში ჰუმანიტარულ კატასტროფაზე რეაგირებისთვის, რომელსაც თან ახლავს დევნილებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა კრიზისი.
ვიმეორებთ, რომ სირიის მთელი კრიზისის განმავლობაში სომეხი ხალხი ყოველთვის მღელვარებით ადევნებდა თვალს სამოქალაქო მოსახლეობისა და უმცირესობათა, მათ შორის სომეხი თემის ბედს. საქმე შეეხება ქვეყანას, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი სომეხი ხალხის გადარჩენაში, რომელმაც გენოციდისგან იხსნა”.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სირიის კრიზისის განმავლობაში ალეპოში სომხეთის გენერალურმა კონსულს არ შეუწყვეტია მუშაობა და დღემდე სომხეთში 22 000 სირიელი დევნილისთვის თავშესაფარი მოიძებნა – “სირიელ ხალხს კი ჰუმანიტარული დახმარებით 4 ვერტმფრენი გავუგზავნეთ”.
“მას შემდეგ, რაც შედარებით სიმშვიდე და უსაფრთხოება იგრძნობა სირიაში, სომხეთი გეგმავს გააგრძელოს თავისი წვლილის შეტანა ჰუმანიტარულ მისიაში, მათ შორის ექიმებისა და სამხედრო ინჟინრების გაგზავნით, რათა დაეხმარონ კონფლიქტით დაზარალებულ სამოქალაქო მოსახლეობას ალეპოში.
სომხურ მისიას მხოლოდ ჰუმანიტარული ხასიათი აქვს და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით ხელმძღვანელობს. საკუთარ საქმიანობას კი ადგილზე შეათანხმებს იმ სტრუქტურებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან, რომლებიც ჰუმანიტარულ დახმარებას უწევენ. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ სირიაში ჰუმანიტარული დახმარების გაგრძელების მნიშვნელობას”.
სომხეთში აშშ-ის საელჩომ სომხური მედიაგამოცემის Aysor.am მიმართვის პასუხად განაცხადა, რომ აშშ სომხეთიდან სირიაში მისიის გაგზავნას მხარს ვერ დაუჭერს.
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციით, სომხეთის სამხედრო მისია ალეპოს პროვინციაში გაემგზავრა. ამასთან, უწყების ცნობით, სომეხი სამხედროები მონაწილეობას არ მიიღებენ საომარ მოქმედებებში – “მათ წინაშე ჰუმანიტარული ამოცანები დგას”.
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ერევანს გადაწყვეტილება მოუწონა და აღნიშნა, რომ სომხეთი პირველი ქვეყანა, რომელმაც სირიელების დახმარება გადაწყვიტა.
სომხეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება ქვეყნის ოპოზიციურმა ძალებმა გააკრიტიკეს. მათი განცხადებით, რუსეთ-სირიის კავშირის მხარდაჭერა სომხეთის სხვა ქვეყნებთან ურთიერთობას დააზარალებს.
ზოგიერთი სომეხი პოლიტილოგის აზრით, ერევნის ნაბიჯი სხვა არაფერია, თუ არა რუსეთის ინტერესების გათვალისწინება და რუსეთზე დამოკიდებულება.
რუსეთი სირიის მთავრობის უმთავრესი საგარეო მოკავშირეა. მოსკოვმა ქვეყნის ტერიტორიაზე ავიადარტყმების განხორციელება 2015 წელს დაიწყო. ვლადიმერ პუტინი აცხადებდა, რომ კამპანიის მთავარი მიზანი ISIS-ის შესუსტება იყო, თუმცა აშშ-ის ოფიციალურ პირებს მოსკოვი არაერთგზის დაუდანაშაულებიათ სირიის ოპოზიციის წინააღმდეგ მოქმედებაში. რუსეთი კი, თავის მხრივ, აშშ-ს სპელკულაციებში ადანაშაულებდა. სამოქალაქო ომის მიმდინარეობისას ვითარება ასადის ხელისუფლების სასარგებლოდ, არაერთ შემთხვევაში, სწორედ რუსეთის ჩარევით შეიცვალა.