ახალი ამბები

მაია სიდამონიძემ ილიას უნივერსიტეტი დატოვა

12 თებერვალი, 2019 • 1950
მაია სიდამონიძემ ილიას უნივერსიტეტი დატოვა

ბიზნესის სკოლის ტურიზმის  ცენტრის ხელმძღვანელმა მაია სიდამონიძემ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დატოვა. ნეტგაზეთს უნივერსიტეტში განუცხადეს, რომ სიდამონიძე პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა.

ტურიზმის ცენტრის უკვე ყოფილი ხელმძღვანელი ილიას უნივერსიტეტის დატოვების მიზეზად რესტრუქტურიზაციას ასახელებს, რის საფუძველზეც ბიზნესის სკოლა ახალი ფაკულტეტის ნაწილი გახდა.

“დღეს ხარისხიანი განათლება ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა ქვეყანაში. სწორედ ამ მიზეზით, ერთი წლის წინ შევუერთდი გიორგი ქადაგიძის გუნდს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. მე სრულიად ვიზიარებდი მის გეგმებსა და ხედვას, რაც ჩემთვის დიდი მოტივაცია და იმედი იყო, რომ ჩვენ ერთად შევცვლიდით ბევრ რამეს უკეთესობისკენ, მიუხედავად იმისა რომ კარგად ვაცნობიერებდი მოსალოდნელ ბიუროკრატიულ დაბრკოლებებს,”-წერს სიდამონიძე.

მისივე თქმით, ბიზნესის სკოლის ყოფილ დეკანთან, გიორგი ქადაგიძესთან ერთად, ერთი წლის განმავლობაში ტურიზმის ბაკალავრისა და მაგისტრატურის პროგრამები განახლდა, ამასთან, მიიწვიეს ახალი პრაქტიკოსი ლექტორები.

“მომავალი გეგმები უფრო დიდი იყო, მაგრამ მე ამ ყველაფრის ნაწილი ვეღარ ვიქნები, რადგან გადავწყვიტე დავტოვო ტურიზმის ცენტრის ხელმძღვანელის პოზიცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. მე კატეგორიულად არ ვეთანხმები იმ სტრუქტურული ცვლილების შინარსსა და ფორმას, რაც ჩვენს ფაკულტეტზე განხორციელდა. ეს ყველაფერი პირველ რიგში მეტყველებს ამ სფეროში უფრო სიღრმისეულ პრობლემებზე, ვიდრე წარმომედგინა, სადაც ჩვენი მომავალი თაობის ინტერესი და კეთილდღეობა ზიანდება,”-აცხადებს მაია სიდამონიძე.

მაია სიდამონიძე 2010-2013 წლებში საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა. ის ფლობს UWIC – University of Wales Institute-ის (კარდიფი, დიდი ბრიტანეთი) მაგისტრის ხარისხს მარკეტინგში და London School of Commerce-ის (ლონდონი, დიდი ბრიტანეთი) მაგისტრის ხარისხს ბიზნესის ადმინისტრირებაში.

4 თებერვალს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა გიორგი პაპავა ბიზნესის სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის თანამდებობიდან გაათავისუფლა. 10 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რეორგანიზაციის პროცესის გამო უნივერსიტეტი ბიზნესის სკოლის ასოცირებულმა პროფესორმა გიორგი ისაკაძემ დატოვა.


31 იანვარს გიორგი ქადაგიძემ განაცხადა, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანის თანსამდებობიდან გაათავისუფლეს. ქადაგიძის ინფორმაციით, უნივერსიტეტის ადმინისტრაციას ცვლილებების შიში და ძირეული სიახლეების მიუღებლობა აქვს, სწორედ ამის გამო მოხდა მისი გათავისუფლება.

ქადაგიძეს Facebook-ითვე უპასუხა უნივერსიტეტის რექტორმა, გიგა ზედანიამ. მისი თქმით, უნივერსიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, დაეფუძნებინა მენეჯმენტის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი, სადაც იფუნქციონირებს ბიზნესის სკოლა, განათლების სკოლა და სხვა პროგრამები. როგორც ზედანია წერს, პროფესორები რჩებიან, პროგრამები რჩება და იზრდება სინერგია დისციპლინებს შორის.

მიმდინარე დღეებში ქადაგიძესთან დაკავშირებით უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ ორი განცხადება გაავრცელა. პირველ განცხადებაში საბჭო აღნიშნავდა, რომ ქადაგიძის პოზიცია, რომელმაც “ცვლილებები დაუკავშირა საკუთარ პიროვნებას”, მოულოდნელი და გაუგებარია.

4 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში კი საბჭო აღნიშნავს, რომ გასული წლის დეკემბერში გიორგი ქადაგიძემ ადმინისტრაციული ხელმძღვანელის გადაყენების ულტიმატუმით მიმართა. საბჭოს თანახმად, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გადაყენება ქაგადიძემ მოითხოვა იმ პრობლემათა გამო, რომელთა მოგვარებაც მის კომპეტენციას სცილდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი