არასრულწლოვნებზე სექსუალური მოძალადეების ბაზა შეიქმნება – კანონპროექტი

შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ლონდა თოლორაიას თქმით, უწყება არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილი დანაშაულის, მათ შორის სექსუალური ძალადობის, აღმოფხვრის მიზნით მთავრობას ახალ ცვლილებებს შესთავაზებს. კანონპროექტი, სხვა ღონისძიებებთან ერთად, არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური ძალადობის ჩამდენ პირთა სპეციალური ბაზის შექმნას ითვალისწინებს შსს-ში.

თოლორაიამ დღეს, 12 თებერვალს, გამართულ ბფირიგნზე განმარტა, რომ 2018 წელს შსს-მ არასრულწლოვანთა მიმართ განხორციელებულ სექსუალური ხასიათის ძალადობაში  116 პირი ამხილა, რომელთა უმეტესი ნაწილი (86 პირი) მხილებულია 16 წლის ასაკს მიუღწეველ პირებთან ნებაყოფლობითი სექსუალური ხასიათის კავშირში.

“აღსანიშნავია, რომ 2018 წელს, წინა წელთან შედარებით, ამ კატეგორიის დანაშაულზე არასრულწლოვანთა და მათი მშობლების მხრიდან მომართვიანობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაზრდილია, რაც ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე მიუთითებს.

ზემოაღნიშნულის გარდა, სამინისტრომ შეიმუშავა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც სექსუალური ძალადობის ჩამდენ პირთა მიმართ სასჯელის გამკაცრებას, მათთვის მთელი რიგი უფლებების (მათ შორის სასწავლო, საგანმანათლებლო დაწესებულებებში მუშაობის უფლების) ჩამორთმევასა და შინაგან საქმეთა სამინისტროში სექსუალური ძალადობისთვის მსჯავრდებულ პირთა ბაზის შექმნას ითვალისწინებს. დანაშაულის ეფექტიანი პრევენციის მიზნით, კანონპროექტი სხვადასხვა სახელმწიფო უწყებას, მათი კომპეტენციის ფარგლებში, სექსუალური ძალადობის ჩამდენ პირთა მონიტორინგის ვალდებულებას აკისრებს,” – ამბობს ლონდა თოლორაია.

მისი თქმით, კანონპროექტი საქართველოს მთავრობას უკვე წარედგინა და მას უახლოეს მთავრობის სხდომაზე განიხილავენ. ამასთანავე, თოლორაიას თქმით, ძალადობის მსხვერპლი ბავშვების განმეორებითი ვიქტიმიზაციის თავიდან აცილების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის ინსტიტუტი.

შსს-ს ინფორმაციით, კოორდინატორები პრიორიტეტულად იმუშავებენ ძალადობის მსხვერპლ არასრულწლოვნებსა და მათ მშობლებთან, გაუწევენ მათ პირველად ფსიქოლოგიურ დახმარებას, შესთავაზებენ საჭირო სერვისებს და უზრუნველყოფენ მათ მხარდაჭერას გამოძიების მიმდინარეობისას.

“ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტში გამოიყო სპეციალიზებულ გამომძიებელთა ჯგუფი, რომელიც მხოლოდ ამგვარი კატეგორიის დანაშაულებს გამოიძიებს. გამომძიებლები გადამზადებული არიან ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვნების გამოკითხვის მეთოდოლოგიის საკითხებზე.

მივმართავთ საზოგადოებას, არასრულწლოვან მსხვერპლებს, მათ მშობლებს და ყველა იმ პირს, რომლთათვისაც ცნობილი გახდება არასრულწლოვანთა მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ, დაუყოვნებლივ აცნობონ პოლიციას, რათა მოხდეს დანაშაულზე დროული რეაგირება და თავიდან იქნეს აცილებული მოძალადეთა მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე,” – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან