ახალი ამბები

როგორ ასრულებს საქართველო ასოცირების ხელშეკრულებას გარემოსდაცვით საკითხებში?

13 თებერვალი, 2019 • 2420
როგორ ასრულებს საქართველო ასოცირების ხელშეკრულებას გარემოსდაცვით საკითხებში?

“ფონდი ღია საზოგადოება – საქართველოს” მხარდაჭერით მომზადებული ანგარიშის მიხედვით, რომელიც საქართველო-ევროკავშირის 2017-2020 წლების ასოცირების დღის წესრიგის შესრულებას ეხება, გარემოს დაცვის მიმართულებით ნაკისრი ვალდებულებები ნაწილობრივ შესრულდა.

მანანა ქოჩლაძე,  “მწვანე ალტერნატივის” დამფუძნებელი, რომელიც ავტორია გარემოსდაცვითი კუთხით აღებულ ვალდებულებების შესრულების ნაწილის ანგარიშისა, მთავარ გამოწვევად  ევროკავშირთან შესაბამისობაში მყოფი კანონების აღსრულებას მიიჩნევს:

“სამინისტრო, სამწუხაროდ, არ იყენებს ყველა იმ შესაძლებლობას, რომელსაც ახალი, ევროკავშირთან შესაბამისობაში მყოფი კანონმდებლობა იძლევა. ერთი მხრივ, იმისთვის, რომ აღმოფხვრას არსებული გარემოსდაცვითი პრობლემები, მეორე მხრივ  კი, რათა მოსახლეობა რეალურად  ჩართოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

პროცესი, სამწუხაროდ, კვლავ დარჩა პოლიტიკური და უფრო დაქვემდებარებული იმას, რომ გადაწყვეტილების მიმღებს ჰგონია, ესა თუ ის პროექტი ეკონომიკურ მოგებას მოუტანს ქვეყანას მისი რეალური შეფასების გარეშე”.

მანანა ქოჩლაძის თქმით, აღსრულებასთან ერთად პრობლემურია რიგი მნიშვნელოვანი კანონპროექტების გადავადებაც, მათ შორის, ჰაერთან და წყალთან დაკავშირებით:

“წყლის კანონზე უკანასკნელი 7 წელია მიმდინარეობს მოლაპარაკებები მთავრობის შიგნით და ჯერ კიდევ არ არის განხილვის ეტაპამდე მიღწეული, მაშინ როდესაც წელს ის უკვე მიღბული უნდა იყოს თავისი ქვემდებარე აქტებით. ჩვენ ვხედავთ, რომ პრინციპის ეტაპზეც კი შეთანხმება არ არსებობს”.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობამ  შეასრულა დოკუმენტით დაკისრებული ვალდებულება, მიიღო მესამე გარემოსდაცვითი სამოქმედო პროგრამა 2017-2021 წლებისთვის და დაიწყო პარიზის კლიმატის შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესი.

რაც შეეხება რადიოაქტიული ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიის იმპლემენტაციას, ანგარიშში ნათქვამია, რომ ეს ვალდებულება საქართველომ ნაწილობრივ შეასრულა. კერძოდ, დამტკიცებულია ტექნიკური რეგულაციები და  ქვეყანას უკვე აქვს ინსტრუმენტები ამ ტიპის ნარჩენების დამუშავებისა და უსაფრთხოდ შენახვისთვის.

ანგარიშის თანახმად, სტრატეგიის შესაბამისად, შვედეთის მთავრობასთან თანამშრომლობით ჩატარდა ანასეულის ობიექტის რადიოლოგიური მონიტორინგი, მაგრამ მუშაობა ანასეულის ობიექტისთვის დეკონტამინაციის გეგმის მომზადებაზე განრიგს ჩამორჩება.

რაც შეეხება გამონაბოლქვის შესამცირებლად სტრატეგიის შემუშავებასა და მიღებას, ანგარიშში ნათქვამია, რომ დოკუმენტი მომზადდა, თუმცა მთავრობას ის ჯერ არ მიუღია.

მასალების გადაბეჭდვის წესი