თემურ აბაზოვი: ვფიქრობდი და დღეს საბოლოოდ გადავწყვიტე თანამდებობის დატოვება

თემურ აბაზოვმა, რომელსაც ჯგუფურად ჩადენილ არაადამიანურ მოპყრობასა და პირადი ინფორმაციის ხელყოფაში ადანაშაულებენ, მარნეულის საკრებულოს მერის უფლებამოსილების შეწყვეტის თხოვნით მიმართა.

თემურ აბაზოვს, რომელსაც უფლებამოსილება ამ დრომდე შეჩერებული აქვს, ვკითხეთ, რატომ მიიღო მაინცდამაინც დღეს თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება, რაზეც მარნეულის ჯერ კიდევ მოქმედმა მერმა გვიპასუხა:

ვფიქრობდი და საბოლოო გადაწყვეტილება დღეს მივიღე. მე არ ვყოფილვარ საკრებულოში, მაგრამ ჩემი ადვოკატები იყვნენ და ჩააბარეს თხოვნა.”

აბაზოვი ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება საკუთარი სურვილით მიიღო. მისი თქმით, დაკავების შემდეგ არ ყოფილა მერიასა და საკრებულოში, რადგან უფლებამოსილება შეჩერებული ჰქონდა.

ინფორმაცია თავდაპირველად რადიო მარნეულმა გაავრცელა.

თემურ აბაზოვის საქმე:

აბაზოვს პროკურატურამ თავდაპირველად მხოლოდ ჯგუფურად განხორციელებულ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობაში დასდო ბრალი, რაც 5-დან 10 წლამდე პატიმრობას გულისხმობდა. სექტემბერში აბაზოვს ბრალი დაუმძიმდა — იგი პერსონალური მონაცემებისა და პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ხელყოფაშიც დაადანაშაულეს.

რადიო მარნეულმა  და სტუდია მონიტორმა 12 ივნისს გაავრცელეს ცნობა, რომ მარნეულში ბიძინა ივანიშვილისა და მარნეულის მერის, თემურ აბაზოვის შეგინების შემდეგ მოქალაქეს ბოდიში მოახდევინეს და სახის საკუთარი შარდით დაბანა აიძულეს.

მათ თანახმად, მარნეულელმა კაცმა თბილისში, ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე ივანიშვილსა და აბაზოვს შეაგინა, ეს კადრები ფეისბუკზე მესამე პირმა ატვირთა, მოგვიანებით კი სხვადასხვა ფეისბუკ ჯგუფში გავრცელდა ვიდეოები, სადაც ჩანს, თუ როგორ იხდის ბოდიშს აღნიშნული გინების გამო. გავრცელებულ ვიდეოში ასევე ჩანს, თითქოს მას შარდით აიძულებენ სახის დაბანას და აზერბაიჯანულად ეუბნებიან – “შენ ღირსება არ გაქვს”.

როგორც სათემო რადიო წერს, დამამცირებელი ვიდეოს გადაღებას ესწრებოდა მარნეულის მერი თემურ აბაზოვიც. თუმცა თავად აბაზოვმა უარყო ცნობები და განაცხადა, რომ შემთხვევის შესახებ არაფერი იცოდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.