ახალი ამბები

“საქართველოს საბანკო ასოციაცია” თიბისი ბანკს მხარდაჭერას უცხადებს

15 თებერვალი, 2019 • 1070
“საქართველოს საბანკო ასოციაცია” თიბისი ბანკს მხარდაჭერას უცხადებს

“საქართველოს საბანკო ასოციაცია” თიბისი ბანკის მიმართ ეროვნული ბანკის მიერ გახმიანებულ მოთხოვნას ეხმაურება. ასოციაცია მხარდაჭერას უცხადებს თიბისის და “დაინტერესებულ მხარეებს მოუწოდებს, ზედმეტი ინსინუაციებისაგან თავი შეიკავონ”.

“თიბისი ბანკი არის ქვეყნის წამყვანი საფინანსო ინსტიტუტი, რომელიც წარმოდგენილია ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ სეგმენტში (FTSE250) და იმართება საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების დაცვით. თიბისი ბანკი ფინანსური მაჩვენებლებით არა თუ ქვეყნის, არამედ რეგიონის წამყვანი ფინანსური ინსტიტუტია. აღნიშნული გვაძლევს უფლებას სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ მარეგულირებლის გადაწყვეტილება არ იქონიებს გავლენას თიბისი ბანკის სამომავლო განვითარებაზე და მის სტრატეგიაზე.
მისასალმებელია თიბისი ბანკის მენეჯმენტის გადაწყვეტილება, გამოიყენოს მის ხელთ არსებული სამართლებრივი გზები და სასამართლოს მეშვეობით დაიცვას აქციონერების და ბანკის ინტერესები.

საქართველოს საბანკო ასოციაცია მხარს უჭერს თიბისი ბანკს და ყველა თიბისელს და მოუწოდებს დაინტერესებულ მხარეებს თავი შეიკავონ ზედმეტი ინსინუაციებისაგან”, – ვკითხულობთ განცხადებაში.


ეროვნული ბანკი 14 თებერვალს გავრცელებული განცხადებით  თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოდან მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გადაყენებას ითხოვს. ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ აქციონერთა კრებას სამეთვალყურეო საბჭოდან მათი გაწვევისთვის 2- თვიანი ვადა აქვს.

ეროვნულ ბანკის ამ გადაწყვეტილებას თიბისი ბანკი მალევე გამოეხმაურა. თიბისი ბანკში აცხადებენ, რომ 2007-2008 წლების ტრანზაქციაზე, რომლის საფუძველზეც ეროვნული ბანკი მოითხოვს, ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ სამეთვალყურეო საბჭო დატოვონ, სამართლებრივ დავას აგრძელებენ.

გუშინ, 14 თებერვალს, ეროვნული ბანკის მოთხოვნას უშუალოდ მამუკა ხაზარაძეც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ბანკის დატოვებას არ აპირებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი