ახალი ამბები

ბავშვების დასაცავად საქართველო ასოცირებით ნაკისრ ვალდებულებებს არ ასრულებს- ანგარიში

13 თებერვალი, 2019 • 2078
ბავშვების დასაცავად საქართველო ასოცირებით ნაკისრ ვალდებულებებს არ ასრულებს- ანგარიში

“ფონდი ღია საზოგადოება – საქართველოს” მხარდაჭერით მომზადებული ანგარიშის მიხედვით, რომელიც საქართველო-ევროკავშირის 2017-2020 წლების ასოცირების დღის წესრიგის შესრულებას ეხება, საქართველო ბავშვთა ძალადობისგან დასაცავად არსებული გამოწვევების მოგვარებაზე  სათანადოდ არ ზრუნავს.

ანგარიშის ის ნაწილი, რომელიც ბავშვთა დაცვას ეხება,  არასამთავრობო ორგანიზაციამ  “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” მოამზადა.

როგორც ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი ანა არგანაშვილი ამბობს,  ასოცირების დღის წესრიგში ბავშვთა უფლებების დაცვის მხრივ  ყურადღება ორი მიმართულებითაა გამახვილებული:

“ეს მიმართულებებია სახალხო დამცველისთვის ხელშეწყობა და ბავშვთა დაცვა ძალადობისგან.  ჩვენ როდესაც შევისწავლეთ ამ მიმართულებების შესრულება – ვნახეთ, რომ სახალხო დამცველს არათუ ხელი არ ეწყობა, შენობაც აღარ აქვს და ის ფინანსები, რაც უნდა ყოფილიყო ბავშვთა უფლებების დასაცავად გამოყენებული, ამის დახარჯვა ქირაზე უწევთ.

რაც შეეხება ბავშვთა დაცვას ძალადობისგან, აღმოვაჩინეთ, რომ მთავრობამ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების დღის წესრიგში შეიტანა იმ  ბრძანების დამტკიცება, რომელიც უკვე 2010 წელს იყო მიღებული.  ამ ბრძანების დადგენილების სახით მიღება როგორც ახალი ღონისძიება, ისე შეიტანეს  [ასოცირებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ანგარიშში] და, სამწუხაროდ, ჩვენ არ გვიკვირს, რატომ არის არაეფექტური ბავშვთა დაცვა ძალადობისგან”, – ამბობს არგანაშვილი.

მისი თქმით, ქვეყანაში არ ტარდება  ბავშვთა ძალადობისგან დაცვის არც პრევენციული და არც სარეაბილიტაციო ღონისძიები.

გარდა ზემოთქმულისა, ძალადობისგან ბავშვების დაცვის თვალსაზრისით ანგარიშში კიდევ რამდენიმე გამოწვევაა დასახელებული. მათ შორის:

[crosslist]

  • ბავშვთა ფიზიკური დასჯა არ არის კრიმინალიზებული და კვლავ არ ისჯება საქართველოში;
  • საქართველოს პარლამენტს არ გაუტარებია ზომები, რათა მოეხდინა ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზება „ლანზაროტის კონვენციასთან (ევროპის საბჭოს კონვენცია სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისაგან ბავშვთა დაცვის შესახებ) ბავშვების მიმართ სექსუალური ძალადობის პრევენციის და აღმოფხვრის თვალსაზრისით;
  • საქართველოს მთავრობას არ ჩამოუყალიბებია ბავშვების მიმართ ძალადობასთან ბრძოლის სამოქმედო გეგმა, არ შემოუღია რაიმე პრევენციული პროგრამები, მათ შორის: მშობელთა ტრენინგის, ბავშვებისთვის ცხოვრებისეული უნარ-ჩვევების განვითარების პროგრამები, უსაფრთხო ადგილები, რეაგირებისა და მხარდაჭერის სერვისები და ნორმებისა და ფასეულობების ცვლილებისკენ მიმართული კამპანიები, რომლებიც ბავშვთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის ყოვლისმომცველი პოლიტიკის არსებითი ელემენტებია.
  • საქართველოს მთავრობას არ გაუტარებია სათანადო ზომები, რომლებიც უზრუნველყოფდა მართლმსაჯულებაზე წვდომას ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისათვის. გარდა ამისა, ხელისუფლებას არ შემოუღია ბავშვების ინტერესებზე ორიენტირებული მართლმსაჯულების სისტემა, რომლის ფარგლებშიც შეიქმნებოდა ეფექტიანი რეაბილიტაციის სამსახურები ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისათვის;
  • საქართველოში არ არსებობს ბავშვთა უფლებებზე მომუშავე, მომზადებულ პროფესიონალთა კრიტიკული მასა;
  • სახელმწიფო ცხელი ხაზი ბავშვებისათვის არ მუშაობს ყოველდღე, 24 საათის განმავლობაში. მასზე დარეკვის შესაძლებლობა 18:00 საათის შემდეგ აღარაა შესაძლებელი. ეს ნიშნავს, რომ ბავშვებს და მათ მშობლებს, ან იურიდიულ წარმომადგენლებს არ მიუწვდებათ ხელი ცხელ ხაზზე, რათა სათანადო ორგანოებს აცნობონ ბავშვთა უფლებების დარღვევების და ბავშვებზე ძალადობის ფაქტების შესახებ საღამოს 6 საათის შემდეგ და შაბათ-კვირას.
  • სახელმწიფოს არ ჩაუტარებია შესაბამისი საინფორმაციო კამპანიები ბავშვთა უფლებებისა და ბავშვებზე ძალადობასთან ბრძოლის შესახებ.

[/crosslist]

მასალების გადაბეჭდვის წესი