ახალი ამბები

კომპანიას სპორტის სასახლის უკან 50-სართულიანი კოშკის აშენება სურს

14 თებერვალი, 2019 • 2279
კომპანიას სპორტის სასახლის უკან 50-სართულიანი კოშკის აშენება სურს

შპს “ბასილონ გლობალ სერვისს” სპორტის სასახლის უკან 50-სართულიანი მრავალფუნქციური კოშკის აშენება სურს. კომპანიამ უკვე მიმართა ეკონომიკის სამინისტროს და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოში განცხადება შეიტანა.

განცხადების მიხედვით, რომელიც ნეტგაზეთმა ეკონომიკის სამინისტროსგან გამოითხოვა, შპს “ბასილონ გლობალ სერვისი”  მიწის ნაკვეთის, რომელიც მ. ალექსიძის N9-ში მდეებარეობს, სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებას ითხოვს, რაც სანებართვო პროცედურის პირველი სტადიაა.

სამინისტროს თქმით,  ამ დროისთვის მშენებლობის ნებართვა ობიექტზე გაცემული არ არის. კანონმდებლობის შესაბამისად,  დოკუმენტაცია გაგზავნილია თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურში, სათანადო მოსაზრებების მისაღებად.

რაც შეეხება საპროექტო დოკუმენტაციასა და რენდერებს, სამინისტრო ამბობს, რომ მათი წარმოდგენა ამ ეტაპზე კანონმდებლობით განსაზღვრული არ არის და, შესაბამისად, კომპანიამ ეს დოკუმენტაცია სააგენტოში არ წარადგინა.

ნეტგაზეთი ასევე დაუკავშირდა თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს, სადაც გვითხრეს, რომ ეკონომიკის სამინისტროსგან დოკუმენტაცია მართლაც მიიღეს და პასუხს უახლოეს მომავალში დაუბრუნებენ.

შპს “ბასილონ გლობალ სერვისის” 100%-იანი წილის მფლობელი ქიჩირიმ ბასილაშვილია.

50-სართულიანი კოშკის ბანერი. ფოტო: ანი ქავთარაძე

ამბის გაგრძელება:

მერია წინააღმდეგია სპორტის სასახლესთან 50-სართულიანი კოშკის აშენებაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი