ახალი ამბებისაზოგადოებასამართალიტექნოლოგიები

როგორ გაიტანეს დიდძალი ფული მოგების გარეშე კრისტალბეთის ანგარიშებიდან

13 თებერვალი, 2019 • 26438
როგორ გაიტანეს დიდძალი ფული მოგების გარეშე კრისტალბეთის ანგარიშებიდან

“კრისტალბეთის” არაერთმა მომხმარებელმა “განსაკუთრებით დიდი ოდენობის ფული” საბანკო ანგარიშზე ისე გადაირიცხა, რომ არ მოუგიათ.  მათმა დიდმა ნაწილმა შესაძლოა თანხის განაღდებაც მოასწრო საბანკო ანგარიშების დაყადაღებამდე. ნეტგაზეთისთვის თანხის ზუსტი ოდენობა უცნობია, თუმცა საუბარია დიდძალ ფულზე. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი  მუხლითაა დაწყებული.

რა ხდებოდა ახალი წლის დღეებში კრისტალბეთზე

როგორც წყარო გვიყვება, 3 იანვარს კრისტალბეთის ოფიციალურ ვებ-გვერდზე დაფიქსირდა ტექნიკური ხარვეზი, იგივე ბაგი. წყაროს ცნობით, აღნიშნული პრობლემა, როგორც ჩანს, მანამდეც არსებობდა, თუმცა მასობრივად სწორედ იანვრის დასაწყისში გავრცელდა ეს ინფორმაცია.

“ამ პრობლემის (ბაგი) გამო კრისტალბეთის მომხმარებლებს ერთ ჯერზე 5000 ლარის გატანა შეეძლოთ ისე, რომ რეალურად ეს თანხა არ ჰქონდათ ანგარიშზე. მომსახურე ბანკი ლიბერთი იყო. ამ ოდენობის თანხის გადატანა სხვა საბანკო ანგარიშებზე (ნეტგაზეთისთვის ცნობილია, რომ ერთ-ერთმა მომხმარებელმა თანხა თიბისის ანგარიშზე გადაიტანა) მათ ულიმიტოდ შეეძლოთ. დიდძალი ფული, სავარაუდოდ, კრისტალბეთის ასობით მომხმარებელმა გაიტანა თავის ანგარიშზე, ხოლო მათმა დიდმა ნაწილმა ამ ფულის განაღდებაც მოასწრო”, – ეს არის ინფორმაცია, რომელიც ნეტგაზეთმა წყაროსგან მიიღო.

ამავე ინფორმაციის თანახმად, 3 იანვარს, დღის ბოლოს, თიბისი ბანკმა მომხმარებელთა ანგარიშებიდან აღნიშნული თანხები უკან გამოითხოვა. შესაბამისად, ვისაც არ ჰქონდა ამ დროისთვის განაღდებული კრისტალბეთის ვებ-გვერდიდან გადარიცხული “უფასო ფული”, მათი ანგარიშები გამინუსდა.

მომდევნო დღეს, 4 იანვარს, თიბისი ბანკის მომხმარებლებს, ვინც აღნიშნული ოპერაცია შეასრულა, კრისტალბეთის ვებ-გვერდზე დაედოთ “უთანხო ყადაღა”. ეს ინფორმაცია მათ მოკლეტექსტური შეტყობინების სახით მიუვიდათ თიბისი ბანკისგან.

რას უყვება ნეტგაზეთს წყარო

TBC ბანკის შეტყობინებები კრისტალბეთის მომხმარებელს

ნეტგაზეთი კრისტალბეთის ერთ-ერთ მომხმარებელს ესაუბრა, რომელმაც  კონფედენციალურად საუბარი ისურვა. მან კრისტალბეთის პრობლემის შესახებ ინფორმაცია მეგობრისგან მიიღო, როგორც სხვა არაერთმა მოქალაქემ.

წყარო გვიყვება, რომ შესაბამისი ინსტრუქცია შეასრულა და საიტიდან თიბისი ბანკის ანგარიშზე 35 ათასი ლარი (თანხა უმნიშვნელოდ არის შეცვლილი რესპოდენტის თხოვნით) გადაირიცხა, თუმცა ამ თანხის მხოლოდ ნახევარი გაანაღდა.

ნეტგაზეთის რესპონდენტს, ისევე როგორც სხვა პირებს, რომლებმაც კრისტალბეთის ვებ-გვერდზე წარმოქმნილი ხარვეზის შედეგად ათიათასობით ლარი გადაირიცხეს მოგების გარეშე, მეორე დღეს ანგარიში დაუყადაღდა.

როგორც ნეტგაზეთს კრისტალბეთის მომხმარებელი უყვება, განაღდებული თანხა თავისი ნებით  მიიტანა თიბისი ბანკში და გამომძიებელსაც აცნობა ამის შესახებ. მან თიბისი ბანკს ყადაღის მოხსნა სთხოვა, თუმცა ჯერ ეს არ მომხდარა.

საქმეს ფინანსური პოლიცია იძიებს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ წარმოებაშია სისხლის სამართლის საქმე კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, და დიდი ოდენობით სხვისი მოძრავი ნივთის ფარულად დაუფლების ფაქტზე.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

როგორც საგამოძიებო სამსახურში გვითხრეს, საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, ხოლო დამატებით დეტალებზე ამ ეტაპზე ვერ ისაუბრებენ.

შესაბამისად, ამ დროისთვის არ გვაქვს კითხვებზე პასუხები, თუ რამდენი ლარი გადაირიცხეს კრისტალბეთის  ვებგვრდიდან, საერთო ჯამში; რამდენი გაანაღდეს ამ თანხიდან; რამდენი დააბრუნეს/არ დააბრუნეს უკან.

რას (ვერ) ამბობენ კრისტალბეთსა და თიბისი ბანკში

ნეტგაზეთი კრისტალბეთის ვებ-გვერდზე წარმოქმნილ პრობლემასთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაღებად ტოტალიზატორს დაუკავშირდა, სადაც მათი იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელს გაგვასაუბრეს.

ტოტალიზატორში დაგვიდასტურეს, რომ საიტზე გარკვეული ტიპის ინციდენტს ადგილი ჰქონდა, თუმცა კონკრეტული ციფრები არ გვითხრეს. კრისტალბეთის იურისტი განმარტავს, რომ გამოძიებასთან გაუთქმელობის პირობაზე აქვთ ხელი მოწერილი და საქმის დეტალებზე ფინანსური პოლიციისგან დამოუკიდებლად ვერ ისაუბრებენ.

თიბისი ბანკში კი ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ მომხმარებლების ანგარიშები ნამდვილად დაყადაღებულია გამოძიების მოთხოვნით და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუმცა დეტალებზე ისინიც ვერ ისაუბრებენ.

როგორც თიბისი ბანკში განგვიცხადეს, მათი თანხის განაღდება არ ხდებოდა, რადგან ამ შემთხვევაში მომსახურე ბანკი თიბისი არ იყო.

რას ამბობს ლიბერთი ბანკი

ნეტგაზეთის წყაროს ინფორმაციით, მომხმარებლები ტრანზაქციებს ლიბერთი ბანკის მეშვეობით ახორციელებდნენ, რადგან ეს იყო მომსახურე ბანკი. შესაბამისად, მომხდარის შედეგად არ არის გამორიცხული, ფინანსურად სწორედ ლიბერთი ბანკი იყოს დაზარალებული. ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, ნეტგაზეთი ლიბერთის დაუკავშირდა.

3 იანვარს მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, არმენ მეტევოსიანმა თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. ეს სწორედ ის დღეა, როდესაც საიტზე ტექნიკური ხარვეზი და ზემოხსენებული ფინანსური ტრანზაქციები დაფიქსირდა.

ნეტგაზეთმა ლიბერთი ბანკს წერილობით მიმართა კითხვით, უკავშირდება თუ არა მეტოვოსიანის თანამდებობიდან გადადგომა კრისტალბეთის საქმეს.

ლიბერთი ბანკს, ასევე, ვკითხეთ, თუ რა მასშტაბის ზარალი ნახეს – რა ოდენობის თანხაა მათი ბანკიდან გადარიცხული სხვადასხვა ანგარიშებზე, რამდენია განაღდებული და რამდენი დაბრუნებული.

ბანკში გვითხრეს, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე კითხვებს ვერ უპასუხებენ. ლიბერთიში მხოლოდ იმას ამბობენ, რომ გენერალური დირექტორის მოადგილის წასვლა აღნიშნულ საკითხს არ უკავშირდება და არმენ მეტევოსიანი სამუშაოდ სხვა კომპანიაში გადავიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი