ახალი ამბები

ჩემი პირადი აზრია, რომ ეს არ არის გრძელვადიანი რეგულაცია – კაკულია სესხების გართულებაზე

13 თებერვალი, 2019 • 1001
ჩემი პირადი აზრია, რომ ეს არ არის გრძელვადიანი რეგულაცია – კაკულია სესხების გართულებაზე

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია მიიჩნევს, რომ საბანკო რეგულაციები დიდხანს ვერ გაგრძელდება. მისი განმარტებით, ფიზიკურ პირებზე სესხის გაცემის წესები, რომლითაც კომერციულმა ბანკებმა სესხების გაცემა გაამკაცრეს, ქვეყანამ მუდმივად არ უნდა შეინარჩუნოს.

“ჩემი პირადი აზრია, რომ ეს არ არის გრძელვადიანი რეგულაცია, რომელიც სამუდამოდ უნდა შევინარჩუნოთ. განვითარების გარკვეულ ეტაპზე, ცნობიერების განვითარების პირობებში, ალბათ შესაძლებელი იქნება ამის შეცვლა,”- უთხრა “ტვ პირველის” გადაცემა “საქმის კურსს” კაკულიამ.

ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის შემზღუდავი რეგულაციები პირველი იანვრიდან ამოქმედდა. ეროვნული ბანკის თანახმად, ახალი დებულების მიზანია, ფინანსურმა ინსტიტუტმა გადახდისუნარიანობის შესწავლის გარეშე მომხმარებელს სასესხო ან სხვა ვალდებულება (მაგ. თავდებობა) არ დააკისროს.

დებულებით, რომელიც მთელ საფინანსო სექტორზე ვრცელდება, დგინდება, რამდენი უნდა იყოს ყოველთვიური სასესხო გადასახადი ხელფასის მიმართ. ბანკების ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ახალი საბანკო რეგულაცია, რომელიც ფიზიკური პირების დაკრედიტების წესს განსაზღვრავს, სესხების აღებას შეამცირებს.

ეროვნულმა ბანკმა საბანკო სესხებზე ახალი შეზღუდვები დაამტკიცა

მასალების გადაბეჭდვის წესი