ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სოჭში შესაძლოა სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართოს

4 აგვისტო, 2014 • 1088
სოჭში შესაძლოა სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართოს

ილჰამ ალიევი და სერჟ სარგსიანი ყარაბაღის კონფლიქტის გადაჭრის სამმხრივი მოლაპარაკების დროს  ©epa 23.01.2012
ილჰამ ალიევი და სერჟ სარგსიანი ყარაბაღის კონფლიქტის გადაჭრის სამმხრივი მოლაპარაკების დროს ©epa 23.01.2012


ორი ქვეყნის პრეზიდენტების ბოლო შეხვედრა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის საკითხზე 2013 წლის ნოემბერში ვენაში შედგა. უფრო ადრე საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა მხარეებს შესთავაზა შემდგომი სამიტი პარიზში გამართულიყო, თუმცა ეუთოს მინსკის  ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა დიდხანს ვერ შეძლეს მხარეებთან შეთანხმების მიღწევა მოლაპარაკებების უმაღლეს დონეზე გამართვის შესახებ.


სიტუაცია ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ბოლო დღეებში მკვეთრად გამწვავდა. მხარეები  ერთმანეთს დივერსიების მოწყობის მცდელობაში ადანაშაულებენ. საინფორმაციო სააგენტო Regnum-ის ინფორმაციით, სხვადასხვა მონაცემებით, 31 ივლისიდან მოყოლებული  შეტაკებების დროს თხუთმეტზე მეტი აზერბაიჯანელი სამხედრო მოსამსახურე და სამი ყარაბაღელი ჯარისკაცი  დაიღუპა.


კონფლიქტის ზონაში დაძაბულ სიტუაციასთან დაკავშირებით რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეშფოთება გამოხატა. “გამომდინარე იქიდან, რომ შემდგომი ესკალაცია დაუშვებელია, მოვუხმობთ წინააღმდეგობის ყველა მონაწილეს გამოიჩინოს თავშეკავება, უარყოს ძალის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები, რომელიც იქნება მიმართული მდგომარეობის სტაბილიზაციისკენ”,  – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.


საკონტაქტო ხაზზე ძალადობის ესკალაციის გამო ღრმა შეშფოთება გამოხატა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა და მოუწოდა სომხეთის და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს, პირველსავე შესაძლებლობისას შეხვდნენ და განაახლონ დიალოგი ძირითად საკითხებთან დაკავშირებით.

 

2 აგვისტოს ღამეს აზერბაიჯანის და მთიანი ყარაბაღის საკონტაქტო ხაზთან სამხედრო დაპირისპირებას მსხვერპლი მოჰყვა. აზერბაიჯანის მხარე აცხადებს, რომ  სომხეთის სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფი თავს დაესხა აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების პოსტს ქალაქ აღდამის მიმართულებით, ხოლო სომხეთის მხარის ინფორმაციით, აზერბაიჯანმა  განახორციელა საბოტაჟი. ორივე მხარეს არიან დაღუპულები და დაშავებულები.

 

 

  მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.  
   


მასალების გადაბეჭდვის წესი