ახალი ამბები

NGO-ები: ევროკავშირთან მართლმსაჯულების კუთხით ნაკისრი ვალდებულებები ნაწილობრივ სრულდება

13 თებერვალი, 2019 • 1655
NGO-ები: ევროკავშირთან მართლმსაჯულების კუთხით ნაკისრი ვალდებულებები ნაწილობრივ სრულდება

“ფონდი ღია საზოგადოება  – საქართველოს” მხარდაჭერით, NGO-ები საქართველო-ევროკავშირის 2017-2020 წლების ასოცირების დღის წესრიგის შესრულების ანგარიშს აქვეყნებენ.

ანგარიში ექვს ძირითად მიმართულებას მოიცავს, რომელთა შორის ერთ-ერთი ეხება მართლმსაჯულების სისტემაში ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.

ანგარიშის ეს ნაწილი “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” მოამზადა. როგორც საია-ს იურისტი ნონა ქურდოვანიძე განმარტავს, ამ მიმართულებით საქართველოში განხორციელებულ ცვლილებებს მეტწილად ტექნიკური ხასიათი ჰქონდა და იმ ძირეული ცვლილებების დანერგვა, რომელთა შესრულებაზე ვალდებულება საქართველომ ასოცირების ხელშეკრულებით აიღო, ამ დრომდე სრულად ვერ ხერხდება.

კერძოდ, ანგარიშში ყურადღებაა გამახვილებული სასამართლო სისტემასა და პროკურატურაში განსახორციელებელ რეფორმებზე.

ქურდოვანიძის თქმით, სასმართლო რეფორმის უმთავრეს გამოწვევად მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის წესი რჩება.

ანგარიშის ავტორების განცხადებით, მიუხედავად განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებისა,  მოსამართლეთა შერჩევა/დანიშვნის წესი კვლავ არ აკმაყოფილებს დამსახურების პრინციპით, ობიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებულ სტანდარტს. მათი თქმით, შერჩევა/დანიშვნის პროცესი არ არის დასაბუთებული და გამჭვირვალე. ასევე, არ განხორციელებულა ღონისძიებები სასამართლოების თავმჯდომარეთა შერჩევა/დანიშვნის პროცედურის და კრიტერიუმების დადგენის მიზნით.

კერძოდ, არ მომზადებულა საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის წესის შესახებ და საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები ჯერ ისევ არ რეგულირდება კანონით. საიაში მიიჩნევენ, რომ ეს ამცირებს საბჭოს ანგარიშვალდებულებას.

მეორე მიმართულება, სადაც საიამ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება შეისწავლა, სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის დანერგვის რეფორმაა. რეფორმა, რომლითაც სახელმწიფო ინსპეტორის სამსახურს ფუნქციონირება 2019 წლის პირველი ინვრიდან უნდა დაეწყო, გადავადდა:

“აპარატს უნდა შეესწავლა და გამოეძიებინა სამართალდამცავების მიერ ჩადენილი დანაშაულები, წამებისა და არასათანადო მოპყრობას შემთხვევები, თუმცა,  სამწუხაროდ, ეს რეფორმაც არ შესრულებულა.

ის მოდელი, რომელიც სახელმწიფომ აირჩია არ იძლეოდა იმის გარანტიებს, რომ ეს იქნებოდა აბსლუტურად დამოუკიდებელი და ნეიტრალური ინსტიტუტი, თუმცა, რაც გაითვალისწინა სახელმწიფომ, ესეც არ აღსრულებულა. დაგეგმილი იყო მისი შესვლა ძალაში  იანვრიდან, თუმცა დეკემბერში პარლამეტნმა 6 თვით გადაავადა. ეს არ იწვევს ძირეულ ცვლილებებს”, – ამბობს იურისტი.

რაც შეეხება პროკურატურას, ანგარიშის ავტორების თქმით, ამ მიმართულებით რეფორმა არ შესრულებულა. როგორც ქურდოვანიძე განმარტავს, “საქართველოს პროკურატურის შესახებ” ორგანული კანონი ფორმალურად შეესაბამება კონსტიტუციით გათვალისწინებულ  რეგულაციებს, თუმცა უწყების დამოუკიდებლობის და ნეიტრალურობის გარანტიებს კვლავ ვერ იძლევა:

“ახალმა კანონმა პროკურატურის შესახებ რეალობა ვერ შეცვალა და ის ვერ გახდა პოლიტიკურად ნეიტრალური და დამოუკიდებელი, რისი მოლოდინიც არსებობდა მათ შორის, დღის წესრიგით გათვლისწინებული ვალდებულებების ფარგლებში. რეფორმის არსი იყო, რომ სისტემა უნდა შექმნილიყო იმ ფორმით, რომ  პოლიტიკური ნეიტრალურობა შენარჩუნებულიყო. საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ მიღებულმა კანონმა ეს გარანტიები ვერ დაგვანახა,” – ამბობს იურისტი.

ამასთან, ანგარიშის ავტორები აცხადებენ, რომ  საპროკურრორო საბჭოს ფუნქციები მნშვნელოვნადაა შეზღუდული და გავლენის რისკები არსებობს.

ვრცლად ანგარიშს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი