ახალი ამბებისაზოგადოება

როგორ გაწირა სტალინმა სასიკვდილოდ საკუთარი “მასწავლებელი” — არაქელა ოქუაშვილი

18 თებერვალი, 2019 • 10274
როგორ გაწირა სტალინმა სასიკვდილოდ საკუთარი “მასწავლებელი” — არაქელა ოქუაშვილი

მარქსისტი რევოლუციონერი, ბოლშევიკი, მოგვიანებით კი ტროცკისტი არაქელა ოქუაშვილი, რომელიც “სტალინის მასწავლებლად” ითვლებოდა, სიცოცხლეს გამოასალმეს “ბელადად” ქცეული შეგირდის ბრძანებით. მემუარები, რომლებსაც მისი დახვრეტის შემდეგ არქივებში მალავდნენ, ათწლეულების შემდეგ პირველად გამოვიდა მზის შუქზე.

[red_box]”პირველმაისობის მედროშე”[/red_box]

თბილისი, 1901 წელი — ნოე ჟორდანია და ვლასა მგელაძე (დამფუძნებელი კრების წევრი, რევოლუციონერი) არალეგალურად ბეჭდავენ პროკლამაციებს საპირველმაისოდ, მუშათა სოლიდარობის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად. მართლია, ჯერ ძველი სტილით 18 აპრილი დგას (რაც გრეგორიანული კალენდრით პირველი მაისია), თუმცა რევოლუციონერები ახალი სტილით აღნიშნავენ პირველმაისობას.

ამ დროს თბილისი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაშია, ადგილობრივ მუშებსა და ინტელიგენციაში კი შედარებით ახალი გააქტიურებულია სოციალ-დემოკრატიული წინააღმდეგობის ტალღა ცარიზმის წინააღმდეგ. ჯერ არ მომხდარა დაპირისპირება ბოლშევიკებსა და მენშევიკებს შორის და რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის მხარდამჭერები ერთ ფლანგზე იბრძვიან. მეფის რუსეთი ამ იდეოლოგიის ყველა გამოვლინებას, სადაც კი გამოჩნდება, ებრძვის.

არაქელა ოქუაშვილი, იგივე “პაპაშა”. ფოტო: საზოგადოებირივი არქივი/ციალა ოქუაშვილის კოლექცია/”სოვლაბი”

რისკების მიუხედავად, პროკლამაციების გავრცელებას, ბოლშევიკ ზაქარია ჩოდრიშვილთან ერთად, საკუთარ თავზე იღებს არაქელა ოქუაშვილი. საპირველმაისო დემონსტრაციისთვის ადგილსაც ეს ორი ადამიანი არჩევს, თუმცა ქალაქის შუაგულში, მეფისნაცვლის [პიონერთა/მოსწავლე ახალგაზრდობის] სასახლესთან პოლიცია, ჟანდარმერია და კაზაკები მკაცრად პატრულირებენ. ამიტომ ისინი მხოლოდ 4 დღის შემდეგღა ახერხებენ ჩანაფიქრის აღსრულებას…


პირველი ღია დემონსტრაცია მუშათა სოლიდარობის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად თბილისში 1901 წელს, ე.წ ალექსანდრეს ბაღთან და ბაღის ქვემო ნაწილთან, “სალდათის ბაზარში” გაიმართა. ხოლო პირველი ადამიანი, რომელმაც თბილისში საპირველმაისოდ წითელი დროშა აღმართა, არაქელა ოქუაშვილი იყო.

არაქელა ოქუაშვილი (ზის პირველ რიგში მარცხნიდან პირველი). წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, ტფილისის გუბერნიის ჟანდარმთა სამმართველოს კარტოთეკა/სოვლაბი

ოქუაშვილის პოლიტიკური ცხოვრების ამ და სხვა დეტალების შესახებ გვიამბობს ისტორიკოსი, „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ (“სოვლაბის”) მკვლევარი, ირაკლი ხვადაგიანი, რომელიც ოქუაშვილის მემუარების გამოქვეყნების იდეის ავტორი და პროექტის ხელმძღვანელია. “სოვლაბის” ბლოგში ასე აღწერს დროშის აღმართვის მომენტს:

“არაქელა ოქუაშვილმა ცოლისძმას — კარაპეტა ბელოევს პალტოს შიგნიდან ტანზე დახვეული, კოლა მაჭარაძის მიერ სამი წლის წინათ მოხატული წითელი ბაირაღი შემოაცალა და იქვე, სიახლოვეს, აღელვებისგან აკანკალებული ხელით გაბო ოქოევის მაღაზიიდან გამოტანილი ჭერის საწმენდი „ჩოთქის“ ტარზე აბმა დაიწყო. ამასობაში ერთ-ერთმა მუშამ გასაყიდად გამოტანილი „ტაბურეტკაც“ მოიხელთა და ზედ შემდგარი ტანმორჩილი გიორგი თელიას პირველი სიტყვებისა და „ვაშას“ ყვირილის ფონზე ბაზრის მოლივლივე თავების ზემოთ წითელი, ნაქარგი დროშა გაიშალა. ეფექტი იმდენად მოულოდნელი გამოდგა, რომ იქვე მდგარმა „გოროდოვოიმ“ მეწამულ ბაირაღზე ამოქარგული მარქსის, ენგელსის და ლასსალის სახეების დანახვაზე ქუდი მოიშვლიპა და პირჯვარი გადაიწერა – კვირა დილით, სათნო წვეროსნების სახეების და უცხო ოქროსფერი წარწერების გამო დროშა საეკლესიო ბაირაღად აღიქვა”.

[yellow_box] “სტალინის მასწავლებელი”[/yellow_box]

ოქუაშვილის მემუარები ახლახან გამოიცა ხვადაგიანის ინიციატივითა და მედეა იმერლიშვილის რედაქტორობით. იდეის ავტორი ხვადაგიანი მემუარებს უწოდებს “წარმოუდგენლად საინტერესო თავგადასავალს, რომლის თვალწინაც გაიარა ტრანსფორმაციებმა XIX საუკუნის II ნახევრიდან XX საუკუნის დასაწყისამდე”.

“იგი ამ მოვლენების შუაგულში ტრიალებდა; იყო მუშათა ერთ-ერთი პირველი წარმომადგენელი “ნაროდნიკულ”, ხალხოსნურ მოძრაობაში. მოგვიანებით, როდესაც მარქსისტული სოციალ-დემოკრატიული მოძრაობა იწყება, არაქელა აღწევს ძალიან დიდ ავტორიტეტს, როგორც მუშათა ერთ-ერთი ლიდერი”.

ოქუაშვილს, სავარაუდოდ, გრძელი წვერისა და თმების გამო, “პაპას” ან “პაპაშას” ეძახდნენ. ხვადაგიანის თანახმადვე, მოგვიანებით ჩნდება მისი ერთ-ერთი მეტსახელი — “სტალინის მასწავლებელი”; და ფაქტი, რომ ეს მართლაც ასე იყო, ხვადაგიანის თანახმად, ბევრი წყაროთია დადასტურებული:

“როდესაც სტალინი თავისი სემინარისტობის უკანასკნელი წლებიდან იწყებს აქტიურ რევოლუციონერობას, ამ დროს არაქელა ოქუაშვილი უკვე თბილისის სოციალ-დემოკრატიული კომიტეტის, ანუ პარტიის მთავარი წარმომადგენლობის წევრია. მას სოსო ჯუღაშვილი, როგორც მარქსიზმის ახალგაზრდა პროპაგანდისტი, რკინიგზელთა არალეგალურ წრეებში დაჰყავდა. იქიდან ყველამ იცოდა, რომ სოსო ჯუღაშვილი მისი პროტეჟე იყო… პირველად სტალინი თბილისში 1921 წელს ჩამოდის, როდესაც ნაძალადევში, პლეხანოვის კლუბში ქართველმა მუშებმა უსტვინეს და პასუხი მოსთხოვეს ოკუპაციის გამო და ფაქტობრივად გააძევეს დარბაზიდან. 5 წლის შემდეგ, 1926 წელს, როდესაც ყველა ანტ-საბჭოთა აქტიური მოძრაობა ჩახშობილია, ის მეორედ ბრუნდება თბილისში, თუმცა ამ დროს იწყება პარტიული განხეთქილება უშუალოდ კომუნისტური პარტიის შიგნით”.

[blue_box]1926 წლის შეხვედრა[/blue_box]

შიდაპარტიულ დაპირისპირებაში არაქელა ოქუაშვილმა ტროცკისტების მხარე დაიჭირა და, როგორც ხვადაგიანი ამბობს, თბილისის ანტისტალინური, ტროცკისტული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გახდა.

არაქელა ოქუაშვილი (ზის ცენტრში) და მისი შვილი არსენ ოქუაშვილი (დგას მარჯვნიდან პირველი) ბორჯომში, 1930-იანი წლები. წყარო: “სოვლაბი”, საზოგადოებრივი არქივი, ელისო ოქუაშვილი-ფურცელაძის კოლექცია

ხვადაგიანის თანახმად, 1926 წელს თბილისში სტალინთან სიტყვა-პასუხმა ოქუაშვილს “მყარად დაუდასტურა მსოფლიო პროლეტარიატის ბელადის, ამხანაგი სტალინის “მასწავლებლის” საამაყო სტატუსი”.

ვინ იყო არაქელა ოქუაშვილი?

არაქელა, რომელიც წარმოშობით სომეხი იყო, მემუარებში წერს, რომ პაპამისის მამა “სპარსეთიდან გამოჰქცევია ხანს და მუხრანში [სოფელი მცხეთაში] მოსულა” დაახლოებით იმ პერიოდამდე, სანამ რუსეთი საქართველოს ანექსიას მოახდენდა [ამ პერიოდში, თურქმანჩაის 1828 წლის ზავამდე რუსეთსა და ირანს შორის, ე.წ აღმოსავლეთ სომხეთი სპარსეთის იმპერიის ნაწილი იყო]. ამის შემდეგ პაპამისი, მუხრანბატონთან ურთიერთობის დაძაბვის გამო, თბილისში გაპარულა, თუმცა საბოლოოდ მაინც მცხეთაში დაბრუნებულა საცხოვრებლად…

“მამაჩემის თქმით, მე 1865 წელს დავბადებულვარ. ჩვენი გვარეულობა მთლად მეჭურჭლეები ყოფილა. მამაჩემიც მეჭურჭლე იყო… საერთოდ, ღარიბად ვცხოვრობდით”, წერს იგი.

არაქელა ოქუაშვილი (მარცხნივ) 1870-იან წლებში. წყარო: “სოვლაბი”, საზოგადოებრივი არქივი, ელისო ოქუაშვილი-ფურცელაძის კოლექცია

მოგვიანებით იგი თბილისში გადაბარგდა სამუშაოდ; რამდენიმე წელიწადში დაოჯახდა და მეუღლესთან, ევა ბელოევა-ოქუაშვილთან ერთად ნაძალადევში გადავიდა საცხოვრებლად.

მუშაობდა რიგით ინსპექტორად გზათა სამმართველოში. როგორც ირაკლი ხვადაგიანი ამბობს, “განსხვავებით 1921 წლიდან მისი თანამებრძოლებისა და თანაპარტიელებისაგან, რომლებიც ოკუპირებული საქართველოს პოლიტიკური ელიტა გახდნენ, მას დიდი პოლიტიკური თანამდებობები არასოდეს ჰქონია”…

“ცხოვრობდა ჩუღურეთში, სვანეთის უბანში თავის ხელით აშენებულ სახლში და ხაზგასმით უჩვენებდა, რომ ის არის მუშა, მუშათა წარმომადგენელი და მისთვის დიდი კომფორტი არ არის ცხოვრების მიზანი”.

[yellow_box]მემუარები [/yellow_box]

მემუარებზე მუშაობას არაქელა 1930-იანი წლების დასაწყისისთვის იწყებს; აქ იგი დეტალურად იხსენებს ბავშვობის წლებს; ახალგაზრდობის პერიოდს (შეგირდობისა და ოსტატობის წლებს); აღწერს რევოლუციური სოციალ-დემოკრატიული მუშაობის დასაწყისს; რუსეთში გადასახლებას, 1905 წლის რევოლუციასა და უკან დაბრუნებას, შემდეგ კვლავ გადასახლებას კატორღაში, ბოლოს კი, მენშევიკურ საქართველოს. სწორედ ამ თავებად არის დაყოფილი მისი წიგნი.

ირაკლი ხვადაგიანი მიგვითითებს მემუარების გვიანდელ ჩანართებზე — “როგორ ცდილობს არაქელა, რომ გაამართლოს მის მემუარებში დაშვებული საშინელი შეცდომა და დანაშაული — ის, რომ იქ სტალინი არსად არ ჩანს”. რა არის ამისი მიზეზი?!

“1936 წლისთვის კომუნისტური პრესის მთავარი გამოცემები ძველი ბოლშევიკების თვითგამათრახების არენად გადაიქცა – საგანგებოდ დაწერილ სტატიებში, თვითკრიტიკის წესით, საქვეყნოდ აღიარებდნენ მიუტევებელ შეცდომას — მოგონებებში სტალინის ღვაწლის იგნორირებას, და პატიებას ითხოვდნენ”. ხვადაგიანის თანახმად, ამ ისტერიის ფონზე არაქელაც შეშფოთდა:

“ის ცდილობს, თქვას, რომ ეს მისი კერძო მემუარებია და აქ სტალინის წვლილზე ცალკე ლაპარაკის ადგილი არ არის, თუცმა ვხვდებით, რომ ეს არაფრით აღმოჩნდა საკმარისი, რომ ის გადარჩენოდა ამ ცენზურის და დიდი ტერორის ჩრდილს”, — ამბობს ხვადაგიანი.

ახალგაზრდა სოსო ჯუღაშვილი. წყარო: ვიკიპედია/ბათუმის ჟანდარმერია

არაქელა წერს: “თუმცა ამხ. სოსო ჯუღაშვილი (შემდეგში სტალინი) არაერთხელ იქნება ამ წიგნში ნახსენები, მაგრამ მე საჭიროდ მიმაჩნია აქვე აღვნიშნო, რომ მე ვერ შევუდგები რევოლუციურ მოძრაობაში მისი როლის აღნუსხვას. ვიტყვი მხოლოდ, რომ პირველ ხანებში მას, როგორც ყველაზე ახალგაზრდას, ჩვენ უფრო ხნიერები ზევიდან დავყურებდით. მაგრამ სულ მოკლე ხანში მან გვაგრძნობინა, რომ მასთან ეს არ გაგვივიდოდა”. მოგვიანებით, ხელნაწერ ჩანართში, იგი სტალინს “ჩვენს საყვარელ ბელადს” უწოდებს და წერს, რომ მის “ძალასა და უნარს აღემატება” სტალინის მოღვაწეობის საქმიანობის განხილვა, თანაც მიუთითებს, რომ ეს უკვე გააკეთა ლავრენტი ბერიამ ერთ-ერთ მოხსენებაში.

ბოლშევიკების მხარეს

მემუარებში ჩანს, რომ ოქუაშვილი, როგორც ბოლშევიკი, კრიტიკულად არის განწყობილი პირველი რესპუბლიკის ხელისუფლების მიმართ. “რევოლუციის პირველ დღეებში ბოლშევიკები და მენშევიკები ერთად ვმუშაობდით. შემდეგ ლენინმა მ. ცხაკაიას [მიხა ცხაკაია — ბოლშევიკი რევოლუციონერი] პირით შემოთვალა: საერთო არაფერი გაქვთ მაგ მოღალატეებთანო, გამოეთიშეთო, მართლაც გამოვეთიშეთ, ბოლშევიკური ფრაქცია დავაარსეთ”. შემდეგ კი წერს, რომ “იწყება ჩვენი დევნა უკვე მენშევიკების მხრივ” და 5-ჯერ იყო დატუსაღებული 18-21 წლებში.

თუმცა რეალობაში მენშევიკების მმართველობის პერიოდი რადიკალურად განსხვავებული იყო. როგორც ერიკ ლი წერს წიგნში “ექსპერიმენტი — საქართველოს მივიწყებული რევოლუცია”, “თუკი რუსეთში ბოლშევიკებმა სწრაფად დაამყარეს ერთპარტიული მმართველობა და უმკაცრესი “პროლეტარიატის დიქტატურა”, საქართველოში მათმა მენშევიკმა მოწინააღმდეგეებმა მრავალპარტიული დემოკრატია დაამკვიდრეს, თავისუფალი არჩევნებითა და თავისუფალი პრესით”. ამ რეალობას კი ბოლო სწორედ ბოლშევიკებმა მოუღეს 1921 წლის ოკუპაციით.

ირაკლი ხვადაგიანი ამბობს: “ნებისმიერი მემუარი საკუთარი წარსულის სუბიექტური ხედვაა, მას ჭეშმარიტებაზე პრეტენზია არა აქვს. ძალიან კარგად ჩანს მისი პირადი განწყობები და მოტივაციები, განსაკუთრებით 1918-21 წლებზე”. თუმცა, საბოლოო ჯამში, წიგნს “ჩვენი ახლო წარსულის ძალიან საინტერესო სურათად” აფასებს, განსაკუთრებით იმის გამო, რომ ის “არასოდეს იყო დაშვებული საბჭოთა ცენზურის მიერ”.

წიგნის გამოცემის იდეის ავტორს მემუარის სტილიც ხიბლავს: “პირველივე ფურცლიდან ძნელია მოწყდე ამ ტექსტს. ეს, ასე ვთქვათ, ხმოვანი ტექსტია — კითხულობ და გესმის, როგორ გელაპარაკება ავტორი. ეს არ არის ლიტერატურული ტექსტი. ეს ადამიანის ცოცხალი მეხსიერებაა… ხმაც კი გესმის, როგორ გიამბობს თავის თავგადასავალს, დაწყებული მცხეთიდან, ღრმა ბავშვობიდან, სადაც ის დაიბადა 1860-იან წლებში, დასრულებული 1921 წლის საბჭოთა ოკუპაციის ბოლო დღეებით”.

[red_box]დიდი ტერორი[/red_box]

თავდაპირველად, 1936 წელს, დააპატიმრეს არაქელას ვაჟი არსენა, — მამის მსგავსად, “ტროცკისტი”, რომელიც რკინიგზის მთავარი სახელოსნოს ინჟინერი იყო. მიზეზი თანამშრომლების თვეების განმავლობაში ნაგროვები საჩივრები გახდა, რომლებიც ამბობდნენ, რომ იგი კრიტიკულად უყურებდა ხელისუფლების პოლიტიკას; ასევე, როგორც ხვადაგიანი წერს, თანამშრობლები მიუთითებდნენ მისი მხრიდან “მუდმივ და ღია უკმაყოფილებას მუშების კვებისა და უზუნველყოფის კატასტროფული მდგომარეობის გამო და მწარე ხუმრობებს, რომელიც აგრერიგ უყვარდა თავისი კრიტიკული მოსაზრებების დასასაბუთებლად”.

არაქელას თავისი გავლენების გამოყენება უცდია შვილის გამოსახსნელად, მაგრამ ვერაფერს გამხდარა და არსენა “შრომა-გასწორების კოლონიაში” გადაუსახლებიათ. ხვადაგიანი წერს: “ამასობაში მამის მოთმინებაც ამოიწურა და მორიგი სატელეფონო საუბრისას “პაპამ” ამხანაგი ბერია საფუძვლიანად შეამკო ქალაქური ლექსიკონის მოშველიებით”. არსენა, რომლის ბედიც დაუზუსტებელია, გადასახლებიდან ცოცხალი არ დაბრუნებულა.

არაქელა ოქუაშვილის ოჯახი. მარცხნიდან პირველი — არსენ ოქუაშვილი; მარცხნიდან მეხუთე — ევა ბელოევა-ოქუაშვილი. ფოტო ოჯახს გადაუღია და სამახსოვროდ გაუგზავნია არაქელასთვის გადასახლებაში. წყარო: “სოვლაბი”, საზოგადოებრივი არქივი, ელისო ოქუაშვილი-ფურცელაძის კოლექცია

საბოლოოდ თავად არაქელაც მოჰყვა 37-38 წლების “დიდ ტერორში”, სტალინის რეპრესიულ კამპანიაში. ხვადაგიანი წერს: “1937 წლის 11 იანვარს “პაპაშა” საკუთარი სახლიდან, დიღომბარის ქუჩის #7-დან წაიყვანეს და უგზოუკვლოდ გადაკარგეს”. ოჯახსა და შთამომავლობას, რომლებიც დღესაც ცხოვრობენ თბილისში, 2010-იან წლებამდე ეგონა, რომ იგი გადასახლებაში გარდაიცვალა 1942 წელს. მათთვის შოკი იყო, რომ გაიგეს, პაპა აქვე, მალევე დახვრიტეს და მის შესახებ ყველანაირი ცნობა გააქრესო, ამბობს ხვადაგიანი.

სინამდვილეში არაქელა ოქუაშვილის სიცოცხლეს სხვანაირი ბოლო ჰქონდა. ირაკლი ხვადაგიანის სიტყვებით რომ ვთქვათ:

“1937 წლის 31 მაისს იოსებ სტალინმა და ვიაჩესლავ მოლოტოვმა [სსრკ-ის მაღალჩინოსამა] მორიგ სიას მოაწერეს ხელი და საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის შეთავაზებულ სასჯელის ზომაზე სანქცია გასცეს. სიაში არაქელა ოქუაშვილის გასწრვრივ “პირველი კატეგორია” — დახვრეტა ეწერა. 1937 წლის 26 ივნისს სსრკ-ის უმაღლესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის გამსვლელმა სესიამ თბილისში 10-15 წუთში მოისმინა არაქელას საქმე ბრალდებულის თანდასწრებით, რომელსაც თავი მტკიცედ ეჭირა — არც ძიებისას და არც სხდომაზე არ უღიარებია “ანტისაბჭოთა აგიტაციაში მონაწილეობა”, მხოლოდ მკაფიოდ და ღიად დაადასტურა, რომ 1920-იან წლებში “ნაციონალ-უკლონისტი და “ტროცკისტი” იყო, თუმცა თავი დამნაშავედ არაფერში უცვნია. სესიამ მას სასჯელის უმაღლესი ზომა — დახვრეტა დაუდგინა, რომელიც დაუყოვნებლივ, 27 ივნისის დილის საათებში მოიყვანეს სისრულეში”.

არაქელა ოქუაშვილის წიგნად გამოცემული მოგონებები. ფოტო: ლუკა პერტაია/ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი