ახალი ამბები

ევროპარლამენტმა საქართველოსა და Eurojust-ს შორის შეთანხმებას მხარი დაუჭირა

15 თებერვალი, 2019 • 1002
ევროპარლამენტმა საქართველოსა და Eurojust-ს შორის შეთანხმებას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა პლენარულ სესიაზე კენჭი უყარა და დაამტკიცა ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილების პროექტი EUROJUST-ის მიერ საქართველოსთან თანამშრომლობის შეთანხმების გაფორმების თაობაზე.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, შეთანხმება ითვალისწინებს ინფორმაციის გაცვლას ევროკავშირის იუსტიციის ერთიან ორგანოსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შორის, აგრეთვე,  მეკავშირე ოფიცრების ან მეკავშირე მაგისტრანტების დანიშვნას.

უწყების ინფორმაციით, საქართველოსა და Eurojust-ს შორის თანამშრომლობის შეთანხმების გაფორმების მიზნით მოლაპარაკებები 2015 წლიდან მიმდინარეობდა.

“შეთანხმების გაფორმება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში ევროკავშირსა და მის ორგანოებთან სექტორული თანამშრომლობის გაღრმავების პროცესის ნაწილია, რომლის მიზანია შესაბამის სფეროებში, მათ შორის, იუსტიციის სფეროში, ევროკავშირთან სტანდარტებისა და რეგულაციების ერთიანი სივრცის შექმნა. სააგენტოსთან ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება ინტენსიურ ფაზაში გადაიყვანს ევროკავშირის მართლმსაჯულების სისტემასთან საქართველოს თანამშრომლობას და შექმნის დამატებით ინსტრუმენტს დანაშაულთან, მათ შორის, ტრანსსასაზღვრო და ორგანიზებულ დანაშაულებთან, კოორდინირებული ბრძოლისთვის”, – აცხადებს იუსტიციის სამინისტრო და დასძენს, რომ ეს ნიშნავს ქართული მართლმსაჯულების სისტემის ევროპის მართლმსაჯულების სისტემაში ჩართვას.

საქართველოსა და “ევროჯასტს” შორის შეთანხმებას ხელი უახლოეს პერიოდში მოეწერება საქართველოს იუსტიციის მინისტრის, საქართველოს გენერალური პროკურორისა და ევროჯასტის პრეზიდენტის მიერ.

Eurojust ევროკავშირის იუსტიციის ერთიანი ორგანოა, რომლის ძირითადი საქმიანობაა სისხლის სამართლის საქმეებზე ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობის კოორდინაცია, მათ შორის, ევროკავშირის არაწევრ, ევროინტეგრაციის პროცესში მყოფ პარტნიორ სახელმწიფოებთან.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი