ახალი ამბები

“ქალთა საბჭოს საქმიანობის ტრადიცია საქართველოში“ არამატერიალური კულტურული ძეგლი გახდა

12 თებერვალი, 2019 • 1711
“ქალთა საბჭოს საქმიანობის ტრადიცია საქართველოში“ არამატერიალური კულტურული ძეგლი გახდა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, „ქალთა საბჭოს საქმიანობის ტრადიციას საქართველოში“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. უწყების ინფორმაციით, გადაწყვეტილება სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლოზ ანთიძემ 8 თებერვალს მიიღო.

სააგენტოს ცნობით, სტატუსის მინიჭების ინიციატორები იყვნენ აკადემიკოსი ნანა ხაზარაძე და ქალთა საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი ქეთევან გაბრუაშვილი.

“საქართველოში ქალთა საბჭოს საქმიანობის ისტორია 1921 წელს იღებს სათავეს და ლიდა გასვიანის, ვარო ჯაფარიძის, მარიამ ორახელაშვილის და სხვა, იმ დროისთვის ცნობილი საზოგადო მოღვაწე ქალბატონების სახელს უკავშირდება.

სხვადასხვა დროს ორგანიზაცია იბრძოდა ქალთა შრომის უფლებების დაცვის, ბავშვებისა და მოზარდების განათლების, სახელმწიფოს მმართველობაში ქალთა ჩართულობის უზრუნველსაყოფად, ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ, პატიმარი ქალების რესოციალიზაციასა თუ დედათა და ბავშვთა უფლებების დაცვისთვის,” – წერს სააგენტო.

მათივე თქმით, საქართველოს ქალთა საბჭო 1995 წლიდან არის დამოუკიდებელი საზოგადოებრივი, სახალხო ორგანიზაცია. სააგენტოს ცნობით, საბჭოს 2014 წლიდან საქართველოს ფარგლებს გარეთ 10 ქვეყანაში ჰყავს წარმომადგენლობები.

“საბჭო მემორანდუმის საფუძველზე თანამშრომლობს 16 სხვადასხვა ეროვნების კომიტეტთან. დღეისათვის ორგანიზაციაში 3 000-ზე მეტი ქალია გაერთიანებული”.

მასალების გადაბეჭდვის წესი